„გარდენია შევარდნაძის“ დამფუძნებელი და მფლობელი – ზურაბ შევარდნაძე, სკანდალში ეხვევა.
ამჯერად შევარდნაძეს მისი ერთ-ერთი, დაქირავებული თანამშრომელი უპირისპირდება და ბრალს უხეშად მოქცევაში სდებს.
ხატია ნეფარიძე სოციალურ ქსელში ჯერ სტატუსს, შემდეგ კი ვიდეოს ავრცელებს, სადაც ის დეტალურად ყვება, როგორ მოექცნენ “გარდენიაში”.
„მოგიყვებით მის ადამიანობაზე. მისი ყალბი ღიმილის უკან ვინც დგას…
ერთი კვირის დაუღალავი შრომის შემდეგ, მიცხადებენ, რომ უნდა დამემშვიდობონ. ღმერთმა იცის და ვინც მე მიცნობს, ყველამ იცის როგორი ადამიანიც ვარ. არც შრომას ვთაკილობ და არაფერს…
როცა მივედი და ვცადე მშვიდად, უბრალოდ მიზეზის გარკვევა, პასუხი ვერ გამცეს. აი უბრალოდ, თურმე უნდა იყოს საკმარის მათი სიტყვა… და როცა ხელმეორედ ვკითხე და ვცადე ამეხსნა, რომ ყველაფერს ვაკეთებდი რაც ჩემ მოვალეობაში შედიოდა და რაც არ შედიოდა და თანაც საკმაოდ მძიმე სამუშაო აქვთ, ხალხის თანდასწრებით, გაფართოებული თვალებით, ცხვირწინ მაგიდაზე ხელი დამირტყა და პირდაპირ ასე მითხრა „გააჯ… აქედანო!“
მსგავსი შეურაცხყოფა არავის მოუყენებია ჩემთვის და არც ვაპირებ შევარჩინო. იცოდეთ ეგ ადამიანი არის ბოროტების განსახიერება მას არ უყვარს არც მცენარეები და არც ადამიანები. როგორც ნივთებს ისე ექცევა ხალხს. მას სჭირდება ყურმოჭრილი მონა! იცოდეთ!“ – წერს ხატია ნეფარიძე.
ხატიას განცხადებას, რომელიც გოგონამ ერთ-ერთ ხალხმრავალ ჯგუფში განათავსა, საზოგადოების მხრიდან მძაფრი რეაქცია მოჰყვა. თუმცა აღმოჩნდნენ ისეთებიც, „გარდენიას“ მფლობელის უხეშობა მის ხასიათს რომ მიაწერა.
ხატია ნეფარიძე, რომელმაც პირველი განცხადება ანონიმურად გააკეთა, იძულებული გახდა, ახალი განცხადება საკუთარი ფეისბუქ გვერდის საშუალებით გაევრცელებინა და გულშემატკივრებისთვის ვიდეომიმართვაც ჩაწერა.
„როგორც აღმოჩნდა, ეს მხოლოდ ჩემი შემთხვევა არ არის. ჩემს წინა პოსტზე გამოხმაურებებმა აჩვენა, რომ ამ ადამიანისგან მსგავსი “კომუნიკაციის სტილი” ბევრისთვის ნაცნობია. საზოგადოების ნაწილი ამას უკვე “ჩვეულებრივ ამბად” აღიქვამს — “ეგეთია და რა ვქნათ”.
რატომ ვწერ ამას? მე არ ვეძებ მხოლოდ თანაგრძნობას. მე მინდა ვთქვა, რომ თანამდებობა არავის აძლევს უფლებას, სხვას ღირსება შეულახოს. დუმილი აძლიერებს მოძალადეს. თუ ჩვენ შევეგუებით იმას, რომ სამსახურიდან გაშვებისას გვაგინონ და გვიყვირონ, ეს ნორმად იქცევა.
პროფესიონალიზმი პატივისცემით იწყება. თუ ხელმძღვანელს არ შეუძლია ემოციების მართვა და ელემენტარული ზრდილობის ფარგლებში პასუხის გაცემა, ის არ იმსახურებს იმ პოზიციას, რომელიც უკავია.
არავინ არის ვალდებული მოითმინოს ფსიქოლოგიური ტერორი მხოლოდ იმის გამო, რომ ვიღაცას “ასეთი ხასიათი აქვს”. მე ჩემს ღირსებას არავის დავაჩაგვრინებ და მადლობა ყველას, ვინც გვერდით მიდგახართ,“ – წერს ხატია ნეფარიძე.