“საკუთარ თავთან კომპრომისზე ვერ წავედი…ის ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანი იყო ჩემს ცხოვრებაში”

გასულ წელს ცნობილი გახდა, რომ UFC-ის ქართველი ჩემპიონი ილია თოფურია და მისი მეუღლე, ჯორჯინა უზკატეგია ერთმანეთს დაშორდნენ. წყვილის განქორწინების ამბავმა მსოფლიო მედიის ყურადღება მალევე მიიპყრო, ხოლო მათი ურთიერთობის გარკვევის პროცესი სასამართლომდეც კი მივიდა.

ცოტა ხნის წინ ჯორჯინამ ესპანელ ჟურნალისტ ხოსუე მორენოსთან ინტერვიუში განქორწინების რთულ პერიოდსა და მიღებულ გადაწყვეტილებაზე გულახდილად ისაუბრა. მისი თქმით, ოჯახის დანგრევა განსაკუთრებით მტკივნეული აღმოჩნდა.

“გულწრფელად რომ ვთქვა, განქორწინების გადატანა ძალიან რთულია, რადგან ჩემს შემთხვევაში გადავწყვიტე, მთელი ცხოვრებით დავქორწინებულიყავი. და როცა ამას წყვეტ, სახავ ცხოვრებისეულ გეგმას, გგონია, რომ ეს შენი ცხოვრების სიყვარულია, ფიქრობ, რომ ბოლო დღეს ერთმანეთს თვალებში ჩახედავთ და დაინახავთ ყველაფერს, რაც ერთად შექმენით. როცა ხედავ, რომ ეს არ გამოდის, რა თქმა უნდა, შენში არსებული ბევრი ჭეშმარიტება იმსხვრევა და ეს ძალიან, ძალიან მტკივნეული მომენტია. ფიქრობ, რის დათმობაზე ხარ მზად და რაზე – არა. ჩემს შემთხვევაში, საკუთარ თავთან კომპრომისზე ვერ წავედი, რომ ეს ურთიერთობა გამეგრძელებინა. ყოველ შემთხვევაში, მას საუკეთესოს ვუსურვებ, რადგან ჩემი ქალიშვილის მამაა.

ის ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანი იყო ჩემს ცხოვრებაში, მაგრამ დღეს ჩვენი გზები გაიყო. როცა შვილები გყავს, გაქვს დიდი პასუხისმგებლობა იმისა, თუ რა მაგალითს მისცემ მათ. ეს არ არის მარტივი გადაწყვეტილებები, არ არის მარტივი პროცესი, მაგრამ ჩემს შემთხვევაში ვფიქრობ, რომ ეს იყო საუკეთესო გადაწყვეტილება, რაც კი შემეძლო მიმეღო” – ამბობს ჯორჯინა.