“19 წლის დავქვრივდი… დაუნდობელმა ბედმა შვილიც წაიყვანა ჩემგან…”

მსახიობი ნანა ფაჩუაშვილი ჟურნალ «სარკეს» მისი ცხოვრების ბედისწერის შესახებ ესაუბრა. მისი ცხოვრება სცენას ჰგავს – ტრაგედიებით, დაცემით, ბრძოლით და ფეხზე წამოდგომით. ეს არის ქალის წარმატებების ქრონიკა, რომელმაც მძიმე დანაკარგების მიუხედავად ყველაფერი რაც უყვარს ღირსეულად ატარა.

ნანა ფაჩუაშვილი 2 იანვარს დაიბადა, თუმცა ამ თარიღს სიხარულით აღარ ხვდება.

– დაბადების დღის აღნიშვნა ახალგაზრდობის დროს ვიცოდი, ხალისიან, პომპეზურ დაბადების დღეებს ვიხდიდი, მაგრამ რაც ჩემი მეუღლე, მსახიობი ტრისტან ყველაიძე გარდაიცვალა ყოველთვის სხვა ზრუნავდა ჩემი დაბადების დღის გადახდაზე.

წინათ ახალ წელს ყოველთვის სიხარულით ველოდებოდი. 2 იანვარს ჩემი დაბადების დღეა, 1 იანვარს კი ჩემი შვილის თამაზის დაბადების დღე იყო, მაგრამ ცხოვრება ისეთი დაუნდობელი და ისეთი მოულოდნელობებით არის სავსე, ეს ბედნიერება წამართვა. ჯერ ჩემი მეუღლე გარდაიცვალა, 1 იანვარს. მერე დაუნდობელმა ბედმა, თებერვლის თვეში ჩემი შვილი თამაზი წაიყვანა ჩემგან.

იანვრის და თებერვლის თვეები აღარ მიყვარს, რადგან ჩემთვის ტკივილთან ასოცირდება. ჩემთვის შავი დღეებია 30 დეკემბერი, 31 დეკემბერი და 1 იანვარი. ამ რიცხვებში არსად დავდივარ.

მე მაქვს არაჩვეულებრივი პროფესია, რომელმაც გადამარჩინა და ფეხზე წამომაყენა.

როგორც მსახიობმა ინტერვიუში განაცხადა, მას განსაკუთრებული ბედისწერა არგუნა ღმერთმა.

– ადამიანი ბედისწერას ვერ გაექცევა, ვცდილობდი გავქცეოდი მაგრამ ვერ შეძელი. ვთვლი, რომ განსაკუთრებული ბედისწერის ადამიანი ვარ. ჩემი პირველი ქორწინება უჩვეულოდ მოხდა, 19 წლის ასაკში დავქვრივდი, ჩემი საყვარელი ადამიანი თამაზ აფხაიძე უბედური შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა. თამაზი ნანატრი შვილი იყო, რომელიც პირველი მეუღლისგან დამრჩა. 2 თვის ფეხმძიმე ვიყავი თამაზი რომ დაიღუპა. ბავშვი დავიტოვე და მამის სახელი – თამაზი დავარქვი. ქალის ცხოვრებაში შვილი საოცარი რამ არის შვილი.