ოლეგ ბასილაშვილი, 92 წლის მსახიობი, ადამიანი, რომელიც ყოველთვის ორ კულტურას შორის ცხოვრობდა – საქართველო და რუსეთი. ბასილაშვილი ის მსახიობია, რომელიც ყველას ძალიან უყვარს – რუსეთშიც და საქართველოშიც, უყვართ მისი ყველა ეკრანული სახე, მათ შორის ბულგაკოვის „ოსტატი და მარგარიტაში“, სადაც ის მთავარ როლს – სატანას მსახურს, ვოლანდს თამაშობს, მიუხედავად იმისა, რომ მისი გმირი ძალიან უარყოფითია. აი, რას ამბობს ის თავად ამ მეტად მნიშვნელოვან და მისთვის უჩვეულო როლზე, რომელიც აქამდე არასოდეს უთამაშია არც თეატრში, არც კინოში. „რა თქმა უნდა, მინდა ვთქვა: ეს ყველაფერი სისულელეა! მაგრამ ვფიქრობ, რომანთან დაკავშირებით ყველაფერი ასე მარტივად არ არის. გულწრფელად რომ ვთქვა, მეც ცოტა შეშფოთებული ვიყავი, როდესაც ვოლანდის როლის შეთავაზება მივიღე. ჩემ გარშემო ყველა მეუბნებოდა: „მისტიციზმია!..“ „ღმერთი დაგსჯის!..“ იმ დროს კიევში ვიყავი გასტროლებზე. გადავწყვიტე, კიევ-პეჩერის ლავრაში, ახლად აღდგენილ ეკლესიაში წავსულიყავი, რათა ღმერთისგან კურთხევა მქონოდა „ოსტატი და მარგარიტას“ ეკრანიზაციაში მონაწილეობისთვის. ჩავედი. ეკლესია დაკეტილი იყო. იმ დღეს სხვა საქმე არაფერი მქონდა და იქვე მეორე ეკლესიაში შევედი. ვიდექი. უცებ ქალი მომიახლოვდა. „გინდა, აღდგენილი ეკლესიის ნახვა?“ – მკითხა. „ვოცნებობ, მაგრამ დაკეტილია“, – ვუპასუხე. „წავიდეთ, იქნებ შემოგიშვან“. როგორც კი ეკლესიას მივუახლოვდით, კარი ერთმა მსახურმა გამიღო: „შემოდი“. ეკლესიაში მარტო აღმოვჩნდი და ეს ნიშნად მივიღე…“
ქართული ფესვები
მამამისი გორიდან იყო და თავადაც ხშირად უსვამდა ხაზს თავის ქართულ წარმომავლობას, გორს. ერთ-ერთ ინტერვიუში ხაზგასმით აღნიშნა, რომ ქართველი კაცის ყველაზე დიდი ღირსება, ნიშან-თვისება მასპინძლობაა – უცხოს ოჯახში ახლობელივით იღებენ, ეს, კოდივით დევს ქართველშიო. მას არასოდეს გაუკეთებია თავისი არჩევანი ადამიანებთან ურთიერთობაში – რუსი თუ ქართველი. ამბობდა, რომ ადამიანი შეიძლება, ერთდროულად რამდენიმე კულტურის შვილი იყოსო.
