ტელეწამყვანი მაია ასათიანი სოფო ჯაფარიძის გადაცემა „მედგიდის“ სტუმარი იყო, სადაც საკუთარ ყოველდღიურობაზე, დღის რეჟიმსა და კვების ჩვევებზე ღიად ისაუბრა.
როგორც ტელეწამყვანმა აღნიშნა, წლების განმავლობაში მისი სამუშაო გრაფიკი იმდენად დატვირთული იყო, რომ სახლში დაბრუნება მხოლოდ გვიან ღამით უწევდა. საუბრისას კი ყურადღება გამახვილა ჯანსაღი ცხოვრების წესზე, ძილისა და კვების რეჟიმზე.
“ნუცას შემდეგ ძალიან მიმძიმდა ცარიელ სახლში შესვლა. სადღაც 8-9 საათზე, ზოგჯერ 12 საათზეც გამოვდიოდი „რუსთავი 2“-დან, მხოლოდ გადავივლებდი და დღეც დასრულებული იყო. ამას იმდენად მივეჩვიე, რომ როდესაც სადმე მეპატიჟებიან – მაგალითად, კინოში 08:30 საათზე – ვამბობ: „არა“, იმიტომ რომ უნდა დავიძინო. ჩემი მეგობრები ამაზე იცინიან, მაგრამ, მართლა, სხვანაირად არ შემიძლია.
ჯანსაღი ცხოვრების წესს რაც შეეხება, რეჟიმი დაცული მაქვს, ოღონდ მთლად ბოლომდე ვერ დავიტრაბახებ, რომ სწორად ვიქცევი – 6 საათის შემდეგ ნამდვილად აღარ მივირთმევ. ერთადერთი პრობლემა ის მქონდა, რომ ნუცას შემდეგ ხორცს ვერ მივირთმევდი – ვერც ქათმისას და ვერც სხვა ნებისმიერს.
ეს რა ფსიქოლოგიური მომენტი იყო, არ ვიცი. შესაბამისად, არასწორად ითვლება, თითქოს რაციონში ხორცის არყოფნა კარგია. ეს არ არის კარგი. ძალიან ხშირად ვეგანები ამის პროპაგანდას ეწევიან, თუმცა ორივე სამედიცინო სფეროში ხართ და დამეთანხმებით, რომ ეს სასარგებლო არ არის – ჰემოგლობინი დამიქვეითდა და რკინის დონეც დამეცა. წელს ვაიძულე ჩემი თავი და ნელ-ნელა ხორცის ჭამა დავიწყე,” – ამბობს მაია.