„დე, ესეც ჩუმად გადაგიღე ფანჯრიდან, თვალი მომკარი და მითხარი…“ – ხუდადოვზე მოკლული 17 წლის დავით ნარიმანიძის დედა ვიდეოს აქვეყნებს

თბილისში, ხუდადოვის ქუჩაზე მოკლული დავით ნარიმანიძის დედა ეკა მხატვრიშვილი სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს და კადრებს აქვეყნებს.

„დე, ესეც ჩუმად გადაგიღე ფანჯრიდან, თვალი მომკარი და არსად დადოო, მითხარი. სულ თვალს გადევნებდი, იმ ავბედითი ღამის გარდა, ჩემი შვილი საქართველოს სადღეგრძელოზე დგებოდა ფეხზე და არა არაკაცების ნათქვამ სადღეგრძელოზე. კაცობა არასდროს შეშლია და სახელი დატოვა ადამიანობის“, – წერს ეკა მხატვრიშვილი.

17 წლის დავით ნარიმანიძე 2026 წლის 10 სექტემბრის გამთენიისას, თბილისში, ლოტკინის დასახლებაში, ხუდადოვის ქუჩაზე მოკლეს. 

საზარელი მკვლელობის მიზეზი, სადღეგრძელოს გამო დაწყებული უკმაყოფილება გახდა. პროკურატურის ცნობით, დაკავებული 17 წლის დ.პ. მრავალფეროვანი კრიმინალური ისტორიის მქონე არასრულწლოვანია და ახლაც გირაოს პირობების ქვეშ იმყოფებოდა.

დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა, ხულიგნური ქვენა გრძნობით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.