ბოლო დროს მაია ასათიანის ცხოვრებაში ბევრი სასიამოვნო სიახლეა. მას საკუთარი საქმე წამოიწყო, რაც კოსმეტიკური ხაზის წარმოებას გულისხმობს და ახლა მისი ცხოვრების მთავარი საქმე სწორედ ესაა. ამჯერად მაია ასათიანი გამომწერების კითხვებს პასუხობს და საუბრობს იმის შესახებ, რომ ასაკს არასდროს მალავს:
“მე არასდროს ვმალავ ასაკს, პირიქით, ძალიან მეამაყება, რომ ამდენი რამის გადატანის შემდეგ ფეხზე მყარად ვდგავარ და არც თუ ისე ცუდად გამოვიყურები. 48 წლის ვარ და ვაპირებ, რომ 68 წლის რომ ვიქნები, მაშინაც კარგად გამოვიყურებოდე. ჩემს თავს ლამაზ ქალად არ ვთვლი. არიან ადამიანები, რომლებმაც გენეტიკური ჯეკპოტი მოიგეს. უკმაყოფილო ჩემი გენეტიკით მეც არ ვარ, პატარ-პატარა დახმარებებით ასაკი მომიხდა”.
მაია ასათიანს შვილის გარდაცვალებისა და საავტორო გადაცემის დახურვის შემდეგ ცხოვრებაში რთული პერიოდების გავლა მოუწია. მიუხედავად ამისა, მან შეძლო, რომ ცხოვრება თავიდან დაეწყო და ბევრი ქალისთვის მოტივაციად იქცა.
“ძალიან გულახდილი რომ ვიყო, იმდენად ხშირად მეუბნებიან, რა ძლიერი ხარო, აღარ მომწონს. მე სხვა გზა არ მქონდა, რომ გადავრჩენილიყავი, უნდა ვყოფილიყავი ძლიერი. ეს არ ეხება მხოლოდ ჩემი შვილის სიკვდილს, ძალიან განვიცადე ტელევიზიის დაკარგვა, შვილივით იყო ჩემთვის. ჩემმა მეგობარმა მითხრა, იმისთვის, რომ თავიდან დაიბადო, ჯერ უნდა მოკვდეო, ეს პროცესი გავიარე. როცა სხვა გზა არ გაქვს, უნდა გაანულო ყველაფერი და ცხოვრება თავიდან დაიწყო”.
მაია ასათიანმა პირადი ცხოვრების შესახებაც ისაუბრა და თქვა, რომ მეუღლესთან დაშორება მისთვის ხნა იყო.
“დაშორების გამოცდილება, რა თქმა უნდა, მქონია. მეუღლესთან დაშორება ძალიან მარტივად გადავიტანე, იმიტომ, რომ, რეალურად, ეს იყო ხსნა. ჩემს დიდ სიყვარულთან დაშორება რთულად გადავიტანე და რაღაც პერიოდი დამჭირდა, სანამ ახალ ურთიერთობას დავიწყებდი. ყველა ასეთი ისტორია უფრო ძლიერს მხდის”.