სკანდალი ირაკლი ფირცხალავას გარშემო – 22 წლის მოდელი აცხადებს, რომ მომღერლისგან ორსულადაა და „ლავ-სთორის“ დეტალებს ფასიან არხზე მოყვება

რუსულ ტაბლოიდურ მედიაში ირაკლი ფირცხალავას პირად ცხოვრებასთან დაკავშირებით ახალი სკანდალის შესახებ წერენ.

22 წლის მოდელი ეკატერინა (კატია) ლუკიანოვა აცხადებს, რომ მომღერლისგან ორსულად არის და მათი ურთიერთობის დეტალების გასაჯაროება გადაწყვიტა.

მედიის ცნობით, ლუკიანოვა ამბობს, რომ ფირცხალავასთან ურთიერთობა თავდაპირველად საიდუმლოდ ჰქონდათ. მისი თქმით, ისინი ერთმანეთს ივნისის დასაწყისში შეხვდნენ, მალევე დაახლოვდნენ და გარკვეული პერიოდის შემდეგ გოგონამ გაიგო, რომ ორსულად იყო.

მოდელის განცხადებით, ორსულობის შესახებ ინფორმაციის შემდეგ ფირცხალავა თავდაპირველად დადებითად შეხვდა ამბავს, თუმცა მოგვიანებით, მისი თქმით, ურთიერთობაში სირთულეები გაჩნდა.

ლუკიანოვა ამტკიცებს, რომ რთულ პერიოდში მხარდაჭერა აკლდა და სწორედ ამის გამო გადაწყვიტა, საზოგადოებისთვის მათი ურთიერთობის შესახებ ესაუბრა. მან სოციალურ ქსელში გააზიარა მიმოწერის ფრაგმენტებიც, რომლებიც, მისი თქმით, მომღერალთან ჰქონდა.

„მძიმე პერიოდს მარტო გავდივარ“, – აცხადებს მოდელი და ამბობს, რომ ორსულობის პერიოდში მისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო პარტნიორის მხარდაჭერა.

სკანდალის შემდეგ ლუკიანოვამ შექმნა ფასიანი არხი, სადაც მომხმარებლებს მათი ურთიერთობის შესახებ დამატებითი დეტალების გაზიარებას ჰპირდება.

რუსული მედიის ინფორმაციით, არხზე წვდომის ღირებულება თვეში 990 რუბლია. მოდელი აცხადებს, რომ იქ ისაუბრებს იმაზე, „რაც რეალურად მოხდა, ყოველგვარი დამახინჯების გარეშე“.

მანამდე ლუკიანოვას სახელი სხვა ცნობილ ადამიანთან, რეპერ ტიმატისთანაც, იყო დაკავშირებული, თუმცა თავად მოდელი პირად ცხოვრებაზე საჯაროდ საუბარს ერიდებოდა.

ამ დროისთვის ირაკლი ფირცხალავას მხრიდან ლუკიანოვას განცხადებებზე ოფიციალური ვრცელი კომენტარი არ გავრცელებულა.