მომღერალი ნოდიკო ტატიშვილი საქართველოში დიდი პოპულარობით სარგებლობს. მისი ემიგრანტული გზა 2012 წელს დაიწყო, როდესაც საცხოვრებლად ამერიკის შეერთებულ შტატებში პირველად ჩავიდა. გადაცემაში „უეჭველი ქართველია“ მომღერალმა საკუთარ გამოცდილებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამერიკაში ადაპტაციისთვის ბევრი სირთულის გადალახვა მოუწია, მათ შორის კურიერადაც უმუშავია.
“მეც ვმუშაობ, უბრალოდ ჩემი ემიგრანტული სტატუსი იმით განსხვავდება, რომ წელიწადში 5-6 თვე შემიძლია საქართველოში გავატარო. ჩემი ცხოვრებაც ნაწილობრივ ემიგრანტულია და ეს სულაც არ არის მარტივი. ბევრი რამ გადავლახე და შევეცადე, ამერიკულ ტემპს სწრაფად ავყოლოდი.
მე გამიმართლა, რომ ჩამოსვლისას ბინის ძებნა არ დამჭირვებია. ბევრი მიმართულებით ვცადე ბედი, მათ შორის, მიტანის სერვისშიც ვმუშაობდი, პარალელურად კი ხანდახან ვმღერი ხოლმე,” – ამბობს ნოდიკო.