“ცინიკოსი გავხდი, ეს ალბათ, ადამიანის თავდაცვის მექანიზმია”

მსახიობ დიმიტრი ტატიშვილის ბავშვობა ძალიან გამორჩეული და თავგადასავლებით სავსე ყოფილა. დაუმორჩილებლობისა და საოცარი სიცელქის გამო, ხიფათებსაც ხშირად გადაჰყრია და არაერთხელაც დაუსჯიათ, რასაც პროტესტის გარეშე არ ხვდებოდა.

დიმიტრი ტატიშვილი: მარტივი ბავშვი არ ვყოფილვარ. სახლში ჩემი გაჩერება სახიფათო იყო და ბაღში ადრევე წამიყვანეს. მით უმეტეს, ჩემი მშობლები მსახიობები იყვნენ, თეატრში ძალიან დაკავებულები და მარტო ბებია ვერ მიმკლავდებოდა (იცინის). ერთხელ, სახლში სკამს ცეცხლი წავუკიდე, მაშინაც ბაღში დავდიოდი. ძალიან არ მომწონდა, იქ რომ შუადღეს გვაძინებდნენ. რადგან არ მომწონდა, ვერც ვიძინებდი და ვხმაურობდი. მერე ცდილობდნენ, გავეჩუმებინეთ, მაგრამ ჩემი გაჩუმება ასე მარტივი არ იყო (იცინის).

ერთი ძალიან კარგი გოგო იყო ბაღში და ცნობილ და ძალიან „ჭკვიანურ“ კითხვას რომ უსვამდნენ იმის შესახებ, დედა უფრო უყვარდა თუ მამა, ის პასუხობდა, დიმაო (იცინის). ძალიან ლამაზი და საყვარელი გოგო იყო, მაგრამ ამ ისტორიას განვითარება არ მოჰყოლია (იცინის).

– სკოლაშიც ძალიან ცელქი იყავით?

– კი, სკოლაშიც საკმაოდ ცელქი ვიყავი. გაკვეთილზე ვლაპარაკობდი, დასვენებებზე ვგიჟობდი. ისე ვიქცეოდი, როგორც არ შეეფერებოდა ნამდვილ ოქტომბრელს, მერე – ნამდვილ პიონერს, მერე – ნამდვილ კომკავშირელს (იცინის). ეს სტატუსები ჩემთვის არაფერს ნიშნავდა. მერე მივხვდი, რომ სიმახინჯე იყო, მაშინ უბრალოდ, არ მაინტერესებდა და ფეხსახვევებისა და ყელსახვევების ტარების ვალდებულობა სრულ სისულელედ მიმაჩნდა.

ხუთოსანი არასდროს ვყოფილვარ, თუმცა ნორმალურად ვსწავლობდი. რომელი საგნებიც მომწონდა, ვიცოდი. მეცადინეობა დიდად არ მიყვარდა, მაგრამ წაკითხული ადვილად მამახსოვრდებოდა. საათობით წიგნებზე „თავის რტყმევა“ ჩემი არასდროს ყოფილა, თუმცა ამით არ ვამაყობ. ჯობდა, ბევრი ცოდნა მიმეღო, მაგრამ როგორც მოხდა, ისე მოხდა.

– მაშინდელი დასჯის მეთოდები მკაცრი იყო, არ იყენებდნენ თქვენ მიმართ?

– მაყენებდნენ კუთხეში, მაგდებდნენ კლასიდან, რაც ძალიან მიხაროდა, მაგრამ იმათთვის მთავარი იყო, ჩემი ლაპარაკით ხელი არ შემეშალა. რომ ვჩურჩულებდი, მაშინაც კი ისმოდა ჩემი ხმა. რამდენად ჩუმადაც არ უნდა მეთქვა რამე, ყველა მცნობდა, რომ მე ვიყავი. რადგან ყველამ იცოდა ჩემი სიცელქის ამბავი, ბევრიც მბრალდებოდა, მაგრამ არასდროს გავჩუმებულვარ. არასდროს მომიხდია ბოდიში იმის გამო, რაც მე არ ჩამიდენია. რაც არ მეკუთვნის, იმას არ მივიღებ, არც ქებას და არც დატუქსვას.

