ტელეწამყვანმა გვანცა დარასელიამ გადაცემა Speak Easy-ში სტუმრობისას ტელევიზიიდან წასვლის მიზეზებსა და კარიერულ კრიზისზე ღიად ისაუბრა. ტელესახის თქმით, ცვლილებების საჭიროებას დიდი ხნის განმავლობაში გრძნობდა, რადგან საკუთარ საქმიანობაში სტაგნაციის ეტაპი ედგა.
“სანამ წამოვედი ტელევიზიიდან, პროდიუსინგი შემომთავაზეს. არ ვიცი, მგონი არსად არ მილაპარაკია ამაზე, მაგრამ დასამალი ნამდვილად არაფერია. წამოსვლაზე ისედაც ვფიქრობდი, რადგან ძალიან დიდი პიროვნული და პროფესიული კრიზისი მქონდა, თითქოს სტაგნაციაში ვიყავი, წინ აღარ მივდიოდი და გადაწყვეტილებაც უკვე დიდი ხნის მიღებული მქონდა, რომ რაღაც მიმეტოვებინა, სიახლე ყოფილიყო და ახალი საქმე მეკეთებინა.
რაც შეეხება კადრს მიღმა გადასვლას, შემომთავაზეს, ამას ასე აღვიქვამ, არ ვიცი შეიძლება ვიღაცამ ამპარტავნულად ჩამითვალოს, მაგრამ არ ვფიქრობდი, რომ კადრს მიღმა გადასვლა სწორი გადაწყვეტილება იქნებოდა. მიმაჩნდა, რომ კვლავ კადრში უნდა ვყოფილიყავი და ისე მესაუბრა, როგორც საჭიროდ ვთვლიდი.
ტელევიზორს ძალიან იშვიათად ვუყურებ, რადგან ძირითად შემთხვევებში არსებული კონტენტი არ მომწონს. ჩემი საქმიანობიდან გამომდინარე, უფრო YouTube-ს ვადევნებ თვალს, რადგან მაინტერესებს რა ხდება, ვინ რას აკეთებს და როგორი ტენდენციებია. დასავლური ტენდენციები ჩვენთან უფრო გვიან შემოდის, ამიტომ უცხოენოვან არხებსაც ვუყურებ.
ტელევიზორს ნაკლებად ვუყურებ. მე მაინც მილენიალი ვარ და სულ მაქვს კარგი გადაცემების, შოუებისა თუ მუსიკალური პროექტების ყურების მოთხოვნილება. თუმცა მგონია, რომ რაც ახლა გადის, თითქოს უკვე ყველაფერი ნანახი მაქვს. მთავარი მიზეზი კი, რატომაც ვერ ვუყურებ ტელევიზორს, არის ის, რომ ყველაფერს ძალიან პროფესიული თვალით აღვიქვამ და უბრალოდ ვიღლები იმის გაანალიზებით, თუ რა ხდება კადრს მიღმა,” – ამბობს გვანცა.