როგორ გახდა ანა პატარაია პირველი ქართველი მსოფლიოს ჩემპიონი ვიზაჟისტებს შორის

ანა პატარაია OMC–ის გრანდიოზულ ტურნირზე პირველი ქართველი მსოფლიო ჩემპიონი გახდა. ანა საქართველოში ცნობილი ვიზაჟისტი გახლავთ. ის მსოფლიოს ჩემპიონი გახდა მაკიაჟის კატეგორიაში – „კრეატივი“, „საქორწილო მაკიაჟის“ ნომინაციაში ვერცხლის მედალი დაიმსახურა, ხოლო ჩემპიონატის ნახევარფინალში ანამ მოიპოვა ორი ოქროსა და ერთი ვერცხლის მედალი. ცოტა ხნის წინ, ფინალურ ეტაპზე, ის კიდევ ერთი ოქროს მედლის მფლობელი გახდა.

ანა პატარაია: აზიის ჩემპიონატზე ძალიან დიდი კონკურენცია იყო. ამ კონკურსში 40–მდე ქვეყნის ვიზაჟისტები ვიყავით წარმოდგენილი. წესები კი ძალიან მკაცრი გახლდათ.

– არ ნერვიულობდი? ალბათ, ეს გარემო დაძაბულობას იწვევს…

– კი, ძალიან ვნერვიულობდი, რადგან პასუხისმგებლობა დიდი იყო. აზიის ჩემპიონატზე ერთმანეთს საუკეთესო ვიზაჟისტები ეჯიბრებიან. კონკურსანტების შესარჩევად სპეციალური ტრენინგი ტარდება და შერჩეული ვიზაჟისტები უშუალოდ ჩემპიონატზე გადიან. ანუ მასში მონაწილეობის მიღება ყველას არ შეუძლია. მთელი ქვეყნიდან საუკეთესოებს ირჩევენ და საუკეთესო ვიზაჟისტები თავიანთ ქალაქებში საუკეთესო მოდელებს შორის აკეთებენ არჩევანს ამ კონკურსზე წარსადგენად. ყველას ძალიან ლამაზი მოდელები ჰყავდა. აზიის ჩემპიონატის ნახევარფინალი გაზაფხულზე გაიმართა. გამარჯვებულები მის ფინალურ ნაწილზე, გრანპრიზე მიგვიწვიეს.

– საბოლოო ჯამში, აზიის ჩემპიონატის ნახევარფინალიდან ორი ოქრო და ერთი ვერცხლი, ფინალური ეტაპიდან კი ოქრო წამოიღეთ…

– კი, ახლა უკვე ფინალური ოქროც ავიღეთ.

– კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გამარჯვებაც არის შენს ანგარიშზე – მსოფლიო ჩემპიონატი. პირველი ქართველი ხარ, ვინც ეს ტიტული მოიპოვა.

– ეს ყველაზე რთული კონკურსი იყო ჩემს ცხოვრებაში. მსოფლიო ჩემპიონატზე ჩვენ 64-ე ქვეყანა ვიყავით და პირველ ადგილზე გავედით. ეს ჩემთვის თითქმის აუხდენელი ოცნება იყო. წარმოუდგენელია, ამდენ ქვეყანას შორის თავი გამოიჩინო და საქართველოს დროშა ააფრიალო. ყველა გაოცებული მიყურებდა, საიდან ხარო, ყველას ამერიკის შტატიდან ვეგონე და სათითაოდ ვუხსნიდი, სად იყო ჩვენი ქვეყანა.

OMC საერთაშორისო კონკურსია, სადაც ყველაზე ძლიერი ვიზაჟისტები, თმისა და მანიკიურის სპეციალისტები მონაწილეობენ. ეს არის ყველაზე დიდი კონკურსი სილამაზის ინდუსტრიაში და ამ კონკურსზე მოხვედრა უკვე იმდენად მნიშვნელოვანია, რომ მასში მონაწილეობის შემდეგ ნებისმიერ ქვეყანაში გზა ხსნილი გაქვს. მონაწილეობა რომ ამდენად პრესტიჟულია, პირველი ადგილი უკვე რამდენად არარეალური გამარჯვებაა, ხომ წარმოგიდგენიათ?! (იცინის).

– როგორ გახდი ამ კონკურსის მონაწილე?

