ვაშინგტონმა, კერძოდ კი თეთრმა სახლმა, რამდენიმე საათის წინ უპრეცედენტო სპორტულ მოვლენას – Freedom UFC 250-ს უმასპინძლა. საღამოს მთავარი მოვლენა ქართველი ჩემპიონის, ილია თოფურიასა და ამერიკელი ჯასტინ გეიჯის დაპირისპირება იყო.
ოქტაგონზე ნამდვილი ომი გაიმართა. ილია თოფურიამ ოთხი რაუნდის განმავლობაში ღირსეულად და თავგანწირვით იბრძოლა, თუმცა მიღებული ტრავმებისა და დაზიანებების გამო, კუთხის გადაწყვეტილებით, “ელ მატადორმა“ მეხუთე რაუნდში ბრძოლის გაგრძელება ვეღარ შეძლო. შესაბამისად, გამარჯვება ჯასტინ გეიჯს დარჩა. ბრძოლის მიმდინარეობისას ილიას კუთხიდან ასისტენტობას მისი უფროსი ძმა, ალექსანდრე თოფურია და ცნობილი ქართველი მებრძოლი, გურამ ქუთათელაძე უწევდნენ.
ამ უმნიშვნელოვანეს მატჩს დარბაზიდან ადევნებდა თვალს თოფურიას ოჯახი: მშობლები და მისი ვაჟი, ჰუგო თოფურია.
საკულტო ბრძოლის დაწყებამდე, ჟურნალისტმა ნათია გვაზავამ ილიას დედასთან, ინგა თოფურია-ბენდელიანთან მოკლე, თუმცა ძალიან გულახდილი ინტერვიუ ჩაწერა, სადაც მან შვილის ოჯახურ გეგმებსა და ღირებულებებზე ისაუბრა.
“მე ძალიან მინდა ილიას ჰყავდეს მოსიყვარულე მეუღლე. მინდა, რომ ჩემი შვილიშვილები აუცილებლად ქართული ტრადიციებით გაიზარდონ. თუმცა, ეს შეუძლია გააკეთოს არაქართველმაც, რომელსაც ეყვარება თავისი ქართველი მეუღლე. ვისაც ჩემი შვილი ეყვარება და ქართულ ტრადიციებს პატივს სცემს, ის იქნება ილიას მეუღლე, რასაც საბოლოოდ ისევ ილია გადაწყვეტს და არ ვწყვეტ მე, როგორც ამის ამის ინტერპრეტირებას აკეთებენ. მე არავის ვურჩევ მეუღლეებს.
როგორ არ მინდა, რა თქმა უნდა, მინდა ქართველი რძალი. თავისთავად ლოგიკურიც არის და ბევრი მიზეზის გამო უნდა მინდოდეს კიდევაც – ძალიან მიყვარს ქართველი გოგოები. მე შემიძლია მას მხოლოდ რჩევა მივცე და ვუთხრა, თუ როგორი ადამიანი უნდა იყოს ასეთი ძლიერი კაცის გვერდით.
ილიას გვერდით ყოფნა რთულია. მისი მეუღლე არ უნდა დანებდეს, ის ძლიერი უნდა იყოს. ილიას გვერდით ძლიერი ბებიები და ძლიერი დედა დგანან, ამიტომ ის არა ძლიერ ადამიანთან კომფორტის ზონაში ვერ იქნება. ძლიერი არ ნიშნავს იმას, რომ ნაზი არ იყოს – ილიას ძალიან უყვარს სინაზე, მაგრამ მისი პარტნიორი მებრძოლი უნდა იყოს და ყველაზე მეტად – არ უნდა იწუწუნოს. საბოლოოდ, ყველაფერი ილიას გადაწყვეტილებაა,” – ამბობს ინგა თოფურია-ბენდელიანი.