“გარდენია შევარნაძის” ადმინისტრაცია განცხადებას ავრცელებს

“გარდენია შევარდნაძის” მენეჯერი სოფიო ჯოლოხავა განცხადებას ავრცელებს, რითიც ეხმაურება, ზურა შევარდნაძის გარშემო ატეხილ აჟიოტაჟს. ზურა შევარდნაძეს ყოფილი თანამშორმელი შეურაცხყოფის მიყენებაში ადანაშულებს.

“უკვე რამდენიმე დღეა, თვალს ვადევნებ სოციალურ ქსელში ზურაბ შევარდაძის წინააღმდეგ მიმართულ, გამაოგნებელ კამპანიას და ამიტომ, საჭიროდ ჩავთვალე, როგორც პროცესში უშუალოდ ჩართულმა და ჩვენს ბაღში დასაქმების მსურველთა მიერ, მათზე დაკისრებული მოვალეობის შესრულებაზე პასუხისმგებელმა პირმა, გაგიზიაროთ დეტალური ინფორმაცია, ქალბატონ მადონას მიერ გვრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით. მას შემდეგ, რაც გამოვაცხადეთ სეზონური დამხმარის ვაკანსია, ეს ქალბატონი მოვიდა გასაუბრებაზე და რა თქმა უნდა, მას განვუმარტეთ, რა ფუნქცია-მოვალეობებს გულისხმობდა ეს კონკრეტული პოზიცია და როგორც სხვა დანარჩენს, მასაც შევთავაზეთ ანაზღაურება, 8 საათიან სამუშაო დღეში 100 ლარის ოდენობით, მიუხედავად იმისა, გავუფორმებდით თუ არა ხელშეკრულებას. კუთვნილი ჰონორარი ქალბატონს იმთავითვე გადავუხადეთ. მე, როგორც პასუხისმგებელი პირი, ვაკვირდებოდი მის საქმიანობას და რამდენიმე დღის შემდეგ, ბატონ ზურაბ შევარდნაძეს გავუზიარე ჩემი მოსაზრება, დასაქმების მსურველთან დაკავშირებით. სრული პასუხისმგებლობით შემიძლია ვთქვა, რომ ის ვერ აკმაყოფილებდა იმ მოთხოვნებს, რაც ამ კონკრეტული პოზიციისთვის იყო საჭირო და მეტიც, აუცილებელი. შესაბამისად, ჩვენი მოსაზრება და გადაწყვეტილება ქალბატონ მადონას არაერთხელ განვუმარტე და დავემშვიდობეთ. შემდეგ, პერმანენტულად მწერდა როგორც ე.წ პირად მესენჯერში, ასევე გვწერდა “გარდენია შევარდნაძის” გვერდზე და რბილად რომ ვთქვა, საკმაოდ უხეში ფორმით, ერთგვარი ზეწოლის მოხდენის მცდელობაც კი ჰქონდა, დამსაქმებლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების გამო – არ ჰქონდა მნიშვნელობა ეს იყო დღის საათები თუ მაგალითად შუა ღამის 02.00 საათი, გაუთავებლად განაგრძობდა ჩვენს დამუნათებას. რა თქმა უნდა, პასუხს მოთმინებით და კეთილი სურვილებით ვუბრუნებდით და ცოტა უხერხულიც კია, რომ ამაზე ახლა ხაზგასმა გვიწევს. ვინაიდან ეს კომუნიკაცია არ აღმოჩნდა საკმარისი, ბატონმა ზურამ გვთხოვა, რომ მოსულიყო ქალბატონი მადონა, რათა თავად პირადად აეხსნა მიზეზი და კიდევ ერთხელ განგვემარტა მისთვის ჩვენი გადაწყვეტილება. ცხადია, დავხვდით აბსოლუტურად კეთილგანწყობილნი და სრული მზაობით, დაუზარლად, კიდევ ერთხელ აგვეხსნა ჩვენი პოზიცია. ვუსხნიდით საკმაოდ დიდ ხანს, რა გვჭირდებოდა ჩვენ და რას ვერ ასრულებდა ქალბატონი. ალბათ დამეთანხმებით, რომ გვაქვს უფლება, თავად მივიღოთ გადაწყვეტილება, კონკრეტულ ვაკანსიაზე მსურველის დასაქმების შესახებ, თუმცა მიუხედავად ამისა, არგუმენტებს დაუზარლად წარვუდგენდით. ამის მიუხედავად, ქალბატონი მადონა გვაქვს ეჭვი, რომ დაგეგმილი პროვოკაციული სცენარის ფარგელბში, განაგრძობდა მუქარას და ამ დროს, ზოგჯერ სამწუხაროდ, ძალიან რთულია მოახერხო ბოლომდე თავის შეკავება.

აქვე, აუცილებლად უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ეს ქალბატონი მხოლოდ რამდენიმედღიანი, გამოსაცდელი ვადით იყო ჩვენთან, არ გახლდათ გარდენიას თანამშრომელი. მინდა გითხრათ ისიც, რომ ამ დრომდე მაქსიმალურად თავს ვიკავებდით დეტალებზე საუბრისგან, თუმცა აღარც გაჩუმება შეიძლებოდა. და ბოლოს, რა თქმა უნდა ვისურვებ, რომ ასე ხელაღებით, დაუნდობლად არ შეგვეძლოს ტალახი ვესროლოთ ადამიანებს. ყველას გისურვებთ წარმატებას! ჩვენთვის ძალიან ძვირფასია თითოეული მშრომელი ადამიანი!,” – ნათქვამია განცხადებაში.