“ჩვენ ყველაზე არარომანტიკული, მაგრამ ტემპერამენტიანი წყვილი ვართ” – პირველად ნიკო და ევა ერთმანეთზე

ნიკო ბერიძეს ფართე საზოგადოება სატელევიზიო მუსიკალური პროექტებიდან იცნობს. შემდეგ ის ბათუმის ხელოვნების და მუსიკის ცენტრის სცენაზე გაცოცხლებულ ლეგენდარულ მიუზიკლში – კოტეს როლში ვიხილეთ, რომელიც პარტნიორობას სოფო ნიჟარაძის ქეთოს უწევდა.

ევა შანავას კი მუსიკალური საზოგადოება იცნობს. პროექტმა “აკუსტიკამ” ევას ორი სიმღერა შესთავაზა მსმენელსა თუ მაყურებელს. მან ამ პროექტისთვის სალიოს და ნიკო ბერიძის სიმღერები შეასრულა. (ნიკოს სიმღერას მოისმენთ ამ ბმულზე გადასვლით)

ევა თავადაც ავტორია, წერს მუსიკას, ტექსტს, ჰყავს ბენდი… წარმოშობით სოხუმელი მუსიკოსი ამჯერად ბათუმში ცხოვრობს.

რამდენიმე წელია ნიკო და ევა წყვილნი არიან. ფეისბუქზე თუ მათ ერთობლივ ნამღერ რომელიმე ქავერს გადააწყდებით, გულგრილად ვერ “ჩასქროლავთ”. თავს აუცილებლად მოგასმენინებენ. წყვილისგან ძლიერი მუხტი მოდის. ასეა მაშინაც, როდესაც ცალკ-ცალკე მღერიან. თუმცა ერთად სიმღერისას, კიდევ უფრო ძლიერდება ის ცეცხლი, რასაც ორივე მათგანი შიგნით ატარებს. ეს შემოქმედისა და ხელოვანის გიზგიზია…

წყვილის ერთობლივ ბალანსზე ოთხი კოლაბორაცია ირიცხება. დამეთანხმებით, როდესაც ქიმიურად, ფიზიკურად თუ სულიერად შემდგარი წყვილი პროდუქტს ერთად ქმნის, ის უკვე გამორჩეულია. არ იფიქროთ, რომ დუეტში სიმღერას აპირებენ. ამას თავიანთი ჭიის გასახარებლად აკეთებენ. თუ რამხელა იქნება ეს ჭია, ჯერ არც ერთმა მათგანმ არ იცის…

ერთმანეთის გაცნობის, სიყვარულის და თანამშრომლობის ისტორიას ვებპორტალ “ზმნას“ მკითხველი პირველად შეიტყობს.

ნიკო ბერიძე: ერთ ჩემს მეგობართან ხშირად დავდიოდი, რომელიც ყოველ მისვლაზე რთავდა ევას სიმღერას, რომელიც მან „აკუსტიკაში“ იმღერა. სულ რთავდა და ნახე, რა კარგად მღერის, რა კარგი გოგოაო. ვუსმენდი, თუმცა ეკრანისკენ არც ერთხელ არ გამიხედავს. ამ რეჟიმში გავიდა ორი თვე. ერთხელაც გავხედე ეკრანს და… ყურადღება მივაქციე. მომეწონა, კარგი ნამუშევარი იყო. მერე ფეისბუქზე მეგობრებში დავიმატე, თუმცა არაფერი მიმიწერია. ისევ მან მომწერა, ბათუმში სარეპეტიციო რომ გავხსნა, თუ იმუშავებსო? მე რჩევა მივეცი და ეს იყო ჩვენი გაცნობა. კარგა ხანს გვქონდა მეგობრული ურთიერთობა. ჩვენი საუბრები რომანტიკაში არ გადასულა…

ევა შანავა: ერთმანეთს, რა თქმა უნდა, შორიდან ვიცნობდით, რადგან კოლეგებად ვითვლებით. როგორც თვითონ მითხრა, ჩემი ერთ-ერთი სიმღერა ჰქონდა აკვიატებული და პირველი სიმპათია აქედან წამოვიდა. მხოლოდ სოც ქსელებში ვსაუბრობდით, რადგან ნიკო ბათუმში ცხოვრობდა, მე – თბილისში. თან ძალიან უცხო ადამიანი იყო ჩემთვის და თან ძალიან ახლობელიც, ცოტა დავიბენი კიდეც (არ მიყვარს გაურკვევლობა). ასევე არ მიყვარს, როცა ვიღაც ძაან მომწონს, რადგან კარიერისტი ვარ და ვთვლი, რომ ზოგადად ამდენი ფიქრი ვიღაცაზე, დროის კარგვაა, რომელიც კონცენტრაციას მაკარგვინებს;

მე ტრავმირებული ვიყავი და ნიკოს ფიზიკური სიშორე, ჩემთვის კომფორტული იყო, რადგან საფრთხის ალბათობა ნაკლები იყო (შეშინებული ვიყავი). თუმცა მოგვიანებით მომიწია ბათუმში ჩამოსვლაც და (ჩემი მუსიკალური პროექტის გამო) ჩემი “კომფორტის ზონიდან” გამოსვლაც როგორც ვხედავთ:)

 ერთმანეთი დაახასიათეთ…

ნიკო: ძალიან მისაბაძი ადამინია. მარტო ახერხებს ბევრ რაღაცას და მარტო ეჭიდება ცხოვრების რთულ გამოწვევებს. თან დედაა, თან კვირაში რვა დღეს მუშაობს, ზოგჯერ კვირაში ცხრა დღესაც.

