“იმდენი ხანი მენატრებოდა ჩემი შვილი, დღემდე ვგრძნობ სიცარიელეს”

მუსიკოსი ნინო ქათამაძე საშა კაცმანის პოდკასტის სტუმარი იყო, სადაც პროფესიაზე, ოჯახურ ცხოვრებაზე და შვილზე ისაუბრა. ნინო აღნიშნავს, რომ მუსიკა და პროფესია მისგან ყოველთვის მაქსიმუმს ითხოვდა, შვილისთვის კი საკმარის დროს არ უტოვებდა.

„მუსიკა ითხოვს ყველას და ყველაფერს. მე ჩემს შვილთან ერთად ვიმგზავრე პირველად, როცა ის იყო 7 წლის. არ ვიცნობდი. დღემდე ვგრძნობ პატარა ლუფტებსა და სიცარიელეს. ერთი წლის რომ გახდა, სცენაზე ვიდექი და ვტიროდი, რადგან ვერ ვნახე, პირველად როგორ გაიარა, პირველად როდის იტირა, როცა ეწყინა. ძიძა ზრდიდა, აღმზრდელი და მამა იყო მასთან.

საყვარელმა ემიგრანტებმა იციან ეს გრძნობა. იმდენი ხანი მენატრებოდა ჩემი შვილი. ისე გიყვარს და გენატრება, რომ გული ქვასავით გიხდება. არანაირი გრძნობა ცოცხალი აღარ მქონდა. სიცარიელე, სიცივე, არაფერი არ გივსებს ამ მონატრებას. არ არსებობს ამის ჩანაცვლება”