– დაახლოებით, 15 წლის წინ ჩატარდა საქართველოს ჩემპიონატი. ამ სფეროში ცოდნა მივიღე თუ არა, მაშინვე გავედი ამ ჩემპიონატზე და საქართველოს ჩემპიონი გავხდი. შემდეგ – საქართველოს ორგზის ჩემპიონი. ამის შემდეგ ევროპის ჩემპიონატზე წავედი და მეათე ადგილი ავიღე. თავიდან ძალიან რთული იყო. საქართველო ბოლო ადგილებს იკავებდა, მაგრამ მიზნად დავისახე, ეს მოცემულობა შემეცვალა. თუმცა, თავიდან ეს წარმოუდგენლად მეჩვენებოდა.

– რისი შედეგია ის, რომ წარმოუდგენელი სურვილი რეალობად იქცა და საქართველოში მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულით დაბრუნდი?

– ძალიან დიდი შრომის. სულ ვხატავდი. ესკიზებზე ვმუშაობდი. თავს არ ვზოგავდი. ბევრი რამ იყო გასათვალიწინებელი: რთული ფერთა შეხამება იყო საჭირო, 35 წუთში უნდა შემესრულებინა ნახატი, ლამაზი მოდელი უნდა ამერჩია, მისთვის კოსტიუმის დიზაინი უნდა შემექმნა. უამრავ დეტალზე მჭირდებოდა ფიქრი და მუშაობა. თავიდან გამოუცდელი ვიყავი და ჩემპიონატებზე დაკვირვების მიზნით მივდიოდი. იქ მსოფლიო ვიზაჟისტი გავიცანი, ძალიან ძლიერი სპეციალისტი, რომელმაც ბევრი რამ მასწავლა და საჭირო დროს სცენაზე მის მიერ დატრენინგებული გავედი. სცენაზე რომ გადიხარ, დიდი სტრესის ქვეშ გიწევს მუშაობა. გარშემო უამრავი ლამაზი მოდელია და მთელი მსოფლიოს საუკეთესო ვიზაჟისტებთან ერთად, უდიდესი კონკურენციის პირობებში გიწევს მუშაობა. თუმცა, როცა საკუთარი თავი და ნამუშევრები გიყვარს, ნერვიულობა აღარ გახსოვს. საწყის ეტაპზე კი, მაგრამ მერე უკვე როცა მუშაობას ვიწყებ, აღარ ვნერვიულობ.

– მოდელებს როგორ არჩევ? ლორენა ზოიძის ულამაზესმა კადრებმა დიდი ყურადღება დაიმსახურა. ბევრს ისიც ეგონა, რომ სილამაზის კონკურსი იყო და მან გაიმარჯვა. ისედაც საოცრად ლამაზი გოგოა და მართლა არაჩვეულებრივი მაკიაჟი ეკეთა.

– პირველ რიგში, სუფთა და ეფექტური სახე უნდა ჰქონდეს. მოდელს ძალიან დიდხანს ვარჩევდი. ძალიან რთული იყო და საბოლოო ჯამში, ლორენა ზოიძესა და ელენე მახარაძეზე შევარჩიე არჩევანი. ლორენას ყველა იცნობს, ელენე კი 16 წლის გოგონაა და საჯაროდ არ ჩანს, თუმცა ულამაზესია და სწორედ მან მომაპოვებინა მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი ადგილი. ეს კი, როგორც ვთქვი, ყველაზე რთული კონკურსი იყო.

– მსოფლიო ჩემპიონატზე ორი კატეგორიის გამარჯვებული გახდი…

– „საქორწილო მაკიაჟის“ ნომინაციაში მოვიპოვეთ ვერცხლი. წლები ამ ტიპის მაკიაჟს ვაკეთებდი და თითქოს, მასზე არ გამიმახვილებია განსაკუთრებული ყურადღება. პირველი ნომინაცია ეს იყო და მესამე ადგილზე ჩემი გვარი რომ გამოაცხადეს, ჩემთვის ესეც იმხელა სიხარული იყო, შოკში ვიყავი.

