მწერალი თამარ საღინაშვილი სოციალურ ქსელში აქვეყნებს ემოციურ ტექსტს, რომელიც ქალების მრავალწლიანი, ხშირად უხილავი ტკივილისა და შინაგანი ტყვეობის თემას ეხება.
„ზოგ ქალს არ კლავენ.
მაგრამ კლავენ მასში სიცოცხლეს.
და მერე წლები სჭირდება,
რომ ისევ გაბედოს სუნთქვა.
დღეს საღამოს, სესიის დროს (საგვარეულოს ანალიზის თემაზე) მსმენელთან ერთად კარგად ვიტირე (ჩუმად, რასაკვირველია, მას რომ არ გაეგო).
თუმცა, ეს არ შეიძლება – აყვე ემოციებს. მაგრამ…
ის საუბრობდა იმაზე, რასაც განიცდის ძალიან ბევრი ქალი – გათხოვების მერე როგორ ჩაუკლეს ყველაფერი, რაც მას სურდა – ყველა ოცნება, ყველა მიზანი, ყველა სურვილი. (ზოგს გათხოვებაც არ ჭირდება ამისთვის, საკუთარ ოჯახშივე უკლავენ მომავალს ქალი ხარ და აბა, როგორ გინდა და მსგავსი აზრებით).
არადა, იმდენი პოტენციალი ქონდა, ას ქალს ეყოფოდა.
სწავლა – არაო. საყვარელი საქმე – არაო… და ყველაფერი დანარჩენიც – არაო.
ოჯახის წევრები მხოლოდ მაშინ იყვნენ მშვიდად, როცა რძალი სახლში იჯდა, მთელი დღე საქმეს აკეთებდა და ჩუმად იტანდა ყველაფერს, მათ შორის არც ისე ადვილად ასატან ქმარსაც. ყველა სხვა შემთხვევაში იყო დაყვედრება ყველაფრის, საჭმლისაც კი, დამუნათება, ცუდის ძახილი და აურზაური.
და ამდენი წლის მერეც, ახლა, როცა ქალს სურს გადადგას ნაბიჯები, რაც მოუტანს ბედნიერებას და ფინანსურ თავისუფლებას, მიუხედავად იმისა, რომ სხვა ქვეყანაშია, მიუხედავად იმისა, რომ აღარა არის იმ ოჯახში, მოიხედავად იმისა, რომ ახლაც დიდი პოტენციალი აქვს, მას შიგნიდან თურმე ისევ აკავებს ქვეცნობიერი შიში, რომ ამას უსიამოვნება მოყვება, რომ ვიღაცას არ მოეწონება, ვიღაც არ მიიღებს, ვიღაც განიკითხავს…
როცა მიხვდა, თურმე რა აჩერებდა, რატომ გადაედო ამდენჯერ ის, რაც ძალიან უნდოდა, რატომ ჭირდება ყველას ფული მაშინ, როცა ის გადაწყვეტს ისწავლოს რაზეც დიდი ხანია ოცნებობს, ისე გულამოსკვნილმა იტირა, ქვა უნდა ყოფილიყავი, რომ მშვიდად გესმინა.
ის, რაც ტანჯავდა 25 წელი თურმე აგრძელებს მის ტანჯვას და უკრავს ხელფეხს ახლაც.
და თუ არ განგიცდიათ, ვერასოდეს წარმოიდგენთ იმ არარეალურ სიმსუბუქეს, რაც ამ ქალმა განიცადა, როცა გათავისუფლდა. ეს სიმსუბუქე ახლავს ყველა სესიას.
და იცით, რა მინდა ამ პოსტით გითხრათ? არსად არავის მიცეთ არავის უფლება, ჩაკლას თქვენში სიცოცხლე.
არავის აქვს უფლება მოსპოს თქვენი ოცნებები, სურვილები, სილაღე, თავისუფლება, სინაზე, თქვენი პოეტური ბუნება.
იმიტომ რომ ამით ის კლავს თქვენს არსს, თქვენს ცხოვრებას, თქვენს ბედნიერებას.
ხშირად ეს “ვამპირიზმი” მზრუნველობის საბურველშია გახვეული, კი არ გაკონტროლებ, ვზრუნავ, კი არ გიკრძალავ, ვზრუნავ, მაგრამ თუ ამ ზრუნვისგან შეგრძნება გაქვთ, თითქოს თითქოს რაღაც შემოგეხვიათ და სუნთქვის საშუალებას არ გაძლევთ, მიხვდით, რომ ეს ზრუნვა კი არა, დახრჩობაა. და ეს შეგრძნება მას მერეც რჩება, როცა უკვე შეიძლება სულ სხვა რეალობაში ცხოვრობ.
აქ მთავარი შეგრძნებაა. ვისაც მოწონს თავისი ცხოვრება და კმაყოფილია, სულ ერთია, ახრჩობენ მას თუ არა მთავარია, კმაყოფილი თუა, ეს მისი არჩევანია.
მაგრამ თუ გრძნობთ რომ ეს წარსული თუ აწმყო განგრევთ, ანგრევს თქვენს ჯანმრთელობას და გსურთ თქვენი სიცოცხლის დარჩენილი დრო მაინც ისუნთქოთ თავისუფლად და გათავისუფლდეთ იმისგან, რაც გიმოკლებთ სიცოცხლეს, იცოდეთ – გზა ყოველთვის არსებობს“.