ნინო ქაჯაიამ ეკა ხოფერიას გადაცემაში, 26 წლის წინ, მის ცხოვრებაში დატრიალებულ ტრაგედიაზე ისაუბრა, როდესაც მისი შვილი ანა დაიღუპა.
„ძალიან მძიმე გამოცდილება მქონდა. 26 წლის შვილი უნდა მყავდეს, ანა, რომელიც ექიმების დაუდევრობის გამო დაბადებიდან რამდენიმე დღეში გარდაიცვალა. ეს არის ყველაზე საშინელება, რაც შეიძლება დედას დაემართოს. თავიდან რამდენიმე დღე არ მეუბნებოდნენ. როდესაც მოვიდნენ და მითხრეს, ეს იყო ყველაზე საშინელი წუთი, ეს იყო ყველაზე გადამწყვეტი წუთი. ყოველთვის ვაფასებდი ცხოვრებას, მადლიერი ვიყავი, ბედნიერი ადამიანი ვიყავი, მაგრამ მაშინ მივხვდი, რომ ამას ვერ აცნობიერებ. არასდროს არ იცი რა გელის, რამდენი დრო გაქვს. ამიტომ, ყოველი წუთის მადლიერი უნდა იყო და ის ყველაფერი, რაც გგონია, რომ ნორმა არის, არ არის ასე. ისეთი დაფასება უნდა ყველაფერს და მადლიერება იმისა, რომ მიიღო რაც გელის. ამიტომ თაიას გაჩენა ჩემთვის კიდევ უფრო განსაკუთრებული და ბედნიერი იყო. თან ანას ნაწილია, თან ამის ღირსი გავხდი. მე დედა ვარ, შვილი მყავს და ეს ყველაზე მაგარია.
ძალიან მძიმე და რთული იყო. უამრავი ადამიანი მეკითხებოდა რა დაემართა. მახსოვს, ერთხელ ლაღიძეში შევდიოდით ხაჭაპურის საჭმელად და იქაც მკითხეს. ამ თემაზე არასდროს არ ვსაუბრობდი“, – განაცხადა ნინო ქაჯაიამ.