“ჩვენი ურთიერთობა ჭიდაობა იყო, ამას ვერ გავუძელით და სამ წელში დავშორდით” – ნატა მურვანიძე ნიკო თავაძესთან ურთიერთობაზე

ნატა მურვანიძისა და ნიკო თავაძის წყვილი ერთ-ერთი გამორჩეულია – ვიზუალით, საინტერესო ტანდემით და პირადი ცხოვრებით. სამ წლიანი ოჯახური თანაცხოვრების შემდეგ, მსახიობების წყვილი გაიყარა. უკვე დათა ჰყავდათ. შვიდი წელი ცალკ-ცალკე იცხოვრეს, მაგრამ უერთმანეთოდ ვეღარ გაძლეს და შერიგდნენ…

ნატამ პოდკასტში “ვიკასთან” ამ ურთიერთობაზე ისაუბრა.

ნატა მურვანიძე: ბავშვობაში გავთხოვდი და ბავშვობაში გამიჩნდა ბავშვი. ბავშვის ბავშვი იყო დათა. 19 წლის ვიყავი. მე და დათა ერთად გავიზარდეთ.

ბავშვობა ცალკე არ მაქვს. ბავშვობის ბედნიერებას, ზემოდან, დათა დაედო. მანუ რომ გამიჩნდა 32 წლის ვიყავი. მანუმ გამახსენა, რა მჭირდა 19 წლის ასაკში.

– თქვენი და ნიკას 40 წლიანი ურთიერთობის საიდუმლო რა არის?

– ძალიან ღირსეული ადამიანია ჩემი ქმარი. მისი გადაწყვეტილებებით თუ საქციელებით აღფრთოვანება არ მთავრდება, არ გაჩერდა. ვფიქრობ, ეს არის ის ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ახანგრძლივებს ურთიერთობას.

– 7 წელი გაყრილები იყავით და მერე შერიგდით. ეს როგორ მოხდა?

– არ ვიცი. მონტაჟივით არის. თითქოს ვიღაცამ ამოჭრა ეს ნაწილი და გადააწება. ამ შვიდმა წელმა, მეც და ნიკუშასასაც, ბევრი რამ გადაგვაფასებინა და ალბათ, ბევრი რამ დაგვაწვა – ეს ახალგაზრდული უკომპრომისობა, ძალაუფლებისთვის ბრძოლა თუ – ეს არის ჩემი ადგილი. ამას ვერ გავუძელით, თავში ქარი გვიქროდა. სამ წელში დავშორდით. მერე გადავაფასეთ ის, რომ სწორი არჩევანი იყო ის, შვიდი წლის წინ რაც იყო.

ამ შვიდ წელში შიგადაშიგ ვრიგდებოდით. ესეც არ არის. რომ არა ეს შვიდი წელი, ალბათ, დავხოცავდით ერთმანეთს. მიუხედავად დიდი გრძნობისა, ისეთის რომ იხრჩობი და კვდები, ჩვენი ურთიერთობის დასაწყისი ჭიდაობა იყო. ეს ასაკის ბრალი იყო. არც ის მპატიობდა, არც მე და ვიყავით ძიძგილაობაში.

– ხანგრძლივი ურთიერთობისთვის სიყვარული საკმარისია?

– არა, მხოლოდ სიყვარული არ არის საკმარისი. ამ სიყვარულს გაფრთხილება უნდა. გრძნობას თან მოჰყვება დიდი წყენაც. სიყვარულს ყოველდღიური შრომა და ანგარიშის გაწევა სჭირდება, რომ შეინარჩუნო. ხან შენ მისდევ, ხან ის მოგსდევს და ეს შეთანხმებულია. სიყვარული გარკვეულწილად ეფუძნება კომპრომისებს, უდიდეს ნდობას…

ზმნა