სოციალურ ქსელში 1997 წელს გადაღებული ვიდეო გავრცელდა, სადაც აღბეჭდილია მსახიობ ვანესა რედგრეივის თბილისში ვიზიტის კადრები, რომლებიც “ედუარდ შევარდნაძის ცენტრმა” გამოაქვეყნა. კადრები გენიალური მსახიობის ვიზიტს ასახავს, ვიდეოში ასევე ჩანს ზურაბ ჟვანია, ნანი ბრეგვაძე, ლანა ღოღობერიძე და ედუარდ შევარდნაძე: “თეატრალური პაუზა საახალწლო განწყობისთვის …
ახალი წელი ახლოვდება, დღესასწაული, რომელიც ყველაზე რთულ დროშიც კი ადამიანისთვის იმედისა და სიხარულის მომტანია – ასე იყო გასული საუკუნის 90-იან წლებშიც, საბჭოთა სისტემის ნგრევისა და დამოუკიდებელი საქართველოს დაფუძნების მძიმე, წინააღმდეგობებით სავსე, მაგრამ მაინც საინტერესო წლებში. ალბათ, ძნელი წარმოსადგენია, რომ ჩვენი ქვეყნის იმდროინდელ კულტურულ ცხოვრებაში არსებობდა და ფუნქციონირებდა ყველა თეატრი, რეგიონების ჩათვლით. იდგმებოდა სპექტაკლები, ფუძნდებოდა ფესტივალები და სტუმრად ჩამოდიოდნენ უცხოელი არტისტები. 1997 წელს, რეჟისორ ქეთი დოლიძის ინიციატივითა და ძალისხმევით, დაარსდა მიხეილ თუმანიშვილის სახელობის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი „საჩუქარი“ – GIFT. მას მხარს უჭერდნენ ისეთი დიდი ხელოვანები, როგორებიც არიან: პიტერ ბრუკი, ანჯეი ვაიდა, ვანესა რედგრეივი, მაიკლ კანი და სხვები. სწორედ ვანესა რედგრეივს მიადევნებთ თვალს ჩვენ მიერ შემოთავაზებულ ვიდეოში, რომელიც ფესტივალის გახსნის შემდეგ მერიის შენობაში გამართული საღამოს ეპიზოდს ასახავს”.