“უკვე 24 წელი გავიდა ჩვენი დაშორებიდან” – მსახიობი თამარ ბუხნიკაშვილი გურამ ჯაშთან ქორწინებაზე, ოჯახსა და შვილებზე

მსახიობი თამარ ბუხნიკაშვილი 1972 წლის 23 აპრილს, თბილისში დაიბადა. როგორც თავად იხსენებს, მსახიობობის გარდა სხვა პროფესიაზე არასდროს უფიქრია. მისი შემოქმედებითი ნიჭი ჯერ კიდევ 5 წლის ასაკში გამოვლინდა – ბავშვობიდანვე აქტიურად “მსახიობობდა”, ლექსებს კითხულობდა, ცეკვავდა და ოჯახისთვის წარმოდგენებსაც მართავდა. გარკვეული პერიოდი ვოკალზეც დადიოდა, თუმცა დრამატული ხელოვნება მისთვის ყოველთვის უფრო მიმზიდველი და საინტერესო იყო.

თამარ ბუხნიკაშვილის მიერ ეკრანსა თუ სცენაზე შექმნილი სახეები მრავალფეროვნებითა და გამორჩეული ინდივიდუალიზმით ხასიათდება. ფართო მაყურებელმა ის კინოეკრანებიდან გაიცნო – მან დასამახსოვრებელი როლები შეასრულა რუსუდან ჭყონიას ფილმში „გაიღიმეთ“ და ნანა ექვთიმიშვილისა და სიმონ გროსის საერთაშორისოდ აღიარებულ დრამაში „გრძელი ნათელი დღეები“. გარდა ამისა, მსახიობმა კინემატოგრაფიული პოპულარობა კიდევ უფრო გაიმყარა ყველასთვის საყვარელ ტელესერიალში „ჩემი ცოლის დაქალები“.

სახიობის ცხოვრება კულისებს მიღმაც საკმაოდ საინტერესოა. ის დაქორწინებული იყო საზოგადოებისთვის კარგად ნაცნობ მსახიობ გურამ ჯაშზე. მიუხედავად იმისა, რომ მათი გზები დიდი ხნის წინ გაიყო, წყვილს  შვილები და შვილიშვილები აკავშირებს. წარსულ ურთიერთობაზე თამარ ბუხნიკაშვილმა ჟურნალ „სარკესთან“ გულახდილად ისაუბრა:

„ჩვენ ძალიან დიდი ხანია გავშორდით ერთმანეთს და ამ თემაზე საუბარი აღარ მინდა. უკვე 24 წელი გავიდა ჩვენი დაშორებიდან და რაც დასრულდა, იმაზე ლაპარაკი აღარ ღირს.

საერთო ქორწინებიდან ორი შვილი და სამი შვილიშვილი გვყავს. ჩემს ქალიშვილებს – მარიამსა და ანასტასიას შორის 10 წელია სხვაობა. სამივე შვილიშვილი მარიამისგან მყავს.

თეატრში 1993 წლიდან ვარ. გადატვირთული გრაფიკისა და სამუშაოს გამო, მეორე შვილი გვიან გავაჩინე, წლები შეუმჩნევლად გამეპარა. არადა, სულ მინდოდა მეორე შვილის ყოლა… რამხელა ბედნიერებაა, როცა ადამიანს დედმამიშვილი გყავს.“