„სამსახურებრივი რომანი“
ამ ფილმში ოლეგ ბასილაშვილი ცინიკურ, ცივ და კარიერისტ პერსონაჟს თამაშობს. გადაღებების დროს მთელ ჯგუფს ეცინებოდა, რადგან პავილიონში გადაღებებზე ის სხვა იყო – ყველაზე თავაზიანი, რბილი, თბილი, ყურადღებიანი. მსახიობები იხსენებედნენ, რომ სანამ კამერა ჩაირთვებოდა, დაწყებამდე რამდენიმე წუთში გვეუბნებოდა, – ახლა ბოდიში, ცუდად უნდა მოგექცეთო და ამაზე კიდევ ბევრს ვიცინოდითო, მაგრამ კამერის გამორთვისთანავე პირველი იყო, ვინც ყველას გვეხმარეოდა ტექსტებსა და ემოციურ სცენებშიო. ამ ფილმის დასრულების შემდეგ ბასილაშვილი ქუჩაში სიარულს ერიდებოდა, არა იმიტომ რომ ძალზე პოპულარული გახდა, არამედ იმიტომ, რომ ხალხს ის ნამდვილ ბოროტ ადამიანად მიაჩნდა. გადაღებიდან რამდენიმე კვირაში ლენინგრადში, მაღაზიაში შევიდა. მოლარე ქალი დიდხანს უყურებდა. თქვენ ხომ ის ხართ? – ჰკითხა. მსახიობი ვარ… – უპასუხა ბასილაშვილმა მშვიდად. მსახიობი არა. ნაძირალა ხართ. როგორ მოექეცით ნოვოსელცევსო. მაღაზიაში მყოფმა ხალხმა სიცილი დაიწყო. ერთმა ქალმა ხმამაღლა თქვა: ასეთი კაცი სახლში არ უნდა შეუშვაო. ბასილაშვილი მოგვიანებით იხსენებდა ამ ამბავს, რომ მისი პერსონაჟი პირველად „გავიდა ეკრანიდან“ და ნამდვილ ცხოვრებაში შევიდა. წერდნენ წერილებს: თქვენნაირი ადამიანები სინამდვილეში არსებობენ და ვერ ვიტანთ ასეთებსო… რიაზანოვი ამბობდა, რომ ბასილაშვილი ერთადერთი მსახიობი იყო, რომელმაც ფილმის წარმატება პირად ნერვიულობად, სტრესად გადაიტანა. ერთ სცენაში, სადაც მისი პერსონაჟი ცივად უყურებს თავის კოლეგებს, თანამშრომლებს, ბასილაშვილი დაიბნა, რადგან კამერის მიღმა მთელი გადამღები ჯგუფი იცინოდა. რიაზანოვმა გადაღება გააჩერა და ბასილაშვილს უთხრა: „წარმოიდგინე, რომ აქ, ყველა შენი მტერია.“ რამდენიმე წამში მისი მზერა სრულიად შეიცვალა. ოპერატორმა თქვა: იმ წუთას ყველამ ერთად დავინახეთ, როგორ იქცა ოლეგ ბასილაშვილი სამოხვალიოვადო (მისი პერსონაჟი). საბჭოთა ცენზურა, რა თქმა უნდა, ამ ფილმსაც შეეხო. კომისია ალისა ფრეინდლიხის გმირზე ამბობდა, რომ საბჭოთა ხელმძღვანელი ასე ამორალური არ შეიძლება იყოსო. რეჟისორმა რიაზანოვმა და ბასილაშვილმა ფრეინდლიხი დაიცვეს – ეს არის ადამიანი და არა სისტემაო.
„შემოდგომის მარათონი“
ფილმის – „შემოდგომის მარათონი“ – თავიდან გადაღებებზე რეჟისორი რიაზანოვი თავად ეჭვიანობდა. ფიქრობდა, რომ ბასილაშვილი ზედმეტად ძლიერი მსახიობი იყო ასეთი სუსტი პერსონაჟისთვის. პირველი რეპეტიციის შემდეგ თქვა: ეს კაცი კი არ თამაშობს, თითქოს იქ ცხოვრობს, ეს მისი ცხოვრებააო. აღფრთოვანებული იყო. ერთ სცენაში კამათი მოხდა. რიაზანოვს უნდოდა მისგან უფრო კომედიური ტონი, ბასილაშვილი კი ტრაგიკულ ხაზს იცავდა. საბოლოოდ მისი ვერსია დატოვეს და ფილმი სწორედ ამ სევდიანი ირონიით გახდა კლასიკა. დანელია იხსენებდა, რომ ცენზურა მოითხოვდა, რომ ბასილაშვილის პერსონაჟი ბოლოს „გამოსწორებულიყო“. მსახიობი კი ასეთი, „საბჭოთა ბედნიერი დასასრულის“ კატეგორიული წინააღმდეგი იყო. ამის გამო ათასი მოსაზრება გაჩნდა, დიალოგი გაიმართა კინოსტუდიაში: რატომ არის მაინც თქვენი გმირი ასეთი სუსტიო? – ეკითხებოდა კომისია. იმიტომ, რომ რეალური ადამიანები სუსტები არიანო… საბოლოოდ ფილმი გავიდა, მაგრამ რამდენიმე სცენა მაინც ამოიღეს, განსაკუთრებით ის სცენა, სადაც მისი გმირი აშკარად ცრუობს ერთდროულად ორ ქალთან.
