“ჩვენ უკვე რამდენჯერმე გვედო მისი მადლიანი ხელი თავზე” – მოდელი თიკო ჩხეიძის მოგონებები პატრიარქზე

მოდელი თიკო ჩხეიძე პატრიარქის გარდაცვალებას ეხმიანება. თიკო ჩხეიძისა და ნუკრი რევიშვილის ოჯახში ტრაგედია 2018 წლის 15 აგვისტოს დატრიალდა – მათი 9 წლის ქალიშვილი ტატა დენის დარტყმის შედეგად გარდაიცვალა.

“დღეს ყველაზე მდუმარე ღამეა, ალბათ, საქართველოსთვის, როცა არ იცი, რა უნდა აკეთო მის გარეშე. თითქოს სული. რომლის გადარჩენა მას ჩავაბარეთ, ასე გაუცნობიერებლად, უპატრონოდ დაგვრჩა… ახლა ვინ ილოცებს ჩვენთვის, ვის შესწევს ძალა, უანგაროდ იღვაწოს ასე… მშვიდობით, ჩვენო პატრიარქო, ყოველთვის ჩვენს გულებში, სამარადისოდ.

ალბათ, ჩვენ, ყველას, ჩვენი პირადი ურთიერთობა გვქონდა პატრიარქთან (არ აქვს მნიშვნელობა, ფიზიკური თუ სულიერი კავშირი). მისი ვიდეოს შეხვედრაზე უნებურად წამოვდგებოდი ფეხზე და პირჯვარს ვიწერდი პატივისცემის ნიშნად. არავისთვის, ვერავინ მხედავდა, უბრალოდ მის ძალას ვგრძნობდი, რომელიც მოკრძალებისკენ მიბიძგებდა…

ბავშვობაში ყოველ კვირა დღეს ვესწრებოდი წირვას სიონის ტაძარში, მაშინ პატრიარქი ძალიან მაღალი და ძლიერი იყო, ბავშვები გაუაზრებლად ვიდექით რიგში კურთხევის მისაღებად, სანამ ილია მეორე ადამიანებისგან შემდგარ გრძელ დერეფანს ჩაივლიდა, ჩვენ უკვე რამდენჯერმე გვედო მისი მადლიანი ხელი თავზე, ნიშნის მოგებითაც კი ვითვლიდით ამ კვირა დღეს, ვინ უფრო მეტჯერ დაუდგა წინ…

ვიზრდებოდი და ჩემი მოწიწებაც იზრდებოდა მის მიმართ, ასე იქნება მარადჟამს.

ვუსამძიმრებ საქართველოს” – წერს თიკო ჩხეიძე.