ჟურნალისტი მარიამ გაფრინდაშვილი დედა გახდა. მას და მის რჩეულს, ანალიტიკოს ნიკო მიქაიას, ვაჟი შეეძინათ, რომელსაც ლუკა დაარქვეს.
წყვილის ცხოვრებაში ამ უმნიშვნელოვანეს მოვლენას წინ უძღოდა მომავალი მამის პოსტი. შვილის დაბადებამდე რამდენიმე საათით ადრე, ნიკო მიქაია პოსტს აქვეყნებდა, სადაც იმ უცნაურ და ამავდროულად ამაღელვებელ განცდებზე საუბრობდა, რაც მამობის მოლოდინს ახლავს თან.
“ღამის 3 საათია და მგონია, რომ ყველაზე უცნაურად ვარ ცხოვრებაში! თითქოს მეძინება, მაგრამ სინამდვილეში საერთოდ ვერ ვიძინებ! რაღაც უცნაური მჭირს და ვერ ვხსნი, რა არის ეს ყველაფერი!
და მაინც… სულ რამდენიმე საათია დარჩენილი ჩემი ცხოვრების მთავარ შეხვედრამდე! რამდენჯერმე მკითხა მარიამმა, რა იქნება შენი რეაქცია, პირველად რომ ნახავო, და ვერ ვპასუხობ! უბრალოდ არ ვიცი! იტირებო? და უცნაურია, მაგრამ ვერც მაგაზე ვუპასუხე მტკიცე უარით, იმიტომ რომ ძალიან ცოტა ადამიანს უნახავს ჩემი ცრემლი, მაგრამ ამ შემთხვევაში? არ ვიცი…
სულ, სულ ვფიქრობ, როგორი იქნება ცხოვრების მთავარი შეხვედრა და პასუხს ვერ ვცემ ამ კითხვას! ერთი რაც ვიცი, არის ის, რომ სულ რამდენიმე საათში ახალი ცხოვრება იწყება – სხვანაირი, რადიკალურად განსხვავებული, მაგრამ ალბათ ყველაზე მაგარი!
დიდი ხანია არ ვწერ, მაგრამ თან ძალიან ბევრი რამ მინდა ვთქვა! და მაინც ვერაფერს ვამბობ, გარდა იმისა, რომ სულ რამდენიმე საათში ჩემი ცხოვრების მთავარ შეხვედრა მელოდება! მთავარ სუნთქვას მოვუსმენ და მთავარ კანის სუნს შევისუნთქავ, რაც კი ოდესმე შემისუნთქავს!
მეძინება, საშინლად დაღლილი ვარ, მაგრამ უბრალოდ ძილი არ მოდის ახლოს! ვზივარ აივანზე და ველოდები რაღაც ისეთს, რაც თითქოს ვიცი და, ამავდროულად, საერთოდ არ ვიცი, რა არის!
და თითქოს არაფერია ის 39 წელი, რაც აქამდე გავიარე – სულ რამდენიმე საათში ყველაზე მთავარი გზა იწყება, რომელიც ყველაზე სწორად უნდა გავიარო!
მოკლედ, ღამის 3 საათია, მეძინება და ვერ ვიძინებ! ველოდები, ცხოვრების მთავარ შეხვედრას ველოდები! ხვალაც უძილო ღამეა და მერე არ ვიცი” – წერდა ნიკო.