ევა: ჩვენ ვართ ყველაზე არარომანტიკული, მაგრამ გონებრივად და ფიზიკურად ყველაზე ტემპერამენტიანი ადამიანები. საშინლად განვსხვავდებით ერთმანეთისგან, თუმცა ორივეს ძალიან გვიყვარს სცენა; ასევე ერთმანეთისგან ვიღებთ იმ საჭირო კომპონენტებს და მხარდაჭერას, რომელსაც ტელეპატიურად ვცვლით ერთმანეთში და ხალხით სავსე დარბაზშიც კი ყველაზე ხმამაღალი და გასაგებია ჩვენი სიჩუმე ერთმანეთის მიმართ. აქედან გამომდინარე, ერთმანეთში სიყვარულში გამოტყდომა არ დაგვჭირვებია, ბუნებრივია.

ნიკო: არარომანტიკულები ვართ, ვეთანხმები, მაგრამ ერთ რამეს დავამატებ. ერთხელ კითხეს ხოსე კარერას, თქვენ რომანტიკული ადამიანი ბრძანდებითო? უყოყმანოდ თქვა – დიახ! მე რომ რომანტიკული არ ვიყო, ვერ ვიმღერებდიო. ბევრს რცხვენია, გამოტყდეს, რომ რომანტიკული კაცია. ყველაზე ცოდოა ის, ვინც არ ტყდება. ვეთანმხები ევას, იმიტომ, რომ ვხვდები, რა პონტშიც თქვა, მაგრამ მეორე მომენტი ისაა, რომ არტისტს რომანტიკულობა თუ არა აქვს, ის არტისტი ვერასოდეს იქნება.

ხასიათი კი ორივეს მძიმე გვაქვს. მაგრამ გააზრებულად ვაბალანსებთ. ვცდილობთ ერთმანეთს ნერვები არ მოვუშალოთ, ისედაც ყველაფერი ნერვებზე მოქმედებს გარშემო. ჩემთვის პირადად, ურთიერთობაში სიმშვიდე მნიშვნელოვანია. აქ უფრო კონფლიქტის არიდება და სტაბილურობა იგულისხმება. სიმშვიდეც აუცილებელია ურთიერთობაში, ისევე, როგორც აუცილებელია ხანდახან გავგიჟდეთ ადამიანები.

– და პროფესიული კუთხით თუ გთხოვთ ერთმანეთის დახასიათებას?

ევა: პროფესიულად ნიკო ბერიძეს, არა მგონია, ჩემი დახასიათება სჭირდებოდეს – სულით და ხორცით სუპერსთარია: ხან დახვეწილი და დაბალანსებული, ხანაც ბინძური და ვიკინგური, ზოგჯერ ნაზი და ლირიული და ა.შ. თუმცა არის რაღაცები მის შესრულებაში, რასაც მგონია, რომ მხოლოდ მე ვხედავ და მე მესმის.

რაც შეეხება მუსიკალურ პროექტებს: არასდროს მიმიქცევია ყურადღება და არც ვიცოდი, ვინ იყო ნიკო ბერიძე მაშინ. სიმართლე გითხრათ, საკონკურსო პროექტებში მას საერთოდ ვერ ვხედავ და არც მინდა დავინახო, რადგან როგორც ვოკალისტს და მუსიკოსს, ვერავის შევადარებ.

ნიკო: ევა პროფესიონალი მუსიკოსია, სასიამოვნო და სპეციფიკური ხმის ტემბრითა და თავისი სტილით. გარდა იმისა, რომ კარგად მღერის, კარგი მუსიკის წერა შეუძლია. ტექსტებს წერს საინტერესოდ. გვაქვს საერთო ნამუშევარი, მე ბასისთვის დავწერე, მან ტექსტი და ვოკალი დაწერა. ძალიან მოსწონთ ეს სიმღერა, “აკუსტიკამ” რაც გადაიღო.

დღეს ქავერები მოსწონთ სამწუხაროდ. ამიტომაც არის, რომ ამ ეტაპზე, არავის მოსმენა არ მაინტერესებს; ამბიციურად არ ვამბობ. იშვიათად დავდივარ კონცერტებზე. ყველაფერი ერთფეროვანია. ევას კი ჩავჩიჩინებ, საავტორო მუსიკა წეროს. ეს ყველას არ შეუძლია. ირგვლივ ნაკლები თანამოაზრეები არსებობენ და იმას აკეთებენ, რაც აწყობთ. კვალის დატოვება არ შეუძლიათ. მუსიკოსის კვალი კი საავტორო ნამუშევრებით რჩება. ევას თავისი ხელწერა აქვს და მას შეუძლია საავტორო მუსიკის შექმნა.

