56 წლის ასაკში ბიზნესმენი თემურ უგულავა გარდაიცვალა. მძიმე დიაგნოზის დასმის შემდეგ, ბიზნესმენი უცხოეთში გადიოდა მკურნალობას. დღეს კი, მისმა გარემოცვამ, ეს სამწუხარო ინფორმაცია გაავრცელა.
ქვეყნისთვის უამრავი სასარგებლო საქმეების გარდა, ადამიანები, სოციალურ ქსელში, კონკრეტულ ისტორიებს იხსენებენ, თუ რა დახმარება გაუწიათ თემურმა.
მამუკა ღლონტი: “ამტანს” რომ ვიწყებდით, მოვუყევი თუ არა იდეა, 1 წამი არ უფიქრია; იმ წუთში დაასპონსორა. ეს მხოლოდ ერთი პატარა წამია მისი დადებითი ცხოვრებიდან, ნოვატორი და ნიჭიერი კაცი დაგვაკლდა.
ყველის მკვლევარი ანა მიქაძე-ჩიკვაიძე ამგვარ ისტორიას იხსენებს.
ანა მიქაძე-ჩიკვაიძე: ამ ისტორიას პირველად არ ვდებ.
ამიტომ მის გარდაცვალებას არ უკავშირდება.
გაეროს ნაყიდი ბიზნეს კლასის ბილეთით ვიფრინე.
თბილისი-სტამბული-რომი-პალერმო და უკან.
უკან გზაზე მარტო ვსხედვართ ორნი – მე და უცნობი კაცი.
ცოტა ხანში მკითხა: ქართველი ხარო? ვერ ვიტან ფრენას და მელაპარაკე, რაო.
დამშვიდობებისას სავიზიტო ბარათი დამიდო. ოფისში მაგიდაზე დამრჩა და მეგობარმა შეიცხადა – იცნობო?
მოკლედ, დავაკავშირე.
ეგ პროექტი თუ გამომივიდა: ერთი პატარა მანქანა ჩემზე იყოსო.
პროექტი გამოვიდა. იმან, მეგობარმა, ტრადიციულად გადამაგდო.
მირეკავს უგულავა და მეკითხება: დავეხმარე და შენ თუ ხარ ამ პროექტში ჩართულიო? ძალიან ტაქტიანად მკითხა..
მოვაღე ტირილი და ჩავუშვი ის ჩემი “მეგობარი.”
ერთ საათში მოდის მანქანა, უგულავამ გამომიშვაო.
კონვერტში ზუსტად ის თანხა იდო, რომლითაც ჩემი პირველი მანქანა ვიყიდე.
თვალით არ მინახავს ეს კაცი მას მერე..
მადლობაც ვერ ვუთხარი წესიერად.
უფალს ებარებოდეს შენი სული…