“მითხრეს, თუ ქიმია არ იმუშავებს ერთი წელი დაგრჩაო…“ – ნატალია ჩიქოვანმა სიმსივნის დამარცხება შეძლო

მწერალი და ჟურნალისტი ნატალია ჩიქოვანი სოციალურ ქსელში ემოციურ ამბავს გვიზიარებს. მან შეძლო და სიმსივნეზე გაიმარჯვა.

„ეს ფოტო ერთი წლის წინაა გადაღებული, 2025 წლის ოქტომბერში. სტამბოლში ვართ. მეორე დღეს დიაგნოზს ველოდებით და სასტუმროში არ გვიდგება გული, ამიტომ ტაქსიში ვსხდებით და ბოსფორზე მივდივართ, ბულვარში. მთელი დღე ვიწექით ასე უხმოდ და სიტყვების გვეშინოდა. თავში ათასი ფიქრი და სცენარი ბზუოდა განუწყვეტლივ. ჯერ კიდევ თბილოდა, ვერცხლისფრად ირეკლავდა მზეს ტალღები და არ გვინდოდა დაღამებულიყო. გვიან გავუყევით შიშლის უბანში, სასტუმრომდე მიმავალ გზას, ბორნებთან გავჩერდით. მეთევზეების შირიახლოს ჩამოვსხედით, მიკროფონიდან გადმოღვრილი მოლას სიმღერა ავსებდა მოედნებს. ვუყურებდი სტამბოლის ცას, ზღვაში ჩამავალ მზეს და ხარბად ვიმახსოვრებდი, თითქოს მარაგივით წავიღებდი სადმე ნანახს, თუ ყველაფერი დასრულდებოდა…

იმ ღამეს ქარიშხალი ანგრევდა ფანჯრებს, თქეში წვიმა ეხეთქებოდა შენობის კედლებს და მგლოვიარესავით ჭრიალებდა ხის სხვენი, რომელშიც ვცხოვრობდით. მთელი ღამე თვალი არ მოგვიხუჭავს. დილით ისე გათენდა, თითქოს არც უწვიმია, თოლიები ჭყიოდნენ ფანჯარასთან. ადმინისტრატორმა დარეკა, კლინიკის მანქანა გელოდებათო. მძიმედ ჩავიარეთ კიბეები.

გზა გრძელი იყო, სხვა პაციენტებს ვერ ვუყურებდი, “მალე მეც” – გამკრა გულში და პირბადე ჩამოვიხსენი ჰაერი რომ მყოფნოდა. იკა მაგრად მიჭერდა ხელს მტევანზე. მერე იყო დიაგნოზი – ავთვისებიანი სიმსივნე, მეოთხე სტადია.

ყველაზე რთული სწორედ ამის მიღება და გააზრება იყო. ორი დღე ვგლოვობდი საკუთარ თავს და ცხოვრებას სასტუმროს საწოლზე. ბოლოს იკამ გამომაფხიზლა. პირველი, რაც გავაკეთეთ ვილოცეთ და უფალს შევთხოვეთ ძალა მოეცა ჩვენთვის. მეორე – სიკვდილზე ფიქრები ავკრძალეთ, მესამე – შეუპოვარი ბრძოლის გადაწყვეტილება მივიღეთ.

მერე იყო ტკივილი, 12 ქიმია, 52 საათიანი უწყვეტი გადასხმები, დაჩხვლეტილი ხელები, გაცვენილი თმა, 3 პეტის, 6 კატეს და 2 ემერტეს პასუხების მტანჯველი ლოდინი, სამი ვიზიტი სტამბოლში და სამი ოპერაცია.

მითხრეს, თუ ქიმია არ იმუშავებს ერთი წელი დაგრჩაო. ერთი წელი გავიდა, მე კი გუშინ სახლში გამომწერეს ჩემი ბოლო ოპერაციის მერე. ღვიძლიდან სიმსივნის ნარჩენები ამოიმიღეს.

წინ რეაბილიტაციაა, არც ისე ადვილი და მკურნალობის ბოლო კურსი, რომელსაც სტამბოლიდან ველოდები.

დღეს დილით სახლში გამეღვიძა, დემნას ღუღუნი ისმოდა ოთახში, გოგოები ფაცი-ფუცობდნენ სკოლაში წასასვლელად. გარეთ მზე ანათებდა და ისევ ოქტობერია, ოღონდ 2026 წელი...“,- წერს ნატალია ჩიქოვანი.