კვარაცხელიას ბრწყინვალე გოლმა პსჟ “სპორტინგთან” მარცხისგან ვერ იხსნა

ჩემპიონთა ლიგის მეშვიდე ტურში პსჟ გასვლაზე „სპორტინგთან“ 1:2 დამარცხდა, ხვიჩა კვარაცხელიამ კი ულამაზესი გოლი გაიტანა.

სტუმრები უპირატესობას ფლობდნენ, ზაირ-ემერიმ გაიტანა კიდეც, მაგრამ მსაჯმა ვიდეოგამეორება ნახა, კატამუზე მეიულიუს მხრიდან ჯარიმა დააფიქსირა და პირველი ტაიმი 0:0 დასრულდა. კვარაცხელია 66-ე წუთზე მეილიუს ნაცვლად შევიდა შეცვლაზე. მასპინძლები სუარესმა დააწინაურა. მალე კვარაცხელიამ შორიდან რუი სილვას ულამაზესი გოლი გაუტანა და ანგარიში გაათანაბრა. თუმცა, კომპენსირებულ დროში სუარესმა დუბლი შეასრულა და „სპორტინგს“ გამარჯვება მოუპოვა.

პორტუგალიურ გუნდში გიორგი ქოჩორაშვილი 90+6-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე.

„კვარამ“ მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 25 მატჩში 7 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა გაკეთა.

პსჟ 13 ქულით მეხუთე ადგილზეა და ტურნირზე მომდევნო მატჩს 29 იანვარს, სახლში „ნიუკასლთან“ ჩაატარებს.

„სპორტინგი“ ამდენივე ქულით მეექვსე პოზიციაზეა და იმავე დღეს ბილბაოში „ატლეტიკს“ დაუპირისპირდება.

ლისაბონი. „ჟოზე ალვალადე“

სპორტინგი – პსჟ 2:1

გოლები: 1:0 სუარესი (74), 1:1 კვარაცხელია (79), 2:1 სუარესი (90+1)