გიორგი გველესიანმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა. ამის შესახებ ის ინსტაგრამზე წერს.
“გადავწყვიტე, დავასრულო ჩემი აქტიური საფეხბურთო კარიერა. ეს არ ყოფილა მარტივი, მაგრამ დგება დრო, როცა სხეულის ხმას უნდა მოუსმინო. ვინც მიცნობს, იცის ის უხილავი ბრძოლა, რასაც წლების განმავლობაში ვაწარმოებდი – ბოლო 10 წელია, ორივე მუხლის ქრონიკული ტრავმა ჩემი ყოველდღიური თანამგზავრია.
იყო მომენტები, როცა ტკივილი გაჩერებას მთხოვდა, მაგრამ ტრიბუნებიდან წამოსული თქვენი ენერგია მაძლევდა ძალას, გამაყუჩებლებით კიდევ ერთი მატჩი ჩამეტარებინა. მე ამოვწურე სხეულის ყველა რესურსი და ფეხბურთს მივეცი ყველაფერი – ენერგია, ჯანმრთელობა და დრო.
ვამაყობ, რომ ჩემი კვალი დავტოვე ყველგან, სადაც მითამაშია – მათ შორის, საქართველოს ეროვნულ ნაკრებში.
უღრმესი მადლობა გულშემატკივრებს, მწვრთნელებს, თანაგუნდელებსა და ექიმებს. განსაკუთრებული მადლობა ჩემს ოჯახს – თქვენი უპირობო თანადგომის გარეშე, ეს მოგზაურობა ბევრად ადრე დასრულდებოდა.
მინდორს ვტოვებ მშვიდად და თავაწეული, რადგან დასანანი არაფერი დამიტოვებია. მე ვიბრძოლე ბოლომდე.”