“მე მჯერა რომ ყველა ადამიანს ჰყავს თავისი მეორე ნახევარი – შენი ადამიანი უნდა იპოვო”

მსახიობი ნინო გაჩეჩილაძე ვიკა ბუკიას საავტორო გადაცემის, „ვიკასთან“, სტუმარი იყო. გადაცემაში მსახიობმა ღიად ისაუბრა პირად ცხოვრებაზე, საზოგადოების მხრიდან არსებულ მოლოდინებსა და ოჯახის შექმნის მიმართ საკუთარ დამოკიდებულებაზე.

“ისე დაიღალა ხალხი იმის კითხვით, თუ რატომ არ ვთხოვდები, რომ აღარც მეკითხებიან. იციან, რომ მე როგორც მინდა, მაინც ისე ვიქნები. უტაქტო კითხვაა, მაგრამ მათი მხრიდანაც გასაგებია: კეთილისმსურველები არიან, შენი ბედნიერება და კარგად ყოფნა უნდათ – მათი მხრიდან ეს მესმის. იქნებ მე ასეც ბედნიერი ვარ, მაგრამ ამას ვერ ხვდებიან, იმიტომ, რომ იმას არ გეკითხებიან, შენ რა გინდა, მხოლოდ თავიანთი გადმოსახედიდან გესაუბრებიან.

მე მგონია, რომ თუ ოჯახს ქმნი, ის უნდა იყოს მყარი და აბსოლუტურად დარწმუნებული უნდა იყო შენს არჩევანში. ვინც ოჯახს ადრეულ ასაკში ქმნის, ის დარწმუნებული არ არის. პასუხისმგებლობის გაცნობიერება არის მთავარი. ჩემს დას რომ ვუყურებ, ჰყავს ორი ანგელოზივით ბავშვი – ამას რამხელა შრომა, ყურადღება და ენერგია სჭირდება. იმდენი დრო და ენერგია მიაქვს, რომ სანამ ადამიანი ამას ვერ აცნობიერებს, მანამ ოჯახი არ უნდა შექმნას. ჩათვალე, რომ შენი თავი ამისთვის უნდა გადადო.

მე მჯერა, რომ ყველა ადამიანს ჰყავს თავისი მეორე ნახევარი და შენი ადამიანი უნდა იპოვო. როცა შეხვდები, მაშინ მიხვდები, რომ ის არის. ეს მომენტი კი ცხოვრებაში ჯერ არ მქონია. როდესაც დავინახავ და მივხვდები, რომ ის ჩემი ადამიანია, მერე ალბათ სხვა სურვილები გამიჩნდება,” – ამბობს ნინო.