„მამა 12 წლისას მოკლეს, ვერც დედას ჩავეხუტე და ვერც – ჩემს დას…“

ანი გიუნტერი უკვე არაერთი წელია, საზოგადოებისთვის საყვარელი ტელესახეა – ის არაერთი სეზონის მანძილზე დილისა თუ გასართობის გადაცემების განუყოფელი ნაწილი იყო – მისი პროფესიონალიზმი და გარეგნობა ერთნაირად ხიბლავდა მაყურებელს. 

ანი გიუნტერის ცხოვრებაში ბოლო წლებში არაერთი რთული პერიოდი იყო, რომელიც ჯერ დედის, შემდეგ კი დის გარდაცვალებას უკავშირდებოდა. ამ თემაზე მან გადაცემაში „ჩემი ამბავი“ გულწრფელად და ვრცლად ისაუბრა.

“12 წლის რომ ვიყავი, მამა მოკლეს. დღემდე არ ვიცი, ვინ ჩაიდინა ეს. წლების მანძილზე უშედეგოდ ვეძებდი ამ ადამიანს. არ ვიცოდი, როგორ გამოიყურებოდა , მხოლოდ მხოლოდ გადმოცემით ვხელმძღვანელობდი. აღმოჩნდა, რომ მამაჩემი მისი ერთადერთი მსხვერპლი არ ყოფილა. ყველა მამაკაცში, რომელსაც ფართო მხრები ჰქონდა, მას ვხედავდი. არ ვიცი, შესაძლოა, ის აღარც იყოს ცოცხალი, შესაძლოა, ჩემ ირგვლივ დადიოდეს კიდეც, მაგრამ დღეს მე მკვლელს არ ვეძებ, უკვე დიდი ხანია, რაც აღარ ვეძებ, იმიტომ, რომ მე ის უნდა შევიძულო და აღარ მექნება უფლება, რომ ყველა მიყვარდეს”.

“ჩემმა დამ ოჯახი შექმნა, არაჩვეულებრივი ადამიანია ჩემი სიძე. შემდეგი დარტყმა სწორედ მას უკავშირდება, ეს ძალიან დიდი ტრაგედია იყო. დღეს ის ქმედითუუნაროა, მეტყველების უნარიც აღარ აქვს.

დედა იყო ბურჯი, რომლის გარშემოც ყველა ტრიალებდა, საყრდენი, რომელზეც ჩვენი ოჯახი იდგა. ერთ დღეს მან ინსულტი გადაიტანა. ჩემს ცხოვრებაში იყო პერიოდი, როდესაც ოჯახის სამი წევრი ერთდროულად მყავდა კლინიკაში. მე კი იმ დროს სრულიად მარტო ვიყავი. სია მქონდა ჩამოწერილი, რომ რამე არ გამომრჩენოდა. ეს იყო წრე, რომელზეც მუდმივად ვტრიალებდი და რომელიც არასდროს მთავრდებოდა.

ტელეფონის ზარსაც შიშით ველოდებოდი – იმ ენით აღუწერელი შიშით, რომ დამირეკავდნენ და ცუდ ამბავს შემატყობინებდნენ. ტელეფონს მშვიდად ვერ ვუყურებდი. ყოველი ზარი ცუდი ამბის მოლოდინს მიჩენდა. სამწუხაროდ, ეს მოლოდინი მართლდებოდა კიდეც.

ჩემი და ერთ-ერთ კლინიკაში სპეციალურ მკურნალობას გადიოდა. ერთი ეპიზოდი დღემდე თვალწინ მიდგას. ეს მაშინ მოხდა, როდესაც მის შვილს დაბადების დღე ჰქონდა – სრულწლოვანი ხდებოდა. მახსოვს, ბავშვებმა სიურპრიზი მოუწყვე და თორმეტ საათზე ტორტი მიუტანეს. მე ტორტით ხელში ვიდექი და ბავშვს სურვილი უნდა ჩაეფიქრებინა. როგორც კი სანთლები ჩააქრო, ტელეფონმა დარეკა. ვიფიქრეთ, რომ კლინიკიდან დედამისი რეკავდა მოსალოცად, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ექიმი გვირეკავდა. მან შეგვატყობინა, რომ ჩემს დას სხვა კლინიკაში გადაყვანა სჭირდებოდა. რა თქმა უნდა, ძალიან განვიცადეთ, მაგრამ არ მინდოდა, ბავშვისთვის ეს ამბავი დამთრგუნველი ყოფილიყო, ამიტომ ოპერაცია არ მიხსენებია.

