ბოტანიკოსსა და ცნობილ მებაღეს, ზურაბ შევარდნაძეს ბრალი ტყუილში დასდეს.
საქმე შევარდნაძის მიერ საკუთარ ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტს ეხება, რომელშიც ავტორი პოეტ ანა კალანდაძესთან შეხვედრის ამბავს იხსენებს.
„ანა კალანდაძეს სამჯერ შევხვდი. ერთხელ შემთხვევით უნივერსიტეტის პირველ კორპუსში, მეორედ არა შემთხვევით, დაგეგმილად და მესამედ ისევ უნივერსიტეტში, სალაროსთან ხელფასის რიგში, როცა მე ჩემი ნახევარშტატიანი ლაბორანტის ხელფასის, 73 ლარის ასაღებად ვიდექი.
რა თქმა უნდა ყველანი, უფროსიან უმცროსიანად გვერდზე გავდექით და რიგი დავუთმეთ. მიიღო ჯამაგირი, გამობრუნდა და მშვიდად მითხრა: გამომყევით ყმაწვილო.
ავედევნე დაბნეული. იქვე რომელიღაც ოთახში შემიძღვა, მგონი ბიბლიოთეკა იყო, სკამი შემომთავაზა. ჩემს სოფელზე, ბებიაზე მკითხა. აქ სად ვცხოვრობდი, ვისთან ერთად და ამდაგვარი ამბებით დაინტერესდა. ფრთხილად, მორიდებულად ვპასუხობდი. დროდადრო იღიმებოდა და ახალ ახალ შეკითხვებს მისვამდა. ვერ ვხვდებოდი რატომ იღიმებოდა. ბოლოს მითხრა: ეს თხოვნა არაა, არც რჩევა, დავალებაა.. გავისუსე…
” ზურაბ, ყოველთვის ისაუბრეთ გამართული, გრამატიკული ქართულით, შეეცადეთ ამას, მაგრამ არასდროს არ დაივიწყოთ დიალექტი. დიალექტი შვენის ადამიანს, განსაკუთრებით მას ვინც კარგად იცის დედა ენა. არ დაუჯეროთ არავის ვინც გიწუნებთ კილოს, ვინც ამას გეტყვით მან არაფერი იცის არც ენის, არც სამშობლოსი, არც სიყვარულის გაეგება რამე. იმეტყველეთ გრამატიკული ქართულით და ნურასდროს მოერიდებით გამოიყენოთ დიალექტური ფორმები.”
ისე მკაცრად მეუბნებოდა ამ სიტყვებს თითქოს მტუქსავდა, მეჩხუბებოდა. ვისი სიტყვებია არ მახსოვს მაშინ მითხრა და დამამახსოვრდა: “დიალექტი დედა მდინარეში ჩამდინარე ნაკადულია…” დღეისთვის საკმარისიაო მითხრა და ადგა, მეც ავდექი.
გაიგეთ ყმაწვილო რა გელაპარაკეთ? გავიგე აბა არ გავიგე?- ვუპასუხე განსაკუთრებით გურული ინტონაციით. რაფერ არ გავიგე? გაეღიმა, სხარტები ხართ ეს გურულები, სხარტებიო, მხარზე ხელი მომისვა და გამომიშვა. გუშინდელივით მახსოვს ეს დღე. რა ეცვა, მე რა მეცვა ისიც მახსოვს… არცერთი სიტყვა არ დამვიწყებია მისი ნათქვამიდან,” – იხსენებს ზურაბ შევარდნაძე.
შევარდნაძის ამ მოგონებას, ლიტერატორი იოსებ ჭუმბურიძე გამოეხმაურა.
„ზოგი მოგონებებს წერს, ზოგიც – გამოგონებებს.
მაგალითად, შეუძლებელია, ანას ვინმესთვის ეთქვა:
„გამომყევით, ყმაწვილო!” მიმართვის ამგვარი ფორმა მისი ბუნებისთვის სრულიად უცხო და შეუსაბამოა,” – დაწერა ჭუმბურიძემ…