ინგლისელი მომღერალი და გიტარისტი, კრის რი 74 წლის ასაკში გარდაიცვალა

როკისა და ბლუზის ინგლისელი მომღერალი და გიტარისტი, კრის რი, რომელიც ცნობილია თავისი ჰიტებით, მათ შორის, 1986 წელს გამოშვებული Driving Home For Christmas-ით, 74 წლის ასაკში გარდაიცვალა. აღნიშნული ინფორმაცია რის ოჯახის სპიკერმა გაავრცელა.

ოჯახის განცხადებით, მომღერალი “საავადმყოფოში ხანმოკლე ავადმყოფობის შემდეგ მშვიდად გარდაიცვალა, ოჯახის წევრების გარემოცვაში.”

კრის რის სადებიუტო ალბომი, სახელად “Whatever Happened to Benny Santini?”, 1978 წელს გამოვიდა, ხოლო ალბომის სიმღერა Fool (If You Think It’s Over) გრემის ჯილდოზეც იყო ნომინირებული. 

კარიერის განმავლობაში მან ჯამში 25 სოლო ალბომი ჩაწერა, რომელთაგანაც ორმა –  The Road To Hell და Auberge  – გაერთიანებული სამეფოს ალბომების ჩარტში პირველი ადგილიც დაიკავა. 

რის პანკრეასის კიბოს დიაგნოზი დაუსვეს და პანკრეასი 2001 წელს ამოაცალეს, თუმცა, 2016 წელს მან ინსულტი გადაიტანა. 2017 წელს მან ოქსფორდში სცენაზე სიმღერის შესრულებისას გონება დაკარგა, რის გამოც რამდენიმე კონცერტის გაუქმება მოუწია.