ვცდილობდი, პიონერთა ყელსახვევი არ მეტარებინა და სულ ამაზე მეჩხუბებოდნენ. ერთხელ, მამაჩემი დაიბარეს და შესჩივლეს, თქვენი შვილი ყელსახვევს იხსნის გაკვეთილებზეო. მამამ ჰკითხა, სკოლაში ხომ ატარებსო. კიო, უპასუხეს. ჰოდა, რაღა გინდათო?! ამაზე სულ გაგიჟდნენ და ხელი ჩაიქნიეს (იცინის).

მამა ძალიან კარგად გვზრდიდა. მე არ მიყვარდა თავზე ქუდის დაფარება. ბავშვებს სიცივეში ხომ აიძულებენ ქუდის ტარებას, მაგრამ მე ყოველთვის ვიხსნიდი. მამამ პატარა თუშური ქუდი მიყიდა და მითხრა, ასეთ ქუდებს ჩვენი წინაპრები მუზარადის ქვეშ იფარებდნენ, რომ თავი არ სტკენოდათ რკინისგანო. ეს მომეწონა და იმ ქუდს აღარ ვიხდიდი. მამა ილია ჭავჭავაძის ღირებულებებით გვზრდიდა, მის შესახებ გვიყვებოდა. 1918 წელს პაპაჩემს ხელი აქვს მოწერილი საქართველოს დამოუკიდებლობის აქტზე. ასეთ ოჯახში ვარ გაზრდილი.

– ხიფათიანი თუ იყავით?

– მახსოვს, პატარა ვიყავი, ჯერ სკოლაში არ დავდიოდი და დავეცი, მაშინ პირველად ვნახე, როგორ ჟონავდა მუხლიდან სისხლი. მახსოვს, რომ რკინის მაკრატლით გადავჭერი ანთებული ტორშერის სადენი, რა თქმა უნდა, დენმა დამარტყა, მაგრამ ცოცხალი ვარ, როგორც ხედავთ (იცინის). სამი წლის ვიქნებოდი, კედლის კუთხეს ისეთი ძალით დავეტაკე, კანი გამისკდა და სისხლით ვიყავი მოსვრილი, სულ წითელი ვიყავი და მახსოვს პანიკაში ჩავარდნილი ჩემი მშობლები.

– მშობლებისთვის დიდი თავის ტკივილი ყოფილხართ.

– წყალი მიყვარდა ძალიან. აბაზანას გამივსებდნენ წლით, სათამაშო გემებს ჩამიწყობდნენ, მეც ჩავჯდებოდი და ვერთობოდი. ეს იყო ეფექტური მეთოდი ჩემს მოსადუნებლად და ჩემი მშობლებიც ცოტას ისვენებდნენ (იცინის).

– ბაღში ერთ გოგოს ჰყვარებიხართ, სკოლაში რა ხდებოდა?

– ხომ არიან ადამიანები ბევრი შეყვარებულით, სკოლაში მე არცერთი შეყვარებული არ მყოლია. ის გოგო, ბაღიდან, სხვა სკოლაში შეიყვანეს (იცინის). სკოლაში ვიღაც გოგოებს მოვწონდი, მაგრამ მე მართლა არავინ შემყვარებია. ასე მოხდა. მყავდა მეგობრები, რომლებიც სულ შეყვარებულები იყვნენ და სულ ვიღაცის გამო იტანჯებოდნენ (იცინის). მე სულ მეცინებოდა და ახლაც მეცინება ასეთ რამეებზე.

– ცოტა რომ წამოიზარდეთ, ვის ან რის მიმართ გქონდათ პროტესტი? დედა უკვე გარდაცვლილი გყავდათ, მერე მამაც მალე გარდაიცვალა და ამ ასაკში ეს დიდ ტკივილთან ერთად, აგრესიასაც იწვევს.