არც ერთ პროექტში არ გამოჩენილა და სწორი გადაწყვეტილება მიიღო. ბევრი მუსიკალური პროექტი ჰქონია. ბათუმში თავისი არაჩვეულებრივი ბენდით მოღვაწეობს. მუსიკალური საზოგადოება ევა შანავას კარგად იცნობს.

– მეგობრებო, დუეტში სიმღერაზე რას იტყვით? არაჩვეულებრივად გამოგდით…

ნიკო: დუეტად ჩამოყალიბება ჩვენი მიზანი არ არის. ამ ოთხი სიმღერიდან თითოეული საინტერესო ნამუშევარია, სხვანაირად კარგი. ევას უყვარს “ვეშის” ამოტრიალება და ჩემი წამება:) მე კი ვუკრავ სხვადასხვა ინსტრუმენტზე, მაგრამ ინსტრუმენტალისტი არ ვარ და ამ კუთხით, რთულია გადაკეთება და ინსტრუმენტალისტის ხარისხში შესრულება, მაგრამ საბოლოო ჯამში, რომ ვუსმენ, მერე მომწონს. და მოსწონს მსმენელს. კარგი გამოხმაურება მოჰყვება ხოლმე. ჩვენც ჭიას ვახარებთ, თან ვისვენებთ, თან “გვისწორდება”.

ზოგადად, დუეტებში სიმღერა არ მიყვარს. რამდენიმე ადამიანია, ვისთანაც დუეტი “გამსწორებია”. ერთი ჩემი ძმაა, ვისთანაც კომფორტულად ვგრძნობ თავს. კიდევ რამდენიმე ადამიანია და ევა. არ ვარ ტენდენციური, ობიექტურად გეუბნებით.

ევა მუსიკოსის ხედვით უდგება დუეტში სიმღერას და არა მხოლოდ “დებილი” ვოკალისტის კუთხით. სიმღერის ჩაწერაც ძალიან ინტიმური თემაა. ყველასთან ერთად ვერ ჩაწერ სიმღერას. ამაშიც გავუგეთ ერთმანეთს. ეს ჩემი სახლის სტუდიაში ხდება. იქ ვწერთ ჩვენს დუეტებს. მოკლედ, ევა კომფორტული პარტნიორია. შემღერება და სიდებილე არ დაგვჭირვებია. პირდაპირ საკაიფოდ წავიდა და მიდის ყველაფერი. რაღაც ახალი სიმღერების ჩაწერას და გამოშვებას ვგეგმავთ.

ევა: იცით, ჩვენი ტემბრებიც და სტილიც ძალიან განსხვავდება ერთმანეთისგან, თუმცა არც ეს გვიშლის ხელს, რომ ერთად ვიმღეროთ და ჩვენი განსხვავებული სქილები სწორად ჩავღვაროთ ერთმანეთში. ძირითად, მე ვყოყოჩობ ხოლმე, რომ მოდი, აუ ეს სიმღერა ამოვატრიალოთ, გადავაკეთოთ-მეთქი! ის – ამჯერად რაზე უნდა მაწვალო?! ერთად არ ვმღერით არსად, გარდა სტუდიისა. ერთად სიმღერა ჩვენთვის არის ორი განსხვავებული ენერგიის შერწყმა. დუეტის შექმნას რაც შეეხება, ოფიციალურად არ ვაანონსებთ მსგავს რამეს, უბრალოდ ვერთობით და ხანდახან რაღაცეებს ვწერთ.

ნიკო: დავამატებ; ადრე რაღაც ჩემი დაკრული ინსტრუმენტალი ჩავუგდე და უტექსტოდ ვყვებოდი. უცებ დამიწერა ტექსტი, შეუთანხმებლად და ზუსტად გაარტყა – თითქოს მე დავწერე, ისეთი ჩემი “გაიჩითა”. სამწუხაროდ, ეგ სიმღერა ორი წელია ვერ გამოვუშვი, მაგრამ ახლა ვთანამშრომლობ უპროფესიონალეს მუსიკოსთან, გიტარისტთან და მაგარ მუსიკოსთან – ბექა ჯანუაშვილთან. ვგეგმავთ პროექტის გამოშვევას, ერთი სიმღერა უკვე ჩავწერეთ და შემდეგი ეგ იქნება, ევას ტექსტით.

– ურთიერთობისთვის ოფიციალური სახის მიცემას აპირებთ?

ევა: ვფიქრობ, რომ რაიმე ოფიციალური იარლიყი არ გვჭირდება იმისთვის, რომ ჰარმონიულად ვიყოთ, ჩვენ ვართ “დახვეწილი ხალხი” – ევა და ნიკო და ეს არის ჩვენი იარლიყი.

ნიკო: ევამ კარგად გიპასუხა. არანაირი იარლიყი არ არის იმისთვის საჭირო, რომ ადამიანი ნორმალურად იყო. ეგ არის და ეგ…

 

https://www.zmna.ge/