მეორე ნომინაციის, „კრეატივის“ – ყველაზე მეტად მეშინოდა. ეს ყველაზე რთული კატეგორიაა და საერთოდ არ ველოდი პირველ ადგილს. ჩემი სახელი და გვარი რომ გაჟღერდა, რომ გავიგე, მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი ადგილი დავიკავე, თავდაპირველად მოდელი გავუშვი. ვერ დავიჯერე და სანამ რამდენჯერმე არ გამიმეორეს, სცენაზე არ გავდიოდი (იცინის). ოქროს მედალი რომ გადმომცეს, მაშინაც არ მჯეროდა და ვერ ვხვდებოდი ემოციებისგან რას ვაკეთებდი.

– საიდან იწყება შენი ამ პროფესიისადმი სიყვარული?

– ბავშვობიდან ვხატავ. თოჯინებს სახეს ვუშლიდი და ახლებურად ვახატავდი. მათ გარეგნობაში ჩემებური ცვლილებები შემქონდა. რაც თავი მახსოვს, ქალების გარეგნობაში ვეძებდი რაღაცას, რაც უნდა შემეცვალა.

არ ვიცი, რატომ, მაგრამ ყოველთვის ამის სურვილი მქონდა. გადავწყვიტე, ამ საქმისთვის პროფესიონალურად მომეკიდა ხელი და მიზნად დავისახე ნომერ პირველი ვყოფილიყავი. საბედნიეროდ, გამომივიდა კიდეც.

– რამდენად აქტიურობენ ქართველი მეიქაფ არტისტები საერთაშორისო კონკურსებში მონაწილეობის მხრივ?

– სიმართლე რომ ვთქვათ, ნაკლები მონდომება აქვთ, რადგან ეს ძალიან დიდ თანხებთან არის დაკავშირებული. მთელ ჩემს შემოსავალს ჩემს სწავლასა და განვითარებაში ვდებ. ჩემნაირი გიჟი უნდა იყოს ადამიანი, რომ იგივე გააკეთოს და იმედია, ასეთები გამოჩნდებიან (იცინის). ყველგან ჩაწყობაა და არაფრის იმედი არ მქონდა, მაგრამ როცა ჩემპიონატზე გავედი, დავრწმუნდი, რომ თუ ძალიან მაგრად გააკეთებ შენს საქმეს, ვერავინ ვერაფერს ჩააწყობს. უსამართლობა ყველგანაა, მაგრამ თუ შენ მაგარი ხარ თვალს ვერ დახუჭავენ. ასეთ კონკურსზე აბსოლუტურად ყველა დეტალს მნიშვნელობა აქვს. ფრჩხილის ლაქიც კი მაკიაჟთან შესაბამისობაში უნდა იყოს. ფეხის ფრჩხილიდან დაწყებული, სამოსი, მოდელის ჩაცმულობა, მოვლა, ნიღბები, ფრენა, კვება, ყველაფერს მე ვუზრუნველყოფდი. ჩემს მოდელებს 2-3 თვის განმავლობაში პატარა ბავშვივით ვუვლი ხოლმე (იცინის). სცენაზე საქართველოს დროშით გასვლა ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა და ყველაფერს განსაკუთრებული ყურადღება სჭირდება. ასეთ კონკურსში მონაწილეობისთვის ყველაფერი უნდა გადადო. მე ბათუმში ჩემი საკუთარი სალონი მაქვს და დილიდან საღამომდე ძალიან ბევრს ვმუშაობ. მთელი ჩემი შრომა ამაში ჩავდე. მე ამით ვცხოვრობ, ჩემი პროფესია ძალიან მიყვარს.

– როგორი გამოხმაურება მოჰყვა შენს წარმატებას?

– საქართველოში ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა, თუმცა მე ეს ყველაფერი უცხოური ბაზრისთვის მქონდა გათვლილი. აქ, ძირითადად, საპატარძლო მაკიაჟზე ვმუშაობ. ჩემთან ჩაწერები 4- 5 თვით ადრე იწყება. ანუ ქართულ ბაზარზე არც მქონდა გათვლა, მინდოდა, სხვა ქვეყნის ბაზარზე გავსულიყავი და საბენდიეროდ, გამომივიდა. ამის შედეგია ის, რომ ახლა მასტერკლასების ჩატარებას ვაპირებ ძალიან ბევრ ქვეყანაში. იმდენი ქვეყნიდან მაქვს შემოთავაზება, რომ ჩამოთვლაც კი გამიჭირდება და მიხარია, რომ საერთაშორისო მასშტაბზე გავედი. წინ კიდევ ბევრი გეგმა მაქვს.