“არ მინდა რუსეთი არც ფულისთვის, არც ბროლის კოშკებისთვის”

მომღერალი სოფო ბათილაშვილი სოციალურ ქსელში ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება და წერს, რომ მას რუსეთი და რუსული პოლიტიკა არ სურს, მისთვის უზენაესი საქართველოს თავისუფლებაა და ამიტომ, არც რუსულ შოუბიზნესში ჩართვა უნდა.

„ყველას გაქცევა უნდა აქედან, ყველას, ვისზეც სახელმწიფო წესით, იმედს უნდა ამყარებდეს.

ძალიან ძნელია, ვინმე ამის გამო გააკრიტიკო, იმდენად არასტაბილურ, ჩამყაყებულ და სრულიად მორღვეულ ქვეყანაში ვცხოვრობთ, სადაც ოდნავი სანდოობის განცდაც კი არ გაქვს.

რაც დილის გადაცემაში ვმუშაობ, უფრო ახლოს მომიწია სხვადასხვა სფეროებში დამდგარ პრობლემებთან სახის გასწორება და უფრო მეტად მაღიზიანებს ხელისუფლების უსაქმურობა.

მელიას დაიჭერდნენ თუ ტურას, აქ ამაზე არაა საუბარი. აქ იმაზეა საუბარი, რომ ოპოზიციაზე შურისძიება იყო მოტივი და არა კანონი. კანონი და მორალური ღირებულებები რომ ადარდებდეთ, გავრილოვს პარლამენტში ურცხვად არ გამოსვამდნენ.

კანონის აღსრულების მოტივით ოპოზიციური ლიდერი დაიჭირეს მათ, ვინც არჩევნები გააყალბა და საკუთარი ოჯახის წევრებს, ნათესავებს, მეგობრებს, შვილებს ხმები მოპარა.

ჩრდილოეთზე ბევრი მსმენია და ზუსტად ვიცი, რომ საერთოდ არ მინდა მაგ რეალობაში ცხოვრება.

არ მინდა რუსული პოლიტიკა, არ მინდა რუსეთი! არ მინდა არც კარიერული წარმატებისთვის, არც ფულისთვის და არც რამენაირი ბროლის კოშკებისთვის.

ჩემი ქვეყნის თავისუფლებაზე უზენაესი ღირებულება არ არსებობს ბუნებაში.” – წერს მომღერალი.