ყველასათვის საყვარელი ტელეწამყვანი ნინო ხაჟომია მძიმე სენს ებრძვის. ნინო ცდილობს ვინც ამ რთულ გზას გადის მათ მოტივაციად იქცეს. ნინო მუდმივად აქვეყნებს ვიდეოებს და ამჯერად ხალხს 3 პროდუქტი ურჩია, რომელიც დასხივების დამწვრობის თავის ასარიდებლად უნდა გამოიყენონ.
“დღეს არის ჩემი ბოლო დასხივება და 8-თვიანი ჯოჯოხეთის დასასრული. გეტყვით თუ როგორ უნდა დაიცვათ თავი სხივების აპარატისგან. ამისთვის სამი პროდუქტია საჭირო. ესენია: ვაზელინი, პანთენოლის 10%-იანი ქაფი და ციკაპლასტი. დღის განმავლობაში ციკაპლასტი და პანთენოლი, საღამოს კი – ვაზელინი და პანთენოლი. რაც ყველაზე მთავარია, დასხივებამდე 2 საათით ადრე უნდა დაიბანოთ, ტანი უნდა იყოს სუფთა”, – ამბობს ნინო ხაჟომია.
“პირველი ეტაპი არის აღიარება, უნდა აღიარო რაც გჭირს. მე რომ ვამბობ, რომ კიბო მაქვს, ეს უკვე აღიარებაა. მეგობრები მეჩხუბებიან, რატომ ამბობ, რომ კიბო გაქვს, ადამიანი ხომ ამბობს, როცა რამე სტკივა, წონაშია მომატებული, მე რატომ არ უნდა ვთქვა? – ეს აღიარება ბრძოლისთვის შემართებას მაძლევს.
სანამ მეტყოდნენ, ტვინში უკვე ვიცოდი, რომ კიბო მქონდა. მთელი ცხოვრების მანძილზე ველოდებოდი კიბოს და ვიცოდი, რომ კიბო უნდა მქონოდა. ერთი დეიდა ძუძუს კიბოთია გარდაცვლილი, მეორეს რემისია აქვს ოცწლიანი. თან როგორი მოწესრიგებულად ვაკეთებდი, იცით? 6 თვეში ერთხელ ვიმოწმებდი თავს. 100 პროცენტით ვიცი, რომ მე დავმართე საკუთარ თავს. ახლა, ამ გადმოსახედიდან, სხვანაირად წარვმართავდი ჩემს ფიქრებს. იქ მივდივართ და ის გვემართება, რისიც გვეშინია. ყველა შიშს სიკვდილის შიში უდგას უკან, არ არსებობს სხვა შიში.
ქალებს მინდა ვუთხრა, არ იტირონ და არ აღიქვან ეს, როგორც განაჩენი. ძალიან კარგი წლები გელოდებათ წინ და მოდით, 6 თვე გადავდოთ და ვიმკურნალოთ.
მე მივხვდი, რატომ დავიწყე მთაში სიარული, ეს იყო ჩემი გლოვის რიტუალი, მარტო ვრჩებოდი საკუთარ თავთან. მეშინია, როგორ აისახება ეს ექვსი თვე ჩემი დარჩენილი ცხოვრების ხარისხზე.
ემოციებს, ადამიანებს ფერებით აღვიქვამ, გემოც ასეა ჩემთვის. კარიერიდან არაფერი დამრჩა, დროის ფუჭი დანახარჯია. ჩემი 21 წლის შვილი რამდენიმე თვის წინ მომიტრიალდა და მითხრა – დე, ყოველთვის ყველაზე ძალიან რომ მჭირდებოდი, მაშინ შენ იყავი სამსახურშიო. მარტო ვიყავი, როცა გავიგე, რომ კიბო მაქვს, იმ დღიდან არ დამიშვია სხვა გამოსავალი, რომ მე მექნება რემისია, მერე რა იქნება, არავინ იცის. პატარამ შვილი 13 წლის არის, მკითხა, დე, ხომ არ მოკვდებიო… უფროსი შვილი 21 წლის არის, ერთად გავიზარდეთ, მეგობრები ვართ.
ემოციური ადამიანი ვარ, მაგრამ ამას არასოდეს ვამჟღავნებ. ვკლავ, სადღაც ვაგდებ, უკან. არაფერი არ ხდება ცხოვრებაში კანონზომიერების გარეშე, ეს ჩემი „ვირუსიც“ კანონზომიერებაში ჯდება. რაღაც უნდა მასწავლოს. ჩემს შვილებს ვეფერებოდი, როცა ეძინათ, არ ვაძლევდი ემოციებს გამოხატვის საშუალებას.
ვიყავი უხეში, არარომანტიკული, დამოუკიდებელი ქალი. როგორც კი უარი თქვა სხეულმა ამ პერსონაჟის თამაშზე, იმ წუთას გაჩნდა კიბო. რაში მჭირდებოდა პოპულარობა, რა, ბომონდურ წვეულებებსა და პრეზენტაციებზე დავდიოდი? დროის ხარჯვაა… სხვა რამით ჩაანაცვლე, იოგით დაკავდი, ერთი ფურცლით მეტი წაიკითხე, ერთით მეტი ენა ისწავლე. ორ თვეში ტვინმა დაისვენა.
ერთადერთი, რაზეც ჩავიციკლე, არის ის, რომ ადრე გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი იყო, როგორი კომბინეზონი მეცვა, ვიდრე ის, თუ რამდენად ჯანსაღ საჭმელს ვჭამდი. ახლა ChatGPGT-ს ვეკითხები ყველაფერს ჯანსაღ კვებაზე. ორი მკერდი მოვიკვეთე, “ანჯელინა ჯოლის ოპერაცია” გავიკეთე, იმაზე შიშით, რომ არ მინდა მთელი ცხოვრება ჩავსვა ჩარჩოში, რომ რეციდივის შიშით ვიცხოვრო, თუმცა არ იყო ამის საჭიროება”, – ამბობს ნინო ხაჟომია ინტერვიუში.
https://marao.ge/article/44528-dges-aris-chemi-bolo-dasxiveba-da-8-tviani-jojoxetis-dasasruli-nino-xazhomias-miartva-kalebs-romlebic-mzime-sens-ebrzvian/