კულტურის პალატის პრეზიდენტი დავით ოქიტაშვილი ემიგრაციაში მყოფი მომღერლის, ზურაბ დოიჯაშვილის დასახმარებლად სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს.
„ჩემო ძვირფასებო! საქართველოს კულტურის პალატა რამდენიმე კვირაა ვმუშაობთ პროექტზე, რომლის მეშვეობითაც ცნობილ ქართველ მომღერალს ზურაბ დოიჯაშვილს დავეხმარებით და მძიმე სენით შეპყრობილს დავაბრუნებთ საქართველოში ისრაელიდან საჰაერო სამედიცინო რეანიმობილით!
მიუხედავად მსოფლიოში და საქართველოში არსებული მძიმე მდგომარეობისა, რომელიც გამოწვეულია პანდემიით, უამრავი გულშემატკივარი გვეხმაურება, გამოთქვამს დახმარების სურვილს! თქვენი თუნდაც მცირე დახმარება, მნიშვნელოვანია, რამეთუ შესაგროვებელია საჰაერო რეანიმობილისთვის საჭირო თანხა 66 000 ათასი ლარი (20 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში).
საქართველოს კულტურის პალატა ამზადებს მარათონს. კავშირი გვაქვს ზურა დოიჯაშვილის მეუღლესთან, ქალბატონ ქეთისთან. ნებისმიერ მსურველს, რომელსაც უყვარს ზურა და მისი შემოქმედება, შეუძლია ჩაერთოს ამ საქველმოქმედო აქციაში.
მარათონი გაიმართება 18 დეკემბერს, დილით, 09:15 საათიდან 10:00 საათამდე საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირ ეთერში. მარათონში მონაწილეობას მიიღებენ ზურა დოიჯაშვილის მეგობრები, მისი კოლეგები.
ამავე დღეს, თბილისში, ფილარმონიის დიდი საკონცერტო დარბაზის მიმდებარედ გაიხსნება ზურაბ დოიჯაშვილის სახელობის ვარსკვლავი. საქართველოს კულტურის პალატა გამოაქვეყნებს ამ დღეებში ჩვენი პარტნიორი ორგანიზაციის მიერ ზურაბ დოიჯაშვილისთვის გახსნილ სპეციალურ ანგარიშს, სადაც ნებისმიერ მსურველს შეეძლება თანხის ჩარიცხვა.
მოგვწერეთ საქართველოს კულტურის პალატის ოფიციალურ ელექტრონულ ფოსტაზე gcc0106@gmail.com
დიდი მადლობა საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელს გვერდში დგომისა და დახმარებისთვის! ჩვენ ყველა ერთად დავაბრუნებთ ზურას საქართველოში!“ – წერს დავით ოქიტაშვილი.