“ამ კაცმა ჩემი შვილები გადაარჩინა“ – რას ჰყვება სალომე გოგიაშვილი ბიძინა ივანიშვილის შესახებ

ტელეწამყვანი და ინფლუენსერი სალომე გოგიაშვილი, თემურ ებიტაშვილის პოდკასტში სტუმრად იმყოფებოდა, სადაც საუბარი შეეხო როგორც მის პირად ცხოვრებას, ასევე სოციალურ ქსელებში მის მიმართ არსებულ აგრესიასა და ბულინგს, რომელიც ხშირად მის პოლიტიკურ სიმპათიებს უკავშირდება.

ინტერვიუში სალომე გოგიაშვილი განმარტავს, რატომ რჩება მმართველი გუნდისა და განსაკუთრებით ბიძინა ივანიშვილის ერთგული. მისი თქმით, ამ გადაწყვეტილებას პირადი გამოცდილება და მძიმე ცხოვრებისეული პერიოდი განაპირობებს, როდესაც შვილებთან ერთად სახლის დაკარგვის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა.

პოდკასტის წამყვანმა მას ჰკითხა, ფიქრობს თუ არა, რომ ბულინგი ნაკლები იქნებოდა, მმართველი პარტიის მხარდამჭერი რომ არ ყოფილიყო.

კი, კი, ან შეიძლება საერთოდ არ ყოფილიყო, მაგრამ აი, აქაც ვეჯახებით რას, იცი? ერთგულებას. არ მომბეზრდება ამაზე საუბარი, ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი არის ადამიანის ერთგულება. ძალიან მინდოდა ამ თემაზე ლაპარაკი და მადლობა, რომ ეს კითხვა დამისვი, იმიტომ რომ სულ ვლაპარაკობ ან ჩაქუჩზე და ან ჩემ გაშორებაზე, ძალიან დავიღალე უკვე.

ბატონ ბიძინა ივანიშვილთან ჩემს ოჯახს აკავშირებს ძალიან დიდი ხნის ურთიერთობა. ჯერ არავინ არ იცოდა ბატონი ბიძინა, როდესაც ჩემი ოჯახი მის ოჯახთან მეგობრობდა. შემდეგ, სამწუხაროდ, ჩემი ცხოვრება ისე წარიმართა, რომ მე დამჭირდა დახმარება. ადამიანი გვერდში რომ დაგიდგება, იმ ადამიანის, მე ასე ვთვლი, მადლიერი უნდა იყო. მე პარტიის გულშემატკივარი კი არ ვარ, ამ კაცის გულშემატკივარი ვარ – კაცის, რომელმაც ცხოვრება გადამირჩინა, კაცის, რომელმაც ჩემი შვილები გადაარჩინა.

ბანკში, რომელშიც იმ მომენტში იყო ჩემი სესხი, რომელიც მაკარგვინებდა სახლს, ყველაფერს აბსოლუტურად, ცხოვრების აზრს მაკარგვინებდა, იმ ბანკის უფროსი მამაჩემის ძალიან ახლო მეგობარი იყო. მე მასაც ვთხოვე, ის კი არ მითხოვია, რომ ვალი მომიხსენი-თქო. მე უბრალოდ ვთხოვე, რომ 20 წელზე გადაენაწილებინა, რაც ძალიან მარტივია. დღეს სესხი რომ კეთდება 20 წელზე, ჩვეულებრივად აკეთებენ, ანუ ეს აპრობირებული თემა იყო.

ამ კაცთან მე თვითონ ძალიან მომერიდა მისვლა და ამიტომ მამაჩემის ერთ-ერთი მეგობარი მივიდა და სთხოვა. უთხრა, ძალიან ცუდ დღეში არიან, ოჯახი გარეთ რჩება და იქნებ 20 წელზე გადავანაწილოთ იგივე სესხიო. ვერ ვიზამ მაგასო. უარი თქვა. მერე კიდევ მივედი მამაჩემის სხვა მეგობართან და ვთხოვე, რომ იქნებ რამენაირად, აი, რაღაცნაირად სხვა საკრედიტო რაღაც გამეკეთებინა, მაგრამ არ გამოვიდა. მარტო ვიყავი, პატარა გოგო, დედა და ბავშვები და კიდევ ვამბობ, რომ მე კაცი გვერდით მაშინ არავინ არ მყოლია, ვინც რაღაცნაირად დამაკვალიანებდა.

