“14 წლის ვიყავი, როდესაც მაყურებელმა და ხალხმა გამიცნო…“

მოდელმა და ტელეწამყვანმა სალომე ღვინიაშვილმა გადაცემა Beauty Talks-თან ინტერვიუში საკუთარი კარიერის დასაწყისზე, საზოგადოებრივ აღქმებსა და იმ მცდარ წარმოდგენებზე ისაუბრა, რაც წლების განმავლობაში მის ირგვლივ არსებობს.

სალომეს თქმით, საზოგადოებამ ის ჯერ კიდევ მოზარდობის ასაკში გაიცნო, რამაც მას დიდი გამოცდილება და თავდაჯერებულობა შესძინა. ტელეწამყვანი აღნიშნავს, რომ ფართო საზოგადოება მას მხოლოდ გარეგნობითა და საჯარო იმიჯით იცნობს, ხოლო მისი შინაგანი სამყარო მხოლოდ ვიწრო წრემ იცის.

“პატარა, 14 წლის ვიყავი, როდესაც მაყურებელმა და ხალხმა გამიცნო. გამოვჩნდი ჩვენებებსა და რეკლამებში და იმ ასაკში ეს ძალიან საპასუხისმგებლო იყო, დღევანდელი გადმოსახედიდან რომ ვფიქრობ. თავდაჯერებულობა ნამდვილად მომცა, მაგრამ გავლენა ჩემზე არ მოუხდენია. ძალიან ცოტა ადამიანი მიცნობს რეალურად, როგორი ვარ. ვფიქრობ, მაყურებელთა უმეტესობას საერთოდ არანაირი წარმოდგენა არ აქვს ჩემზე – არ იციან, როგორი ვარ, როგორი ხასიათი ან თვისებები მაქვს; ისინი ხედავენ მხოლოდ ფასადს, ჩემს ვიზუალს. მიმაჩნია, რომ ჩემი შინაგანი სამყარო, სურვილები, ფიქრები და ხასიათი მხოლოდ ჩემმა ახლობელმა ადამიანებმა იციან.

ხშირად ჩემზე ისეთი რამ მსმენია, რომ გაკვირვებული ვყოფილვარ. უთქვამთ, რომ უხასიათო და უჟმური ვარ, ამ დროს კი საერთოდ არ ვარ ასეთი. ჭორებს რომ ვისმენ, არ მსიამოვნებს, მაგრამ, რეალურად, ეს ჩვეულებრივი ამბავია. სულ ვბრაზდები, როდესაც ადამიანები თავს უფლებას აძლევენ, იმ პიროვნებაზე, რომელსაც საერთოდ არ იცნობენ, საკუთარი უარყოფითი აზრი დაწერონ, რაც ძალიან ცუდია,” – ამბობს სალომე.