ჟურნალი „თბილისელები“ დღეანდელ ნომერში ადამიანის განწყობაზე ფერების გავლენაზე აქვეყნებს მასალას.
ცაგარელის თქმით, ყველა პლანეტას თავისი ფერი აქვს და თითოეულის ფერი შესაბამისი პლანეტისთვის დამახასიათებელი ენერგოინფორმაციული ველის მატარებელია. პლანეტების კოსმობიოლოგიური ვიბრაციები კი ზემოქმედებას ახდენს ადამიანების ფსიქიკაზე და ემოციების ცვალებადობაზე.
ყვითელი – მზის ფერია. ამ ფერის ტანსაცმელში ყურადღების ცენტრში ექცევით, წინა პლანზე გამოდის თქვენი ინტელექტი და გონებამახვილობა. ადვილად ავლენთ ენერგიას, სითბოს, კეთილშობილებას. თუ ეს ფერი გადამეტებულია, ესე იგი, თქვენში თვითგამოვლენის ზედმეტი სურვილებია განვითარებული.
თეთრი – უკავშირდება მთვარეს, რომელიც სისპეტაკის, მგრძნობიარობის, სისუფთავის სიმბოლოს წარმოადგენს. ამ ფერის სამოსში ადამიანი ხაზს უსვამს დამოუკიდებლობას. თუ არ გაქვთ სხვისი პრობლემების მოსმენის ან საკუთარი თავის სხვებისთვის გახსნის სურვილი, მაშინ ამ ფერის ტანსაცმლის ტარება სავსებით მისაღებია.
წითელი – პლანეტა მარსის ფერია. აძლიერებს აგრესიულობას, შემტევ ხასიათს, ლიდერულ თვისებებს, სექსუალურობას, აქტიურად, ენერგიულად მოქმედების უნარს. მეტად იზიდავს საპირისპირო სქესის პარტნიორებს. როცა ამ ფერის სამოსი გაცვიათ, ხართ გამორჩეული, თქვენგან ელოდებიან მებრძოლ სულისკვეთებას. თუ აღარ მოგწონთ ამ ფერის ტანსაცმელი, ესე იგი, ემოციურად გადაღლილი ხართ და სიმშვიდე და დასვენება გჭირდებათ.
მწვანე – შეიცავს სიყვარულის პლანეტა ვენერის ენერგიებს. სულიერი ჰარმონიის, წონასწორობის, სტაბილურობის, პრაქტიკულობის, დიპლომატიურობის ფერია. კარგია ამ ფერის ტანსაცმლის ჩაცმა მოლაპარაკებებისა და კონტრაქტების დადების დროს. თუ თქვენ, ძირითადად, მწვანე ფერს იცვამთ, ეს შესაძლებელია, იყოს შემცირებული თვითშეფასების ნიშანი, რითაც თრგუნავთ თქვენს გრძნობებსა და სურვილებს.
წყარო: თბილისელები