“მომცა ღმერთმა და გავაჩინე – ზუსტად ვიცი, რომ ღმერთივე დამეხმარება მათ გაზრდაში”

მოცეკვავე თეა დარჩია ნუცა სურგულაძის და ნინა პერტენავას გადაცემის სტუმარი იყო. გადაცემა “მარტივი თეფშის” ეთერში სტუმარმა და მასპინძლებმა არაერთი საინტერესო თემაზე ისაუბრეს – ოჯახზე, შვილებზე, ცხოვრების წესზე, კვების კულტურასა და ჩვევებზე. თეა დარჩია, როგორც წესი, გადაცემებში ოჯახსა და “სუხიშვილებზე” საუბრობს, ეს ინტერვიუ კი მის განსხვავებულ მხარეს, განსხვავებულ შეხედულებებს დაგანახებთ.

გთავაზობთ მოკლე მონაკვეთს ინტერვიუდან, სადაც თეა დარჩია ნინა  პერტენავასთან ერთად განიხილავს, თუ რა ძალა აქვს რწმენას:

ნინა პერტენავა: „მართლა, ვინ წარმოიდგენს, რომ თან ბებია, თან ოთხი შვილის დედა, ამხელა ენერგიის პატრონი ადამიანია…“

თეა დარჩია: იცი რა, მომცა ღმერთმა და გავაჩინე. ზუსტად ვიცი, რომ ღმერთივე დამეხმარება მათ გაზრდაში. ზუსტად ვიცი, რომ ღმერთი დამეხმარება. აი, როცა მიენდობი ღმერთს, ყველაფერი იოლია. მაგრამ როცა „მე“-ზე ხარ დაკიდებული – „მე“, „მე“… აი ეს „მე“ არის დამანგრეველი”.

ნინა პერტენავა: „…და ფსიქოლოგიაშიც არის ასეთი მიდგომა: ტვინი, ჩვენი ტვინი არის ისეთი, რომ ამტკიცებს იმას, რასაც შენ ამბობ. შენ თუ იტყვი, რომ რთულია ცხოვრება, ტვინი გეტყვის – რა თქმა უნდა, ცხოვრება რთულია. თუ იტყვი, რომ ღმერთი მომცემს, ის გეტყვის – ღმერთი აუცილებლად მოგცემს და შანსს და საშუალებას გაჩვენებს. ანუ ჩვენი ტვინი ეძებს იმას, რასაც ჩვენ მას ვეუბნებით. და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროგრამა.100%-ით ვარ დარწმუნებული ამაში, რომ ეს მუშაობს ყოველთვის.“

თეა დარჩია: „აი, იცი რა? მუშაობს. როცა გაგიჭირდება და შუქს ვერ ხედავ მომავალში, შენი ტვინი ეყრდნობა შენს „მე“-ს“.