თურქეთში მომხდარი ტრაგედიის შემდეგ, ცნობილი სერიალები დაასანქცირეს

თურქეთის მედია-მარეგულირებელმა ორგანომ მკაცრი სანქციები აამოქმედაროგორც ადგილობრივი სერიალების, ისე საერთაშორისო სტრიმინგ-პლატფორმების წინააღმდეგ.

გადაწყვეტილება ფართო რეზონანსის საგანი გახდა და მას უკავშირებენ ქვეყანაში ბოლო დროს განვითარებულ ტრაგიკულ მოვლენებს.

რადიოსა და ტელევიზიის უმაღლესი საბჭო (RTÜK)-მა ძალადობის შემცველი კონტენტის გამო სანქციები დაუწესა რამდენიმე პოპულარულ პროექტს.

„Eşref Rüya“ (Kanal D) და „Yeraltı“ (NOW TV) საბჭოს შეფასებით შეიცავს სცენებს, რომლებიც ძალადობის წახალისებასა და ნორმალიზებას უწყობს ხელს. შედეგად, მაუწყებლებს შემოსავლის 2%-იანი ადმინისტრაციული ჯარიმა დაეკისრათ.

მედიაანალიტიკოსების შეფასებით, ეს გადაწყვეტილება შესაძლოა სერიოზულად აისახოს სერიალების შინაარსზე და სცენარისტებს აიძულოს, შეარბილონ ძალადობრივი სცენები.

სანქციები საერთაშორისო პლატფორმებზეც

RTÜK-ის გადაწყვეტილება შეეხო გლობალურ სტრიმინგ-სერვისებსაც.

Netflix-ს დაევალა სერიალ „Trigger“-ის ამოღება თურქული კატალოგიდან;
Amazon Prime Video-ს – ფილმის „Gangs of Lagos“;
HBO Max-ს – პროექტ „Altın Çocuk“-ის.
მარეგულირებლის განცხადებით, აღნიშნული ნამუშევრები არღვევს მაუწყებლობის პრინციპებს და ხელს უწყობს ძალადობის გავრცელებას. პლატფორმებს დაეკისრათ როგორც ფინანსური სანქციები, ისე კონტენტის დაუყოვნებლივი წაშლის ვალდებულება.

პოლიტიკური მედიის წინააღმდეგ მიღებული ზომები

სანქციები შეეხო საინფორმაციო არხებსაც. Halk TV და SZC TV დაჯარიმდნენ ეთერში გაჟღერებული მწვავე პოლიტიკური განცხადებების გამო. RTÜK-ის შეფასებით, გადაცემებმა „ეთიკური ზღვარი“ გადაკვეთეს.

საბჭოს წევრმა, ილჰან თაშჩი განაცხადა, რომ მარეგულირებელი გააგრძელებს კონტროლის გამკაცრებას და არ დაუშვებს ისეთ კონტენტს, რომელიც საზოგადოებრივ ჯანმრთელობასა და ახალგაზრდების ფსიქიკას საფრთხეს უქმნის.

ტრაგედიის ფონზე გამკაცრებული კონტროლი

თურქულ მედიაში აქტიურად განიხილება, რომ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა კაჰრამანმარაშში მომხდარი სკოლის თავდასხმა, რომელმაც საზოგადოებაში დიდი შოკი გამოიწვია. გავრცელებული ინფორმაციით, ინციდენტში მონაწილე მოზარდმა ცეცხლსასროლი იარაღი გამოიყენა, რამაც გააჩინა კითხვები ახალგაზრდებში აგრესიის ზრდის მიზეზებზე.

ექსპერტები და მშობლები მიუთითებენ, რომ ეკრანზე ძალადობის რომანტიზება შესაძლოა მოზარდებისთვის ქცევის მოდელად იქცეს. სწორედ ამ ფონზე გაიზარდა ზეწოლა RTÜK-ზე, გაემკაცრებინა კონტროლი მედია-კონტენტზე.