“ ციხეში გატარებული თვეები ნამდვილი ჯოჯოხეთი იყო”

მსახიობმა ლევან სუხიტაშვილმა “თბილისელებისთვის” მიცემულ ინტერვიუში ციხეში გატარებულ წლებზე ისაუბრა.

-მიმაჩნია, რომ უდანაშაულო ვიყავი, 4-დან 7 წლამდე მომისაჯეს და სამი ადვოკატის გამოცვლის შემდეგ, გირაო და ოთხწლიანი პირობითით გამომიშვეს. სულ ექვსი თვე მომიწია გლდანის ციხეში ჯდომა და იმ დღეებმა უდიდესი გამოცდილება დამიტოვა. მაშინ, ციხეში არ იყო საჭირო ექვსი წელი ჯდომა, ყველა ეტაპს და საშინელებას, მაქსიმუმ, ერთ კვირაში გადიოდი. სულ ვამბობ, მე უკვე გავიარე 6-თვიანი ჯოჯოხეთი დედამიწაზე. ადრე ყველგან შარი იყო და მქონია გაუგებრობები და ჩხუბები.

ერთი ორი დღით იზოლატორშიც აღმოვჩენილვარ, მაგრამ ციხეში გატარებული თვეები ნამდვილი ჯოჯოხეთი იყო. თუმცა, იმ ექვსთვიანმა ციხის კედლებმა დამიტოვა კარგი ადამიანებიც, იმფერიც და ამფერიც, ვისთანაც დღემდე ვმეგობრობ. რამდენიმეს ნათლიაც ვარ, რამდენიმე გარდაიცვალა. ნაღდ ადამიანურ ურთიერთობებს, ვერანაირი გარემო ვერ ცვლის. ყველას ჯვარი სწერია, მტერს არ ვუსურვებ იქ მოხვედრას, მაგრამ ციხე არის ადგილი, სადაც ადამიანი ბევრ რამეზე დაფიქრდები, რაზეც გარეთ დრო არ გაქვს. ციხეში გეგმებსაც სხვანაირად აწყობ, ადამიანებსაც სხვანაირად აფასებ, სხვანაირად გენატრება, ხედავ და, არჩევ ვინ არის შენი მეგობარი და თვალთმაქცი. პრინციპში, საკანში ცხოვრების მთლიანი გადაფასება ხდება და თუ კითხვა გიყვარს, ამის დროც გაქვს. ისე, ახლა რომ ვფიქრობ, ჩემი ცხოვრება რთული და საინტერესო იყო. ჩემი ოჯახი კი, ჩემს ყველა ეტაპებზე გვერდში მედგა. რაც არ უნდა შორს იყო, უხილავადაც გრძნობ მათ მხარდაჭერას და თანადგომას. ისინი არიან, ვის გამოც ადამიანი ბევრ რამეს იტან და ვის გამოც უნდა იცოცხლო, გადალახო ყველანაირი სირთულე. ჩემს ცხოვრებაში ბევრი რთული პერიოდი იყო, ისეთი, ერთ მათგანს რომ ვერ გამოვყოფ. თუმცა, ძლიერი ავღმოვჩნდი. სხვათა შორის, ბევრჯერ მიფიქრია ჩემს თავთან – ერთი ერთზე და მივსულვარ იმ დასკვნამდე, რომ ძლიერი ვარ, ყოველ შემთხვევაში სუსტი არ ვარ.