მუსიკოსი ლადო ბურდული სიყვარულის გამო საცხოვრებლად ამერიკაში გადავიდა. მან 20 წლიანი ოჯახი დაანგრია და ახლა შტატებში ყველაფერს ნოლიდან იწყებს. ვინ არის მისი რჩეული და რა გეგმები აქვს ლადო ბურდულს ამერიკაში ამის შესახებ ექსკლუზიურად «პრაიმ ტაიმს» ესაუბრა.
– ლადო, რატომ მიიღეთ ამერიკაში გადასვლის გადაწყვეტილება?
– სიყვარულკმა მიიღო ეს გადაწყვეტილება. 90-იან წლებში გავიცანი ჩემი ახლანდელი მეუღლე დაიანა ბაგნელი. იქედან მოყოლებული გვქონდა კავშირები, მთელი ცხოვრების მანძილზე ჩემი მუზა იყო. დიდხნიანი პაუზა გვქონდა, შემდეგ ურთიერთობა აღდგა, მივხვდი რომ დარჩენილი ცხოვრება მინდა ისე გავატარო როგორც მე ვთვლი სწორად და წამოვედი ამერიკაში. რაღაც პერიოდი იყო როცა ესეც გათხოვილი იყო, მეც მეუღლე მყავდა. დრო რომ გავიდა, ყველაფერი დალაგდა, მეც მივხვდი რა მინდა ცხოვრებაში და რა არ მინდა, რაც ამ გზაზეა ეს უფრო საინტერესოა ჩემთვის. ძალიან მიყვარს ჩემი სამივე ქალიშვილი და ოჯახი, მაგრამ ჩემი დარჩენილი ცხოვრება მინდა ისე გავატარო როგორც მე მინდა.
– უცებ მიიღეთ ოჯახის დანგრევის გადაწყვეტილება?
– ძალიან მძიმე იყო ყველაფერი და აწყობილი ოჯახის დანგრევა. მე და ჩემმა ყოფილმა მეუღლემ ბევრი რამ შევქმენით ერთად. დგება საკითხი, როცა შემოქმედმა და ადამიანმა ამაზე უარი უნდა თქვას, სხვაგან უნდა გადაერთოს – შემოქმედება ჩემთვის ყველაფერია.
– სად გაიცანი ახლანდელი მეუღლე?
– 1996 წელს ჩემს მეგობარ ქეთი ხელაძესთან გავიცანი. USAID-ის პროგრამით იყო ჩამოსული საქართველოში. ტრენინგებს უტარებდა ქართველებს. მას შემდეგ ორჯერ ჩამოვიდა თბილისში, შემდეგ ისე აღმოჩნდა, რომ მეც ჩემი ისტორიები მქონდა და ისიც გათხოვდა. 2022 წელს როცა მამაჩემი გარდაიცვალა აღვადგინეთ ურთიერთობები, 3-4 წელი ასე ვიყავით, მაგრამ მივხვდი ორად ვერ გავიყოფოდი. სურათი დავულაიქე, თვითონ კი დამირეკა და იქედან დაიწყო ყველაფერი. დაიანა ახლა გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში მუშაობს მაღალ თანამდებობაზე და ერთობლივი პროექტების განხორციელებაც გვინდა.
– აშკარად უბედნიერესი ადამიანი ხარ ახლა…
– წარბები სულ შებოჭილი მქონდა, ვფიქრობდი ამის გასწორება როგორ შეიძლება-თქო და თურმე ცხოვრებამ უნდა გაასწოროს შუბლის ნაოიჭები. რაც აქ ვარ წარბები აღარ მომიღუშია.
– თქვენი ყოფილი მეუღლე ქეთი, როგორ შეხვდა ამ გადაწყვეტილებას, სკანდალურად დაშორდით?
– ჩემი მეუღლე და შვილები გაგებით მოეკიდა ყველაფერს. მე ვუთხარი ყველაფერი და თვითონაც მითხრა გავშორდეთო. ჩემი სამი ქალიშვილი არის ჩემთვის მთავარი ადამიანები და ყველაფერი მათთვის მინდა. მე და ქეთი 20 წელი ვიყავით ქორწინებაში. ჩემი უმცროსი გოგონები გერმანულ სკოლაში სწავლობენ, მყავს უფროსი ქალიშვილი თეჯი, შვილიშვილებიც და ყველაფერს გავაკეთებ მათი კარგად ყოფნისთვის. სანამ ამერიკაში წამოვიდოდი, უამრავი რაღაც მქონდა დასამთავრებელი საქართველოში, ჩემი ოჯახი რომ შეფუთული დამეტოვებინა და დამშვიდებული ვყოფილიყავი. აქამდე რაც შევქმენი ყველაფერი მათია, მე ჩემი გიტარით და ტყავის კურტკით წამოვედი ნიუ-იორკში. დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ჩემს ყოფილ მეუღლეს ქეთის გაგებისთვის. ერთი თვე ძალიან დეპრესიაში ვიყავი. მძიმე იყო ყველაფერი. ამდენხნიანი ოჯახის დაშლა მარტივი არ არის, როცა ამდენი რამე გაქვს ჩადებული. მე რომ ჩემი შვილების ასაკში ვიყავი და მამაჩემს იგივე გაეკეთებინა, ძალიან მეტკინებოდა გული. მივხვდი ერთი ცხოვრება მაქვს და არ შემიძლია კომპრომისებზე წავიდე. მივხვდი ეს იყო სწორი და ეს გავაკეთე.
– შემოქმედებითად რა გეგმები გაქვს ამერიკაში?
– აქ ძალიან მაგარ ადამიანებთან მაქვს ურთიერთობა, ია მანიჟაშვილმა და მისმა მეუღლემ დავიმ «მულენ რუჟში» დაგვპატიჟეს. ქართველ რეჟისორებს მინდა ვკითხო, აქ ნამყოფები არიან? დედამიწაზე ამ ზღაპრის ცოცხლად მოწყობა თუ შესაძლებელი იყო არ მჯეროდა. ყველა რეჟისორს ვურჩევ აქ ჩამოვიდეს და ეს წარმოდგენები ნახოს. დავის აქვს თავისი საპროდიუსერო კომპანია და ერთობლივი პროექტის განხორციელებას ვგეგმავთ. მგონია რომ მთელი ცხოვრება ვიცნობ ამ ხალხს. ეს არის როკენროლი, სადაც სიყალბე და თამაში არ გჭირდება. ამ კვირაში, ჩემი მეუღლის დაქალების გასაცნობად მივდივარ, ფერმაში იქნება წვეულება და ჩემთან ერთად მოდის დავიც და იაც. კონცერტი უნდა გავმართოთ. მე და ია ერთობლივ ვიდეოს გადავიღებთ. ვგეგმავთ დისკის გამოშვებასაც.