ჩხუბის ზღვარზე
რიაზანოვის ფილმების მერე, ალისა ფრეინდლიხთან მეგობრობის ერთგვარი რიტუალი გაჩნდა. ყოველი ახალი სპექტაკლის დაწყებამდე, სცენაზე გასვლის წინ ერთმანეთს ურეკავდნენ და ახსენებდნენ: არ დაგავიწყდეს, ჩათვალე, რომ დღეს ისევ პირველი დღეა… მათი მეგობრობა ათწლეულები გრძელდებოდა. ბასილაშვილი და ფრეინდლიხი ლეგენდარული წყვილი იყო სცენაზე. გარკვეულ პერიოდში, სპექტაკლზე მუშაობისას მათი ხედვები იმდენად განსხვავდებოდა, რომ რეპეტიციები ჩხუბის ზღვარამდეც კი მიდიოდა. პარადოქსი ის იყო, რომ სწორედ ამ დაძაბულობამ შექმნა ძლიერი სცენიური ქიმია მათ შორის, რაც მაყურებელს ნამდვილი გრძნობა ეგონა მათ ურთიერთობაში. ბოლო წლებში კი მათი ერთობლივი სპექტაკლები საერთოდაც მოხსნეს რეპერტუარიდან და თავად ბასილაშვილი სცენას ჩამოშორდა, რადგან თეატრში მას „რთული პარტნიორის“ რეპუტაცია ჰქონდა. შიდა წრეში ცნობილი იყო იმით, რომ თუ სცენაზე პარტნიორი ტექსტს ცუდად ამბობდა, პირდაპირ აჩერებდა რეპეტიციას, არასოდეს მალავდა უკმაყოფილებას და ასე იშლებოდა რეპეტიციები მის გამო. ახალგაზრდა მსახიობები ხშირად შიშით გადიოდნენ სცენაზე მასთან ერთად, მაგრამ ბევრი მათგანი მოგვიანებით ამბობდა, რომ სწორედ მისი სიმკაცრე იყო საუკეთესო სკოლა. ერთ ფილმზე (თეატრალური პროექტი იყო) ახალგაზრდა რეჟისორმა სცენა რამდენჯერმე შეაჩერა ტექნიკური მიზეზებით. ბასილაშვილი პირველად გაბრაზდა: მსახიობის ემოცია ელექტროჩამრთველი არ არისო და ითხოვა კამერა მაშინ ჩაერთოთ, როცა ყველაფერი მზად იქნებოდა. შემდეგ კი გადამღები ჯგუფი იხსნებედა, რომ იმ დღიდან გადასაღებ მოედანზე დისციპლინა შეიცვალაო… ალბათ, აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ბასილაშვილი არასოდეს სწავლობდა ტექსტებს ხმამაღლა. მას როლის სწავლის თავისი მეთოდი ჰქონდა. სცენარს ხელით გადაწერდა თავიდან ბოლომდე და შემდეგ თავის პარტნიორების ტექსტებსაც სწავლობდა. ამიტომ იცოდა ხშირად სხვების რეპლიკებიც და როცა ვინმეს ავიწყდებოდა, ის ახსენებდა…
ეროვნულ არქივში
რამდენიმე წლის წინ ბასილაშვილი საქართველოში ჩამოვიდა და ეროვნულ არქივში თავისი წინაპრების შესახებ მასალებს გაეცნო. მოგვიანებით ამბობდა, რომ თავისი ოჯახის ისტორიის დეტალები პირველად იქ გაიგო და ეს მისთვის ემოციურად ძალიან მძიმე აღმოჩნდა.