– ცინიკოსი გავხდი. ეს, ალბათ, ადამიანის თავდაცვის მექანიზმია. ყველას ვეტლიკინებოდი – მასწავლებელსაც და დირექტორსაც. სკოლა ხომ ნახევრად გასამხედროებული იყო და თმის გაკრეჭვას გვაიძულებდნენ. მე არ ვიკრეჭდი. ძალიან გრძელი თმით დავდიოდი. ბოლო ორი წელი სამოქალაქო თავდაცვის გაკვეთილები გვქონდა. რუსი კაცი, მეორე რანგის კაპიტანი გვასწავლიდა. თმის გამო სულ მეჩხუბებოდა და ვეკითხებოდი, რომელი კანონის მიხედვით მეკუთვნის თმის გაკრეჭა-მეთქი?! ლოგიკური პასუხი რომ არ ჰქონდა, მეუბნებოდა, კაცი ხარ და გოგოსავით ნუ დადიხარო. ათოსი, პორთოსი, არამისი და დარტანიანი გოგოები იყვნენ-მეთქი? – ვკითხე. მერე დირექტორთან მიჩივლა, ტატიშვილი გრძელი თმით დადის და თან მეტლიკინებაო (იცინის).

– ეჭვი არ შეგქონდათ საკუთარ თავში იმის გამო, რომ ვიღაცები საპირისპიროს გიმტკიცებდნენ?

– არა, რა თქმა უნდა. მე მამაჩემის უფრო მჯეროდა, ვიდრე დირექტორისა და სასწავლო ნაწილის. ცხოვრებაში ერთი წუთით არ მინანია იმის გამო, რომ მამაჩემის მაგალითებით ვცხოვრობდი.

ვიცოდი, რომ მსგავს მომენტებში არ უნდა შევპასუხებოდი ადამიანებს, მაგრამ თავს ვერ ვიკავებდი და გაკეთებით, ხომ, ჩემსას ვაკეთებდი და ვაკეთებდი. ბოროტებას არ ჩავდიოდი, არავის ვვნებდი, უბრალოდ, თავისუფლად ვაზროვნებდი, ამას მშობლები მაჩვევდნენ, ცდილობდნენ, დამოუკიდებელი ვყოფილიყავი. ამაში ცხოვრებამაც შემიწყო ხელი, მშობლები ადრე გარდამეცვალნენ, ჩემი ბავშვობა მალე დამთავრდა და დამოუკიდებელი გავხდი. მას შემდეგ ვერ ვიტან ადამიანებს, რომლებიც მორალისტობენ და „როგორც მიღებულია“, ისე მოქცევას მოითხოვენ შენგან. მათი გავლენის ქვეშ არასდროს ვექცევი და თავს არასდროს ვუქნევ. თავისუფალი ადამიანი ვარ და თავისუფალ ადამიანებთან მიყვარს ურთიერთობა. „ის დირექტორია“ და მისი შიშით ხმას ვერ იღებენ, ეს არასწორი მგონია. თეატრში იციან ხოლმე ასე. მე არ მყავს დირექტორი, დირექტორი ჰყავს მარჯანიშვილის თეატრს. იგივეა ტელევიზიაში, მას ჰყავს დირექტორი და არა – მე. კულტურის მინისტრი ჩემი უფროსი კი არ არის, მინისტრია და ჩემი, როგორც გადასახადების გადამხდელის ფულით ცხოვრობს. ის ხალხის მოსამსახურეა და არა პირიქით, როგორც საბჭოთა დროს გვინერგავდნენ იმას, რომ ბატონის სიტყვა იყო კანონი და ის არის მამა და მარჩენალი. უფროს ადამიანს პატივს ვცემ ასაკის გამო, მაგრამ არავის აქვს უფლება, მიკარნახოს, როგორ მოვიქცე და არც არავისთვის არასდროს მიმიცია ასე მოქცევის უფლება. არც მე ვარიგებ ჩემზე პატარებს ჭკუას და არ ვკარნახობ, როგორ მოიქცნენ.