ნინო მუმლაძე ცნობილი და წარმატებული ქართველი მსახიობია. მას დამთავრებული აქვს კონსერვატორიასთან არსებული ექსპერიმენტული სამუსიკო ათწლედის ვოკალის ფაკულტეტი. 2004 წელს დაამთავრა თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სამსახიობო ფაკულტეტი. 2004 წელსვე დაიწყო მუშაობა თეატრალურ სარდაფში. 2006 წლიდან მუშაობდა ალექსანდრე გრიბოედოვის სახელობის რუსულ დრამატულ თეატრში. 2007 წელს დაიწყო მუშაობა ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრში. 2010 წლიდან კი თავისუფალი თეატრის მსახიობია.
ნინოს განსაკუთრებული პოპულარობა მოუტანა სერიალებმა “ჩვენი ოფისი”, “რაც ყველაზე ძალიან გიყვარს” და “ჩემი ცოლის დაქალები”.
ნინო მუმლაძე პოპულარული ქართული შოუებისა თუ პოდკასტების სასურველი და საყვარელი სტუმარია. ცოტა ხნის წინ ის ანა ტყებუჩავას პოდკასტში იყო მიწვეული, სადაც დედობისა და ოჯახის შესახებ ისაუბრა:
38 წლის ასაკში გავთხოვდი, უკვე ხელიც კი ჰქონდათ ჩაქნეული ჩემზე. გვიან ასაკში დედობა კარგია იმიტომ, რომ ამას გაცნობიერებულად აკეთებ, მაგრამ ამას მეორე მხარეც აქვს – ნაკლები ენერგია გაქვს და სულ იმაზე ფიქრობ, რამდენ ხანს ეყოლები შენს შვილს გვერდით.
იმ გოგოებმა, ვინც ადრე გააჩინეს შვილი, ორმაგი სტრესი გაიარეს – თუ განათლებაც მიიღეს და თან არაფერს ჩამოშორდნენ, არაფერს მოწყდნენ, ეს ხომ ორმაგი ძალისხმევაა. ახალგაზრდა ხარ, გართობაც გინდა, თვითდამკვიდრებაც გინდა, გაპრანჭვა გინდა – და ამ დროს ბავშვი გელოდება სახლში და სულ მისკენ მიგეჩქარება.
ამ ასაკამდე მე ეს ყველაფერი მოვასწარი, მოვახერხე, გული არაფერზე მწყდება – ნაყოფიერი წლები გამოვიარე და ბევრი კარგი მოგონება მაქვს. დაქორწინებისა და შვილის გაჩენის გადაწყვეტილება შეგნებულ ასაკში მივიღე.
ქორწინებაც რთული იყო და – განქორწინებაც. ჩემს შვილს მამასთან ურთიერთობა აქვს, მის ცხოვრებაში ისევ არსებობს მამა. იმედი მაქვს, როცა გაიზრდება და გაუჩნდება კითხვები, რომლებზეც პასუხები მხოლოდ მამას აქვს, ექნება მისი იმედი და ცხოვრების ეს ეტაპი უმტკივნეულოდ ჩაივლის.
არავინ იცის ხვალ ვის რა ელოდება – შეიძლება ძალიან კარგი ადამიანი იყოს შენ გვერდით, მაგრამ საკუთარი თავის იმედი მაინც სულ უნდა გქონდეს. სულ ვიცოდი, რომ მთელი ცხოვრების მანძილზე ჩემი თავის იმედი უნდა მქონდა.