სკანდალი, რომელმაც ბასილაშვილი ტელევიზიებიდან გააქრო
2000-იანი წლების ბოლოს რუსულ არხზე დაიწყო, ეგრეთ წოდებული, პატრიოტული შოუების ბუმი, სადაც მსახიობებს სთხოვდნენ, ხმამაღლა წაეკითხათ პოლიტიკური ტექსტები. ოლეგ ბასილაშვლსაც შესთავაზეს ერთ დიდ პროექტში მონაწილეობა, ჰონორარი ჩვეულებრივზე გაცილებით მაღალი იყო, ეთერი – ფედერალური არხი. პირობა იყო – კამერის წინ უნდა წაეკითხა წინასწარ გამზადებული ტექსტი, ის, რაც მისცეს. კამერების ჩართვამდე ერთხელ გადაიკითხა. ჩუმად იყო. შემდეგ ტექსტი დახურა და თქვა: ეს ტექსტი ჩემი არაა. პროდიუსერმა უთხრა: არავინ გთხოვთ თქვენი იყოს. უბრალოდ, წაიკითხეთ. მე მსახიობი ვარ, მაგრამ ტყუილს ვერ წავიკითხავ. სიჩუმე ჩამოვარდა. ამ გადაცემის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა უთხრა: თქვენ ხართ საბჭოთა კინოს ვარსკვლავი, ხალხი გენდობათ. ბასილაშვილს გაეღიმა და უთხრა: სწორედ ამიტომ არ გავაკეთებ ამასო. რამდენიმე დღეში პროექტიდან ამოაგდეს, პროექტიდან, რომელსაც დიდხანს ამზადებდნენ და იმედებს მასზე ამყარებდნენ. ფედარალური არხი მას აღარ იწვევდა. მერე ერთ-ერთ ინტერვიუში თქვა, ნუ უყურებთ რუსულ არხებსო. ამის შემდეგ ზოგი ტელეწამყავნი მას უდიერადაც მოიხსენებდა და უმადურს ეძახდა, ზოგი სოციალურ სივრცეში აკრიტიკებდა. მის წინააღმდეგ სერიოზული კამპანია დაიწყო.
ერთხელ, ერთმა მეგობარმა მსახიობმა უთხრა, რად გინდა ამ ასაკში პრობლემებიო. ბასილაშვილმა უთხრა: თუ ახლა გავჩუდი, გამოვა, რომ მთელი ცხოვრება ტყუილად მითამაშიაო. 90-იანებში, როცა ის რუსეთის სახალხო დეპუტატი იყო, ერთ-ერთ სხდომაზე ხმამაღლა თქვა: „ჩვენ ვკარგავთ ქვეყანას არა იმიტომ, რომ მტერი გვყავს, არამედ იმიტომ რომ სიმართლეს არ ვამბობთ, არ ვაღიარებთ“. სხდომათა დარბაზში შეძახილები გაისმა. ერთმა დეპუტატმა უთხრა: თქვენ მსახიობი ხართ და პოლიტიკა თქვენი საქმე არააო. ბასილაშვილმა კი უპასუხა: თუ 49
მოქალაქე ვარ, ესე იგი, ჩემი საქმეაო. ეს გამოსვლა მაშინდელმა პრესამ სკანდალურად შეაფასა. ალბათ, აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ მან 2008 წლის აგვისტოს ომზეც გააკეთა თავისი განცხადება, რომ არ შეიძლება, პოლიტიკამ ამ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები გააფუჭოსო. სწორედ ამის გამო გმობდნენ მას დიდხანს.