დირიჟორი კარლო პონტი გოგი გვახარიას გადაცემა „შვილის“ სტუმარი იყო. მან კინოვარსკვლავ დედაზე, ლეგენდარულ სოფია ლორენსა და ქართველ ცოლზე, მარიამ შარმანაშვილზე ისაუბრა:
– დედა ჩავიდა ჟენევაში, რადგან იქ მუშაობდა ექიმი, რომელიც ქალებს ეხმარებოდა შვილების გაჩენაში. მას კარლო ერქვა და მის პატივსაცემად დამარქვეს ეს სახელი… ცხრა თვე წოლითი რეჟიმი ჰქონდა დანიშნული, რომ ნაყოფი შეენარჩუნებინა…. შემდეგ მამამ ჟენევაში სახლი იყიდა და ჩემი ძმაც იქ დაიბადა. მე ჟენევაში დავიბადე და გავიზარდე, მაგრამ თავს ჩვეულებრივ იტალიელად ვგრძნობ…
დედა ძალიან ლამაზი იყო და ვამაყობდი დედაჩემით. ყოველთვის ვფიქრობდი, რომ არ არსებობდა ამ სამყაროში მასზე ლამაზი ქალი. იმდენად ლამაზია, რაღაც ნეგატიურ განცდასაც ბადებს, რადგან ეს სილამაზე გაჯადოებს, ჰიპნოზივით მოქმედებს. მისთვის ძალიან ძნელი იყო ამ სილამაზის ატანა, რადგან გამუდმებით ფიქრობდა ადამიანებზე, რატომ მიყურებენ ასეთი სახით… ლამაზი და ჭკვიანი ხოა, მაგრამ ასეთი ლამაზი ქალი არასდროს ყოფილა სამყაროში, მორჩა!
დედა სიღარიბეში დაიბადა. ომის დროს მისი ოჯახი ვირთხებს ჭამდა. მან იცოდა, რა არის სიღარიბე და გაჭირვება. ეს არასდროს დავიწყებია. ასე დარჩა ახლოს ხალხთან, ის სახალხო ვარსკვლავი იყო… ის ქუჩის ქალებს თამაშობდა, მაგრამ სულ ატარებდა შინაგანად რაღაც არისტოკრატულს. ლეგენდარული იყო. უნიკალური არტისტია. ამიტომაცაა, რომ გუგლში თუ ჩაწერთ ჩემს სახელს და გვარს, მიიღებთ: “სოფია ლორენის შვილი”. ხშირად ცხოვრებაშიც ასე მეძახიან. ეს არაა ადვილი. არაა ადვილი, იყო ასეთი დიდი ქალის შვილი. იყო დედოფლის შვილი, ეს არაა ადვილი. მაგრამ სიამაყე, რომ მე მისი შვილი ვარ, ძლევს ამ სიძნელეს…
ჟენევაში ჩავედით. მარიამი თავის საყვარელ შვილთან ერთად იყო, რომელმაც სრულიად მოხიბლა დედაჩემი, როგორც ქართველი პატარა პრინცი, დიდი შავი თვალებით, და მანაც ეგრევე გამოხატა თანხმობა ქორწინებაზე. ქორწილი ორივემ ერთად დავგეგმეთ. ეგეთ რამეებს ერთად ვაკეთებთ.
მარიამი პირველივე ნახვით მომეწონა. როგორც კი შევხვდი, მივხვდი, რომ ეს სხვა რამ იყო. თუმცა მაშინ ის ინგლისურად არ ლაპარაკობდა და საუბრისთვის გუგლის თარგმანის გამოყენება მოგვიწია. თავიდან მხოლოდ ინტერნეტით ვსაუბრობდით…
განსაკუთრებული რელიგიურობით არ გამოვირჩევი, მაგრამ მოვინათლე მარიამის სიყვარულის გამო. მიხარია, რომ ეს მარიამისთვის გავაკეთე.