„ვერ წარმოიდგენთ, ამ ზარმა როგორ გამახარა…“ – რა შესთავაზა ნინო ნადირაძემ ნინო მუმლაძეს

მსახიობმა ნინო მუმლაძემ სულ ცოტა ხნის წინ, ვიდეო ჩაწერა, სადაც  განაცხადა, რომ მშობიარობის შემდეგ ძალიან უჭირს ფორმაში ჩადგომა. ნინომ ვიდეოში განაცხადა, რომ წონაში კლების მიზნით ქირურგიული ჩარევითაც დაინტერესდა, მაგრამ ერთ-ერთმა კლინიკამ ფინანსურ შეღავათზე უარი უთხრა.

ვიდეოს ჩაწერის შემდეგ, გამოსავალი გამოჩნდა და ამის შესახებ მან ჟურნალ თბილისელებს უამბო.

– ბარიატრიის გაკეთება არ მინდა, რადგან სარეაბილიტაციოდ დიდი დრო სჭირდება და ამის არც დრო მაქვს და არც საშუალება, რადგან რომ დავჯდე არ ვიმუშაო ჩემს შვილს ვინ აჭმევს. ჩემი ჭარბი წონა არ არის ზედმეტი კვებით გამოწვეული, ეს გამოიწვია არასწორმა კვებამ. თან მაქვს მაღალი კორტიზოლი და მაღალი გლუკოზა.

კორტიზოლი სტრესის ჰორმონია, გაიძულებს ცუდი რაღაცების ჭამას, ცხიმის სახით მარაგს იკეთებს ორგანიზმში, გლუკოზა ამას აკავებს და ხდება კატასტროფული მატება. სამწუხაროდ აღმომაჩნდა იმ პრეპარატის მიუღებლობა, რომელიც სისხლში შაქრის შემცველობას აკონტროლებს. გავიგე, რომ არსებობს ოპერაცია, რომელიც კეთდება კონკრეტულ კლინიკაში, მაგრამ ბარიატრიულ ოპერაციაზე ბევრად მარტივია და რაც ჩემთვის მნიშვნელოვანია, არ ხდება წონის სწრაფი კლება, რაც შემდგომ კანის მოშვებას იწვევს.

ვესაუბრე კლინიკის წარმომადგენელს, რომ მათთან ენდოსკოპიური ბარიატრია ბარტერით გამეკეთებინა, მაგრამ სამწუხაროდ ფინანსურ შეღავათზეც უარი მივიღე. ეს ოპერაცია 17 000 ლარი ჯდებოდა, თან არცერთი დაზღვევა არ ანაზღაურებდა.

ამ თემაზე რომ ჩავწერე ვიდეო, ცოტა ხანში გაისმა ზარი ჩემს ტელეფონზე, დამირეკა კლინიკა „ვივა მედის“ წარმომადგენელმა, მითხრა: მე ვარ კლინიკის პიარი. ქალბატონმა ნინო ნადირაძემ ნახა თქვენი ვიდეო და გვითხრა, დაურეკეთ ამ გოგოს და გაუკეთეთ რაც სჭირდებაო. ქირურგსაც ვესაუბრე და უკვე დამიბარა კლინიკაში. ვერ წარმოიდგენთ ამ ზარმა როგორ გამახარა, აუცილებლად გადავუხდი პირადად დიდ მადლობას ნინო ნადირაძეს.