“მეუღლე ნამდვილად მეორე ნახევარი ყოფილა, წავიდა და წაიღო ჩემი ნახევარი”

ცნობილი თეატრალური წყვილის, მსახიობ ნანი ჩიქვინიძისა და რეჟისორ თემურ ჩხეიძის, ბედნიერი ოჯახური ცხოვრება თითქმის ნახევარი საუკუნე გრძელდებოდა. რამდენი რამ ჩაიტია ამ წლებმა – გაუხუნარი სიყვარული, ერთობლივი რეპეტიციები, თემურ ჩხეიძის უდიდესი წარმატებით დადგმული სპექტაკლები რუსთაველის, მარჯანიშვილის, “სამეფო უბნის” თეატრებში, პეტერბურგის დიდ დრამატულ თეატრსა თუ უცხოური თეატრების სცენებზე. თემურ ჩხეიძის მეუღლემ ნანი ჩიქვინაძემ ჟურნალ “სარკეს” ინტერვიუ მისცა, სადაც მეუღლის გარდაცვალებაზე ისაუბრა.

– ისე მოულოდნელად გარდაიცვალა ბატონი თემური, ნამდვილი შოკი იყო საზოგადოებისთვის. ოჯახმა იცოდით, რომ ჯანმრთელობის რაიმე პრობლემა ჰქონდა?

– წარმოუდგენელი ტრაგედია იყო ჩემთვის, მთელი ჩვენი ოჯახისთვის. არაფერი აწუხებდა, სტუდენტებს ჩაუტარა ლექცია და სახლში ბრუნდებოდა. გზაში მოულოდნელად იგრძნო თავი ცუდად. საავადმყოფოში გადავიყვანეთ, აღმოჩნდა, რომ მუცლის აორტის ანევრიზმა გაუსკდა. ოპერაცია ჩაუტარდა, იყო იმედი, რომ ყველაფერი კეთილად დასრულდებოდა, მაგრამ… თემური იყო მთელი ჩემი ცხოვრება, 20 წლის ვიყავი, როცა ერთმანეთი გავიცანით. მეუღლე ნამდვილად მეორე ნახევარი ყოფილა, წავიდა და წაიღო ჩემი ნახევარი. ახლა ნახევარი ვარ დარჩენილი და არ ვიცი, როგორ შევძლებ მის გარეშე ცხოვრებას, ბოლომდე ვერასოდეს გავაცნობიერებ და ვერც შევეგუები.