იცი, რამდენ ადამიანს ვთხოვე დახმარება? ოღონდ სწორად გამიგეთ, ჩემთვის ეს იყო სიკვდილი. იქამდე დახმარება არასდროს არ მითხოვია, რომ ფული მომეცი, რომ ვალი გავისტუმრო-თქო. სხვადასხვა ხერხებს ვეძებდი, რომ იქნებ რამენაირად ეს სესხი, რომლის გამოც ვკარგავდი სახლს, რაღაცნაირად გადამეთამაშებინა ისე, რომ შესაძლებელი ყოფილიყო ამის გადახდა. არავინ, საერთოდ არავინ არ გამოჩნდა.

ერთადერთი იყო შემდეგ ბიძინა ივანიშვილი, რომელთანაც მივედით და ის კი არ ვთხოვე, რომ ვალი მომიხსენი-თქო, იგივე პრინციპით – რომ იქნებ რამენაირად შევძლოთ ერთი ბანკიდან მეორე ბანკში გადატანა და გრძელვადიანი სესხის გაკეთება, რომ გადამეხადა. იმიტომ რომ მაშინ ვმუშაობდი ალბათ 50 სამსახურში. არ ვიცი როდის მეძინა და რაღაცას ვაგროვებდი და შევძლებდი, რომ გადამეხადა.

ამ სიტუაციაში, როცა ადამიანი აბსოლუტურად არ იყო ვალდებული, რომ გაეკეთებინა ჩემთვის რამე – არავინ არ არის ზოგადად არავის წინაშე ვალდებული, მითუმეტეს: „როცა შენ თვითონ ვერ გათვალე რაღაც სწორად, არასწორ ადამიანს გაჰყევი, აი, ეს დაგემართა და ახლა შენ თვითონ გადაიხადე ის, რის გამოც შენი ოჯახი ახლა ამ მდგომარეობაში ჩააგდე?“ – აი, ეს პასუხიც რომ გაეცა, თავს დავხრი და მივიღებდი.

აი, არასდროს არ დამავიწყდება, რომ დამირეკა და მითხრა, ბავშვობაში კოშმარი თუ გესიზმრებოდაო. ვერ მივხვდი, რა შუაში იყო ახლა კოშმარი. ვუთხარი – კი-მეთქი. ვინ გესიზმრებოდაო და, აი, ვიღაცა ქალი-მეთქი, მართლა იყო ასე, რომ მესიზმრებოდა, რომ ვიღაცა ქალი მოდიოდა სულ. ჰოდა, ჩათვალეო, რომ ეს კოშმარი დღეს დამთავრდა შენ ცხოვრებაში და ახლა იცხოვრეო მშვიდად.

აი, ამის მერე გეკითხებით, მე პლაკატით რუსთაველზე მიშას გაუმარჯოს როგორ უნდა ვიდგე? – მიშა კი არა, სულ რომ გაგიჟდეს და გადაირიოს, მაინც სულ ყოველთვის მის გვერდით ვიქნები. თუ ამას ადამიანი ვერ იღებს, ჩემი მის გვერდში დგომას, და ამას აკავშირებს პოლიტიკასთან… სულ ფეხზე მკიდია პოლიტიკა, საერთოდ არ მაინტერესებს, არ ვერევი პოლიტიკაში. ვიცი, რომ ჩემი ქვეყნისთვის რაც კარგი იქნება, მე იქ ვიდგები. ვიცი, რომ ქოცი იქნება თუ ნაცი იქნება – არასწორი ადამიანი ერთნაირად უნდა დაისაჯოს. თქვენ გგონიათ, ახლა ყველა მომწონს აქეთ ვინც არის? არ მომწონს ყველა და ამას ღიად ვლაპარაკობ“,- ამბობს სალომე გოგიაშვილი.