„ყველამ მითხრა, რომ უფრო გამხდარი უნდა ვყოფილიყავი“

მსახიობი ნინო მუმლაძე „სარკესთან“ ყოველთვის გულახდილად საუბრობს იმ საკითხებზე, რომლებზეც ბევრი საჯაროდ ლაპარაკს ერიდება. ამჯერად ის წონის კლების მცდელობებზე, წლების განმავლობაში დაგროვილ გამოცდილებაზე, თავის ახლანდელ ცხოვრების წესზე, თვითნებური დიეტების მძიმე შედეგებსა და იმ მიზეზებზე გვიყვება, რომელთა გამოც ბარიატრიულ ოპერაციაზე უარი თქვა.

– რამდენი წლის იყავით, პირველად წონა რომ გაგექცათ?

– ეს პრობლემა სტუდენტობის პერიოდში დამეწყო. მანამდე ნორმალური წონა მქონდა. როცა თეატრალურში ჩავაბარე, ყველამ მითხრა, რომ უფრო გამხდარი უნდა ვყოფილიყავი. პუტკუნა არ ვიყავი, უბრალოდ, ქალური  ფორმები მქონდა.
იმ დროს ასეთი სტერეოტიპი არსებობდა – მსახიობი ძალიან გამხდარი უნდა ყოფილიყო. ძალიან ნორმალურად გამოვიყურებოდი, მაგრამ ლექტორების და ჩემი მომავალი კოლეგების მუდმივი მინიშნება წონასთან დაკავშირებით რაღაცნაირად მოქმედებდა ჩემზე.
მუდმივი ზეგავლენის გამო სტუდენტობიდან დავიწყე დიეტა. ზუსტად ამ თვითნებურმა დიეტებმა მიმიყვანა იქამდე, რომ ამერია ნივთიერებათა ცვლა და დავიწყე წონაში მომატება. ამიტომაც ყველას ურჩევ, თვითნებურ დიეტას ნუ მიეძალებიან, მიმართონ პროფესიონალს და ისე დაიკლონ წონაში. თვითნებური დიეტებით ორგანიზმი გავინადგურე.