მეორე დღეს ჩემმა დამ თავად დამირეკა კლინიკიდან და მითხრა, რომ თავს ფანტასტიკურად გრძნობდა. ისიც მითხრა, რომ ოპერაცია იმავე ან მომდევნო დღისთვის იყო დაგეგმილი. მოკლედ, ყველაფერი სტაბილურად იყო. შევთანხმდით, რომ იმ დიდი წვეულებისა და დღესასწაულისთვის მიმეხედა. ჩემი და ამას გაგებით მოეკიდა, თუმცა, როდესაც მისი გარდაცვალების შესახებ შევიტყვე, ამას, რა თქმა უნდა, მე გაგებით ვეღარ მოვეკიდე. ჩემი დის ბოლო თხოვნა სწორედ ეს იყო – საავადმყოფოში მისთვის ბანანი და კეფირი უნდა მიმეტანა და მე მასთან შეხვედრა ვეღარ მოვახერხე. ერთდროულად ვნანობდი და არც ვნანობდი. იმ მომენტში მართლა გაბრაზებული ვიყავი მასზე. შესაძლოა, ცოტა სხვანაირი ტონითაც მესაუბრა – ამას ვაღიარებ. ამიტომ ამით ვიმშვიდებ თავს.

რაც შეეხება დედაჩემს, მასთანაც ვერ მოვახერხე დამშვიდობება და წინა დღეს ვერ ჩავეხუტე. ჩემს მეგობრებს ეჩქარებოდათ და გზად უბრალოდ მშობლიურ სახლთან შევიარეთ. ვიფიქრე, რომ მეორე დღეს მივიდოდი და ჩავეხუტებოდი. ზუსტად ასე გადავწყვიტე ჩემს დასთან დაკავშირებითაც – ვიფიქრე, რომ მოგვიანებით ვნახავდი, მაგრამ ვერც დედას ჩავეხუტე და ვერც – ჩემს დას.

ჩემი და ჩემზე უფროსი იყო და ერთი პერიოდი დედაც იყო ჩემთვის, დაც, მერე უკვე – შვილიც. ჩემი დის შვილებიც, ასე შეიძლება ითქვას, ჩემი შვილები გახდნენ. ვფიქრობ, რომ იქ, სადაც სიყვარულია, ჩემი მხრიდან განსაკუთრებული არაფერია საჭირო. ჩემი დის შვილი სპეციალური საჭიროებების მქონეა. მისგან ხშირად ვსწავლობ, რას ნიშნავს ბედნიერება. ვხვდები, რომ აუცილებელი არ არის, ყველაფერი იდეალურად იყოს იმისთვის, რომ თავი ბედნიერად იგრძნო. ზოგჯერ ერთი ჩახუტებაც საკმარისია – როცა ის შენ გვერდითაა და გეხუტება. ჩემს დისშვილებში ჩემი დის სიცოცხლის გაგრძელებას ვხედავ.

დიდხანს ველოდი იმ მომენტს, როცა ჩემს შვილს ყველაფერს მოვუყვებოდი – ჩემს განცდებსა და ტკივილზე. ეს მოულოდნელად მოხდა, ჩვენი საუბრის დროს და იმხელა მხარდაჭერა ვიგრძენი, რომ, თითქოს თავიდან დავიბადე. როცა ცდილობ, შვილს საკუთარი განცდები და ტკივილი დაუმალო, გგონია, რომ ამით მას ტვირთს უმსუბუქებ. ახლაც ვნერვიულობ, როცა ჩემს გარემოცვაში მიყურებენ და ხედავენ, რამდენი პრობლემა მაქვს. ამის მიუხედავად, ვალდებულად გრძნობ თავს, რომ შვილებს ეს ტვირთი შევუმსუბუქო. ყველა ბავშვი გრძნობს, რა ხდება დედის გულში. სწორედ ამიტომ ავაშენეთ ის ძლიერი ხიდი, რომელიც ჩვენ გვაკავშირებს მაშინაც კი, როცა მათ გვერდით არ ვარ. ზუსტად ვიცი, რომ მათ ესმით ჩემი.”