აგნესა ფილმიდან “უძინართა მზე” – როგორ გამოიყურება, სად არის და რას საქმიანობს ერთ დროს ყველაზე პოპულარული გოგონა საქართველოში?

აგნესა და ეკა – ჟურნალისტ ეკა საათაშვილს დღემდე ორი სახელით მიმართავენ. 25 წელზე მეტია გასული, რაც ეკრანებზე თემურ ბაბლუანის ფილმი “უძინართა მზე” გამოვიდა, მაგრამ ეკას მის პერსონაჟზე, აგნესაზე, დღემდე უსვამენ კითხვებს, ინტერესდებიან, როგორ შეარჩიეს როლზე, როგორი იყო გადაღებები და ა.შ. მასაც არასოდეს ბეზრდება პასუხების გაცემა და ყოველთვის დიდი სიამოვნებით საუბრობს იმ ერთადერთ როლზე, რომელმაც ასე დაამახსოვრა ხალხს თავი.

– ეკა, ჩვენც ვერ ავცდებით კითხვას, როგორ მოხვდით პატარა გოგონა ფილმში, რომელიც დღემდე ძალიან პოპულარულია და ყველა თაობა უყურებს. კიდევ ერთხელ მოყევით ეს ისტორია.

– ეს ამბავი ისეთ დროს დაიწყო, როდესაც ბევრი არაფერი ვიცოდი კინოს შესახებ. არც ის ვიცოდი, როგორ ხდებოდა გადაღება, სახლები პავილიონებში რომ იყო აშენებული… მოკლედ, ამ სფეროსთან არანაირი შეხება არ მქონდა.

ანსამბლ “მართვესთან” არსებულ გოგონების გუნდში ვმღეროდი, რომელსაც “ბინული” ერქვა. იქ მოვიდა რეჟისორის ასისტენტი და მეორე დღეს კინოსტუდიაში დამიბარეს. რეჟისორმა თემურ ბაბლუანმა როცა მნახა, რამდენიმე მოკლე დავალება შემასრულებინა და იმ დღესვე გადაწყვიტა, მთავარ როლზე ავეყვანე. როგორც მოგვიანებით მივხვდი, ძალიან ვგავდი დედის როლის შემსრულებელს, ლია ბაბლუანს (თემურ ბაბლუანის ცოლი – ავტ.). ვფიქრობ, ჩემს სამსახიობო მონაცემებზე მეტად გადამწყვეტი როლი ამ მსგავსებამ ითამაშა.

– გარდა იმისა, რომ ამ როლით უზომოდ პოპულარული გახდით, თქვენს პიროვნებაზე რა კვალი დატოვა ამ ფილმმა, რა ცვლილებები მოხდა თქვენში?

– მეტი პასუხისმგებლობა გამიჩნდა. ხალხი ქუჩაში მცნობდა, მეტროში მაჩერებდნენ და ნიძლავს იგებდნენ. ასევე მომიტანა ბევრი ურთიერთობა. აგნესასთან დაწყებული მეგობრობა შემდეგ რეალურ ეკასთან ურთიერთობით გაგრძელდა.

– ალბათ ფილმის შესახებ უამრავ კითხვას გისვამენ. ბევრი ინტერესდება, რატომ ჩაუშალა თქვენმა გმირმა მამას ექსპერიმენტი, რატომ გაუშვა თაგვები. თქვენ როგორ ხსნით აგნესას საქციელს?

– მთელი ცხოვრება ეს კითხვა მესმის და მარტივი პასუხი ვიპოვე: რეჟისორმა გაუშვა და მე დამაბრალეს. ეს, რა თქმა უნდა, ხუმრობით. რეალურად კი ეს იყო აგნესას ამბოხი, მას სურდა, მამის ქცევები და ოჯახის ცხოვრება შეეცვალა.

– ფილმის გამოსვლიდან დღემდე ცხოვრობთ ორი სახელით – ეკა და აგნესა. რა მსგავსება და განსხვავებაა თქვენსა და აგნესას შორის?

– ამ ორი სახელით ცხოვრებას მივეჩვიე. განსხვავება ის არის, რომ ადამიანების შეცვლას არ ვცდილობ და, მით უმეტეს, ასეთი რადიკალური ნაბიჯებით. ადამიანებს ვიღებ და მიყვარს თავიანთი სისუსტეებით, დადებითი და უარყოფითი მხარეებით. რაც შეეხება მსგავსებას, კარტოფილის შეწვა მეც ვიცი.

– ფილმში კიდევ ერთი არაპროფესიონალი მსახიობი თამაშობს, რომელმაც ასევე დაუვიწყარი სახე შექმნა – დავით კაზიშვილი. როგორ დაამტკიცეს ის როლზე და მასთან თუ გაქვთ ურთიერთობა?

– მგონი, ამ როლისთვის მთელ თბილისში უღებდნენ ფოტოებს მისი ასაკის ბიჭებს. დათოს გაესაუბრნენ და ბოლოს არჩევანი მასზე გაკეთდა. ეს მანამდე იყო, სანამ აგნესას როლზე დამამტკიცებდნენ. რა თქმა უნდა, მასთან კონტაქტი მაქვს. 15 ოქტომბერს დაბადების დღე ჰქონდა. დავურეკე და პირობა დავდეთ, რომ ამ წელში მაინც ვნახავთ ერთმანეთს.

დათო მონასტერშია. ან მე უნდა ჩავიდე იქ, ან, ის თუ ჩამოვა თბილისში, უნდა დამირეკოს. ასეთი შეთანხმება დავდეთ და ვნახოთ, როგორ შევასრულებთ.

– დღეს რას საქმიანობთ?

– 25 წელია ჟურნალისტიკაში ვარ, სხვადასხვა მედიაში ვმუშაობდი – ტელეკომპანიებში, გაზეთებში, საინფორმაციო სააგენტოებში. 20 წელი რადიო “ფორტუნაში” ვიყავი, რომელიც ჩემი სახლია. ეს რადიო ცოტა ხნის წინ დავტოვე. ახლა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში ვარ.

– ხომ არ ნანობთ, რომ მსახიობობა არ აირჩიეთ პროფესიად?

– არ ვნანობ. ისე გადამიღეს ფილმში, რომ საერთოდ ვერ გავითავისე, რა ხდებოდა. წლების შემდეგ მივხვდი, რომ გამიმართლა, ერთხელ ვითამაშე ერთი როლი, მაგრამ ისეთ ფილმში, როგორიც “უძინართა მზეა”.

– როგორ განვითარდა თქვენი პირადი ცხოვრება?

– ამ თემაზე საუბარი არ მიყვარს და ვერც თქვენ გიპასუხებთ. ბოდიში.

www.itar.ge