“ბოდიში ემოციებისთვის, მაგრამ როგორც დედა ძალიან აღელვებული ვარ, ვნერვიულობ და არც ვიცი ვის მივმართო…. დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, იქნებ მიიღოთ რამე ზომები პატარებში ამ ვირუსის შესაჩერებლად”, – წერს მსახიობი ნინო მუმლაძე და ვიდეომიმართვას აქვეყნებს:
– ჩემი შვილის ჯგუფში გავრცელდა ნოროვირუსი. და როგორც აღმოჩნდა, საერთოდ მთელ ქალაქშია მოდებული. ძალიან ვნერვიულობ, იმიტომ, რომ ჩემი შვილი ძალიან უჭმელი ბავშვია, არც წამლებს იღებს მაინცდამაინც, ვერც ვიტამინებს ვასმევ და ღმერთმა დაიფაროს, რომ გადაედოს, ამ ეტაპზე მართლა ძალიან ვნერვიულობ, იმიტომ, რომ სავარაუდოდ, არც ელექტროლიტებს მიიღებს და ღმერთმა დაიფაროს, რომ გადაედოს, შეიძლება მომიწიოს გადასხმა, გადაყვანა და ა.შ… არც მინდა ამაზე ფიქრი. უბრალოდ მაქვს გულწრფელად ერთი კითხვა: როდესაც პირველ ეტაპზე 100 თუ 110 ბავშვი მოხვდა საავადმყოფოში, და როდესაც ჯანმომ ოფიციალურად გამოგვიცხადა, რომ ამის მიზეზია ნოროვირუსი, ნუთუ არ იყო ეს საკმარისი მიზეზი იმისთვის, რომ გამოცხადებულიყო დროებითი კარანტინი, და საყოველთაო დეზინფექცია მაინც გაკეთებულიყო საბავშვო ბაღებში?!
შეგახსენებთ, საბავშვო ბაღებში მასობრივი ინტოსიკაციის შემდეგ ჩატარებული ლაბორატორიული კვლევების წინასწარი შედეგების მიხედვით, შემთხვევათა ძირითადი ნაწილის მიზეზი, მაღალი ალბათობით, ნოროვირუსი იყო.