სოციალურ ქსელებში ვრცელდება დრამატული ვიდეო, რომელშიც ასახულია, როგორ უპირისპირდება, სავარაუდოდ, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი მგზავრი სამართალდამცველებს თვითმფრინავის ბორტზე.
ინციდენტი 16 ივნისს, Ryanair-ის რეისზე მოხდა, რომელიც ედინბურგიდან მალიორკასკენ მიემართებოდა. თვითმხილველების თქმით, ყველაფერი წყვილს შორის დაწყებული კამათით დაიწყო, თუმცა მოგვიანებით სიტუაცია იმდენად დაიძაბა, რომ ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.
40 წლის რიჩი დენჰოლმი, რომელიც იმავე რეისით მგზავრობდა, ამბობს, რომ წყვილი თვითმფრინავში უკვე არაფხიზელ მდგომარეობაში ავიდა.
„ედინბურგიდან გამოფრენამდეც ძალიან მთვრალები იყვნენ. ყველაფერი შეყვარებულებს შორის კამათით დაიწყო. ეკიპაჟი სიტუაციის გაკონტროლებას გამოფრენამდე ცდილობდა, მაგრამ ისინი ძალიან აგრესიულები გახდნენ,“ – იხსენებს თვითმხილველი.
გავრცელებულ კადრებში ჩანს, როგორ ცდილობენ სამოქალაქო გვარდიის თანამშრომლები აგრესიული მგზავრის შეკავებას. დაპირისპირების დროს მამაკაცმა ერთ-ერთ ოფიცერს სახეში მუშტიც დაარტყა.
საბოლოოდ, სამართალდამცველებმა მისი დამორჩილება შეძლეს.