თეა გვასალია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
”შეშინებული ელენე რომ მიმყავდა პირველ კლასში, ხელით რომ მანიშნებდა, შენ აქ დარჩიო და მომდევნო სამი წელი ცრემლიანი თვალებით მხვდებოდა მის გამოსაყვანად ყველა მშობელზე ადრე მისულს, იმას წარმოვიდგენდი, რომ ჩვენ საყვარელ „ეკზიუპერს“ ოქროს მედლით დაამთავრებდა, ფრანგულში C2 -ის სერტიფიკატს აიღებდა, ინგლისურს მშობლიურივით ისწავლიდა, ISET-ის მესამე კურსიდან TBC Capital-ში აიყვანდნენ ფინანსურ ანალიტიკოსად და ესეც რომ ეცოტავებოდა, GRE-ს გამოცდებს უმაღლესი ქულით ჩააბარებდა და მსოფლიოს ყველა ტოპ უნივერსიტეტის მაგისტრატურაში მიიღებდნენ, სადაც კი მოთხოვნას გააგზავნიდა?!
მიღებასაც ხომ გააჩნია, ერთ გასაუბრებაზე გუგლის ფინანსურმა დირექტორმა (შეიძლება ზუსტად ვერ ვამბობ თანამდებობას) უთხრა, ჩემ თავს მაგონებ ახალგაზრდობაშიო, JP Morgan-ის ასევე მნიშვნელოვანმა ფიგურამ, რაღაც ქეისი მისცა გასარჩევად და ამის პასუხი რომ მოისმინა, ამ პრობლემის ასეთი ორიგინალური გადაწყვეტა პირველად ვნახეო.
და მე რომ მეგონა, ერთი-ორი უნივერსიტეტიდან მოვა თანხმობა თქო, ყველა ქვემოთ ჩამოთვლილი უნივერსიტეტის მაგისტრატურაში მიიღეს დიდი ზარ-ზეიმით:
ამერიკა:
Duke
Carnegie Mellon
ინგლისი:
London Business School
King’s College London
University College London
ევროპა:
HEC Paris
INSEAD
Bocconi
და რაც მთავარია, მიიღო ლონდონის ეკონომიკის სკოლამ London School of Economics (LSE), სადაც გადაწყვიტა კიდეც სწავლა.
იქ წელს 6,6% იყო მიღება და როგორ არ ვიამაყო, ამ 6 პროცენტში, მთელი მსოფლიოდან რომ ცდილობდნენ საუკეთესო ეკონომისტები და ფინანსისტები მოხვედრა, ჩემი 22 წლის შვილი, ქართველი გოგო რომ მოხვდა.
ჩემი ყველაზე დიდი ოცნება LSE-ს დამთავრების შემდეგ ელენეს საქართველოში დაბრუნებაა. იქამდე ვიღებ მოლოცვებს 🙂“